Sliderსაზოგადოება

“მივყვები რუსთაველის პროსპექტს და ვფიქრობ, ვინ აპატიოს იმ ბიჭებს არდაბრუნების დანაშაული”

“ჩემი, როგორც ერთი უბრალო ქართველის, პასუხი ბატონ გიორგი გახარიას – ასე “დაასათაურა” ჟურნალისტმა ზაირა მიქატაძემ თავის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი, რომელიც 1993 წელის 4 აპრილის ისტორიის გახსენებაა.
დარიგებული მისამართები
“დადგა ჩემი გამომგზავრების დრო. ზურგჩანთას ვამზადებ და ნუგზარ კახნიაშვილს აეროპორტში მივყავარ. მამუკა ბოჭორიშვილი ზღვის ნიჟარას მჩუქნის. ნუკრი ცუკოშვილი კი მიმოზისა და ტყემლის ყვავილების თაიგულს მაწვდის. მეომრები მისამართებს მირიგებენ. იური საპანაძე მთხოვს, ცალკე გადავუღო სურათი და მის ცოლ-შვილს გავუგზავნო ქუთაისში. სხვებიც მთხოვენ სურათის გადაღებას, რამე რომ მოგვივიდეს, ტელევიზორში საჩვენებელი სურათი არ გვაქვსო.
ვემშვიდობები მეომრებს, ვპირდები, ისევ ჩამოვალ, გაზეთს ჩამოგიტანთ-მეთქი. მოკითხვები და სევდიანი მზერა მიმყვება თბილისში. თვითმფრინავი გაჭედილია, ფეხზე დადგომა მიწევს. წინა სკამზე გვარდიელი ადგილს მითმობს. ტრაპი შორდება თვითმფრინავს. მიმძიმს აფხაზეთის დატოვება. მებრძოლებს ტკბილი სიტყვა, ყურადღება, მხარდაჭერა სჭირდებათ. მე კი თბილისს უნდა შევაფარო თავი იმ მრავალრიცხოვან ადამიანთან ერთად, რომელთა განწყობილების მიხედვით, ომი საქართველოში კი არა, ცხრა მთის გადაღმაა თითქოს.
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ოთხი მძიმედ დაჭრილი მოგვყავს. წუთები წყვეტენ სიცოცხლის ბედს. მგზავრები ადგილიდან არ იძვრიან, დაჭრილები მიუშვეს კართან. ილუმინატორიდან გავიხედე, უკვე გველოდება “სასწრაფო დახმარების” მანქანები. – ჩქარა ტრაპი, დაჭრილებს ვუშველოთ, – გაჰყვირიან მეომრები. ტრაპი კი წინა სალონისკენ მიცურავს. ბატონი …… გამოატარეთ ჯერ, – “ბრძანებას” იძლევა დამხვდური დელეგაციიდან ერთ-ერთი ქალბატონი…
თითქმის ნახევარი ქალაქი გამოვიარე. ჩემს ზურგჩანთას და მზისგან გარუჯულ სახეს დამცინავად შემოსცქერიან. ტელეფონის ჯიხურთან ვჩერდები. ვფიქრობ, ვის ვახარო პირველს ჩემი დაბრუნება. ჯიბეში ხელს ვაცურებ და დაჭმუჭნულ ფურცელს ვიღებ.
– თქვენ პირადად ნახეთ, გოგონა, ემზარი? – ხმა უკანკალებს მოხუცებულს.
– დიახ, ქალბატონო! – ყელში მოწოლილმა ცრემლმა შთანთქა მეომრის დანაბარები…
მივყვები რუსთაველის პროსპექტს. აპრილი მართლა აპრილობს თბილისის ქუჩებში, აფხაზეთში კი უმოწყალოდ იბომბება გაზაფხული. მივყვები რუსთაველის პროსპექტს და ვფიქრობ, ვინ აპატიოს იმ ბიჭებს არდაბრუნების დანაშაული…
ზაირა მიქატაძე
თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი
სტატიიდან – “ღალატს და სიკვდილს მალავს ნაპირი”

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close