საზოგადოება

მოვითხოვთ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში -„იბერიას“ ყოფილი თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტები და ოპერატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და დეპუტატ ნატო ჩხეიძეს პასუხობენ.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ნატო ჩხეიძის ცრუ და შეურაცხმყოფელი განცხადება ემსახურება მიზანმიმართულად სიცრუის გავრცელებას, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების უგულებელყოფას, მედიის წარმომადგენლების ღირსების შელახვას.

„ჩვენთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია მისი მხრიდან არაერთგზის გაკეთებული განცხადება და მედიის წარმომადგენლების დაკავშირება კონკრეტულ უწყებებთან, ასევე აღნიშნული უწყებების ინტერესების გატარებასთან. მოვითხოვთ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით მივმართოთ სასამართლოს.

გვსურს განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვის შემდეგ კომპანიამ თანამშრომლების სახელფასო დავალიანების მხოლოდ ნაწილი აანაზღაურა, გარდა ამისა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა კომპანიას დააკისრა ყოფილი თანამშრომლებისთვის კანონით გათვალისწინებული სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის გადახდა. კანონმდებელი ნატო ჩხეიძის ქმრის კომპანია არ ემორჩილება მართლმსაჯულებას და უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ორი ინსტანციის მიერ კანონიერად გამოტანილ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ ასაჩივრებს და ხელს უშლის გადაწყვეტილების დროულად აღსრულებას“,- აღნიშნულია ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტებისა და ოპერატორების ერთობლივ განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close