Slider

„მშობელსაც კი აღარ უნდა შვილებით უკან მობრუნებული ქალი“ – ოთხი შვილის დედას ქუჩაში დარჩენა ემუქრება

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედა  სახელმწიფოს დახმარების გარეშე შესაძლოა, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს – „პროგრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის ლიდერი თამარ დადიანი ესაუბრა:

_ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული  კონკრეტული ღონისძიებების მიუხედავად, ქალთან მიმართებაში საქართველოში ბევრი საკითხი ისევ თავდაყირა დგას. ოჯახური ძალადობა თითქოს მოდად გვექცა, ამიტომ უამრავი ქალი სახელმწიფოსგან უფრო ქმედით და რეალურ დახმარებას ელის. ახალგაზრდა ქალბატონი, რომელზეც უნდა გიამბოთ, 35 წლის ნინი მამულაშვილია.  ნინის მიმართ ოჯახურ ძალადობას ჰქნოდა ადგილი, რასაც წლების მანძილზე უძლებდა და როცა ვითარება აუტანელი გახდა, ქმრის ოჯახი დატოვა. იმის გამო, რომ თბილისთან შედარებით, რუსთავში ბინის ქირა იაფია, ერთხანს რუსთავს შეეკედლა. ნინის უფროსი შვილი 8 წლისაა, უმცროსი 11 თვის. მოგეხსენებათ, ოთხი ასეთი პატარა ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება რამდენ საფრთხესთან არის დაკავშირებული, ამიტომ მუშაობა ვერ შეძლო და ერთი წლის მანძილზე რუსთავის მერიას და საკრებულოს დახმარებას თხოვდა, რომ ბინის ქირა გადაეხადა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლი, მრავალშვილიანი დედა და სოციალურად დაუცველია, ვერცერთ პროექტში ვერ მოხვდა. შესაბამისად, სამი თვის მანძილზე ქირის გადახდა ვერ შეძლო და ბინის პატრონი იძულებული გახდა ბინის დაცლა ეთხოვა. ყველაფერი მესმის, მაგრამ მეც პრობლემები მაქვს და დღესვე უნდა დატოვოთ ბინაო. რაღას იზამდა, მოკიდა თავის ოთხ შვილს ხელი და ისევ თბილისში ჩამოვიდა.
_ ნინის ყოფილი მეუღლე შვილებს ალიმენტს არ უხდის?
_ სამწუხაროდ, ყოფილი მეუღლე შვილებს ერთი თეთრითაც არ ეხმარება, რომ თავზე ჭერი გაუჩინოს. უფრო მეტიც, მშობელსაც კი აღარ უნდა ოთხი შვილით უკან მობრუნებული ქალი. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ დედას ვიღაცამ მიასწავლა, რომ მახათას მთაზე, სახელმწიფოს ბალანსზე მყოფი დანგრეული შენობაა, სადაც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს და თავის შეფარება შეიძლება. ნინიმ თავისი შვილებით ამ შენობაში შესვლა სცადა, მაგრამ დევნილებმა პატრულს გამოუძახეს და ისევ ქუჩაში გამოაგდეს.
_ ამჟამად სად ცხოვრობს?
_  იმას ცხოვრებას ვერ ვუწოდებ.. ბოლოს რაღაც შენობაში იყო თავშეფარებული, სადაც არც შუქია და არც წყალი და ისევ პატრულის მოსვლას და გამოგდებას ელოდებოდა. ამჟამად კი ვერ გეტყვით, სადაა. თბილისში არსებობს ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრები, თუმცა იქ ხანგრძლივად არავინ გაგაჩერებს. ორი კვირის ან ორი თვის მერე ისევ ქუჩაში გაუშვებენ და ამ ქალმა თავისი ოთხი შვილით რა უნდა ქნას? ახალგაზრდა დედა, რომელიც ქვეყანას ოთხ შვილს უზრდის უკიდურეს მდგომარეობაშია და თავზე ჭერს ითხოვს. ალბათ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ასეთი უმძიმესი კატეგორიისთვის რაღაც თავშესაფარი ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს იმ დანგრეულ შენობაში ცხოვრების საშუალება მაინც მივცეთ.. 3 მილიონიანი ქვეყანა ვართ, საიდანაც 40% ქვეყნიდან გასულია და ჩვენს მოქალაქეებს როგორმე უნდა მივხედოთ.

იმის გასარკვევად, თუ სად იმყოფება ამჟამად მარტოხელა დედა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, „პროგრესნიუსი“ ნინი მამულაშვილს დაუკავშირდა.

_  ამჟამად ისევ რუსთავში, ნაქირავებ ბინაში ვარ, მაგრამ აქ დიდხანს ვერ დავრჩები. რუსთავში რაც შემეძლო, ყველას მივაკითხე, შევაწუხე და დახმარება ვთხოვე, მაგრამ მთხოვდნენ ხანგრძლივ რეგისტრაციას, რაც არ მქონდა. ახლახან უფასო სასადილო დაგვინიშნეს და ერთი ბავშვი იქიდანაც ამომიშალეს.
_ მშობლების სახლში დაბრუნება არ გიცდიათ?
_დედა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა. მამას მეორე ცოლი ჰყავს და მასთან ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, რომ დახმარება ვთხოვო. სამწუხაროდ, ბავშვების მამაც ვერაფრით გვეხმარება. არ ვამართლებ, მაგრამ უმუშევარია, ინვალიდია და საკუთარი სახლი მასაც არ გააჩნია. მისი დახმარება ის იყო, რომ კვირაში სამი დღე აქვს ბავშვების ნახვისთვის და ამ დროს შემეძლო სადმე გავსულიყავი და ჩემი საქმე გამეკეთებინა..
_ როგორც ვიცი, თბილისში დაბრუნებას გეგმავთ
_ დიახ, რადგან რუსთავში რეგისტრაცია არ მაქვს და ეს ყველაფერში ხელს მიშლის. ამასთან, თბილისში დავიბადე, გავიზარდე და ბავშვების დამტოვებელიც იქ უფრო მეტად მყავს. მინდა, რომ ჩემს შვილებთან ერთად სახელმწიფოს ბალანსზე მყოფ, მიტოვებულ შენობაში დავსახლდე. იქ არის ფართი, რომელსაც კარი არ აქვს.. იმედია, ამ პრობლემას როგორმე მოვაგვარებ და რაც მთავარია, პატრული ისევ ქუჩაში არ გამოგვყრის.

წერილს დავით ჯინჭარაძის სიტყვებით დავასრულებთ, რომელმაც მრავალშვილიანი დედობა მსხვერპლის გაღებას შეადარა.

მრავალშვილიანი დედა მსხვერპლის გაღების ერთ-ერთი უდიდესი მაგალითია ჩვენს რეალობაში. „პროგრესიული” საზოგადოებისაგან განრიყულნი, ლიბერალ-მოდერნისტებისაგან დამცინავად მოხსენებულნი, მთავრობისაგან უყურადღებოდ მიტოვებულნი, ხშირად სიდუხჭირეში მყოფი მრავალშვილიანი დედების ცხოვრება, ნათელი მაგალითია გმირობისა და თავდადებისა ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება არ აღფრთოვანდე იმ უდიდესი სიყვარულითა და მსხვერპლიანობით, რომელიც მათ გააჩნიათ შვილების მიმართ

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close