სამართალი

ახალციხეში 70 სული საქონელი მოიპარეს

ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქში 4 ადგილობრივს 70 სული საქონელი მოპარეს. დაზარალებულები ეჭვობენ რომ პირუტყვი მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში გადაიყვანეს. 

„სამხრეთის კარიბჭე“-ს ინფორმაციით, ჭაჭარაქში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საქონელი თურქეთის საზღვართან მდებარე ე.წ. უზუნჩაირის მთიდან 30 ივნისს, გამთენიისას მოპარეს.

„ძროხები მთაში ორი კვირის წინ წავიყვანეთ. იმ დღეს, როცა ქურდობა მოხდა ჩემი ვაჟი და ერთი მწყემსი იყო მხოლოდ. მე დამირეკეს მთიდან და მითხრეს, საქონელს ვერ ვპოულობთ და კვალი თურქეთის საზღვართან იკარგებაო, დავრეკე 112–ში. პოლიცია მაშინვე ავიდა მთაზე“, – ამბობს ჭაჭარაქში მცხოვრები მარინა ოქრომელიძე.

მარინა ამბობს, რომ 70 დაკარგული პირუტყვიდან 9 მის ოჯახს ეკუთვნის.

„შერჩევით დიდი ძროხები წაუყვანიათ. 25 არამ ბეგოიანისაა, 20 გოქორ ბეგოიანის და 15 სტეფან მინასიანის, დანარჩენი არ ვიცი. ისინი ახლა მთაში არიან წასულები და ეძებენ. თუ ახლავე ჩვენი სახელმწიფო თურქეთის საზღვარს და მთავრობას არ დაუკავშირდება, ისე გააქრობენ ჩვენს საქონელს, რომ კვალსაც ვერ ვიპოვით. კრედიტით გვყავს საქონელი ნაყიდი, არ ვიცით რა ვქნათ, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვაინტერესებს, საქონელი დაგვიბრუნონ უკან“, – გვითხრა მარინა ოქრომელიძემ.

მარინა ოქრომელიძის ვაჟი მკრტიჩ ელბაკიანი, ერთ–ერთია იმ ადგილობრივებს შორის, რომელიც გასულ კვირას მომთაბარე მწყემსებისგან დაზიანებული საძოვრების პრობლემასთან დაკავშირებით, მხარის რწმუნებულს შეხვდნენ. იგი ფიქრობს, რომ მათი საქონლის მოპარვაში მომთაბარე მწყემსები მონაწილეობდნენ.

„14 000 სული ცხვარი და 500 სული ძროხა ჰყავთ თურქებს ჩვენს მთაზე. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს თურქები მონაწილეობდნენ ჩვენი პირუტყვის მოპარვის საქმეში. ჩვენი ძროხები გადაიყვანეს თურქეთის ე.წ. შავანიდელის მთაზე, კვალიც ჩანს“, – ამბობს მკრტიჩ ელბაკიანი.

მისი თქმით, ამ დროსითვის 70 სული საქონელია დაკარგული, 4 ძროხა მესაზღვრეებმა იპოვეს და დააბრუნეს.

საქმეზე შსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close