Slider

ანანური საფრთხეშია! – “საყდრისის კომიტეტი” განცხადებას ავრცელებს

“საყდრისის კომიტეტი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გვინდა აღშფოთება გამოვხატოთ ანანურის სამონასტრო კომპლექსში ამჟამად შექმნილი მდგომარეობის გამო.

როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 18 ივლისს “საყდრისის კომიტეტის” წევრებმა, გაავრცელეს საკუთარი ვიდეო-კადრები სადაც კარგად ჩანდა, როგორ აზიანებდა ტურისტების უკონტროლო გადაადგილება კომპლექსის ისედაც ჩამოშლილ გალავანს და ქონგურებს, აქტივისტების თქმით, განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში იყო კოშკების სახურავები და ღვთაების ტაძრის ფრესკები.

“საყდრისის კომიტეტის” მოთხოვნით 29 ივლისს ვითარების ადგილზე გასაცნობად ანანურში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა ჩავიდა, მოგვიანებით ანანურში იმყოფებოდნენ სააგენტოს გენერალური დირექტორ ნიკოლოზ ანთიძედა საპატრიარქოს წარმომადგენლები. გადაწყდა კომპლექსის რეაბილიტაციამდე ძეგლის დაზიანებული ადგილები შეფუთულიყო და შეზღუდულიყო ტურისტების გადაადგილებაც, გარდა ამისა, შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ანანურის სამონასტრო კომპლექსში ვითარების გამოსწორების სამოქმედო გეგმა უნდა დაესახა, სამწუხაროდ, ჯგუფი პირველი შეხვედრის შემდეგ აღარ შეკრებილა.

2019 წლის შემოდგომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსის დაზიანებული ნაწილები შეფუთა.

2020 წლის 23 ივნისს “საყდრისის კომიტეტი” მონიტორინგის მიზნით ანანურში იმყოფებოდა.

ადგილზე ჩასულებს ვითარება კვლავ საგანგაშო დაგვხვდა, როგორც ტაძარში მომსახურე დედაოები აღნიშნავენ, ამკრძალავი ბარიერები ერთხანს ნამდვილად აკავებდნენ ტურისტებს, თუმცა, შემდგომ გახშირდა ამ ბარიერების გარღვევის ან შემოხევის ფაქტები და ძეგლის დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც განახლდა, განსაკუთრებით კოშკებში.

ერთი წლის შემდეგაც კვლევ მძიმე მდგომარეობაა ღვთაების ტაძარში, სადაც მიწიდან ამოსული წყალი მუდმივად მოედინება ტაძრის ძველ იატაკზე, რის გამოც ტაძარში მუდმივად იგრძნობა ნესტი, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ისედაც დაზიანებულ უნიკალურ ფრესკებს.
ტაძარში საფლავთან სვეტს, სადაც ძველი ქართული ტექსტია ამოტვიფრული ორ ადგილას აკლია ქვები. სამწუხაროდ, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ქვები სპეციალურად არის ამოღებული თუ დაზიანების გამო ჩამოიყარა. მონასტერში არ იციან სად წავიდა სვეტის ქვები, როგორც ადგილზე შევიტყვეთ სავარაუდოდ ჩანგრეული უნდა იყოს “შეუპოვარის” (კოშკი) ხის ძელებიც.
“საყდრისის კომიტეტი” მოუწოდებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ასევე მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დროულად მიიღოს ზომები კომპლექსში კონტროლის გაძლიერებისთვის და დაიწყოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაანონსებული ანანურის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

“საყდრისის კომიტეტი” მომავალშიც გააგრძელებს ანანურის მონიტორინგს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close