ეკონომიკა

„მთავარია რეალობას არ მოვწყდეთ: ჯერ კრიზისია სამართავი და მერე პოსტკორონა ანტიკრიზისული გეგმით შემდგომი განვითარება“

მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს
საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რეალურად 2020 წლის კორექტირებული (რაღა კორექტირებული, ფაქტიურად რადიკალურად შეცვლილი პარამეტრების ქვეყნის საგანგებო ანტიკრიზისული) ბიუჯეტი საყოველთაო განსჯის საგანია… 2020 წელს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიამ შეცვალა მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ტენდენცია და ნაცვლად ზრდისა სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის შემცირებამ 3-5 % მიაღწიოს , ხოლო საქართველოსთვის პროგნოზირებენ  რეალური მშპ-ს შემცირებას 4,0 პროცენტით, შემოსავლების დანაკლისს 1,7 მლრდ ლარზე მეტით, არსებულ ბიუჯეტში მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შემცირებას 600.0 მლნ ლარამდე ოდენობით და საქართველოს მთავრობის ანტრიკიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო რესურსის მოძიების აუცილებლობას 3,4 მლრდ ლარამდე. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, მიმდინარე წელს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი 8.5%-ითაა განსაზღვრული.

რაც იქნა წარდგენილი განსახილველად, ნაერთი ბიუჯეტით გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურების ხარჯების 57 მილიონი ლარით, ხოლო სხვა ადმინისტრაციული ხარჯების (საქონელი და მომსახურების მუხლი) 107 მილიონი ლარით კლება, სადაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მნიშვნელოვანი წილი ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმართველობების ბიუჯეტებზე მოდის. სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტით კი შრომის ანაზღაურების ხარჯები 21,7 მილიონი ლარით, ხოლო სხვა ადმინისტრაციული ხარჯები დაახლოებით 58 მილიონი ლარით იკლებს (სამივლინებო ხარჯი, წარმომადგენლობითი ხარჯი, საოფისე ხარჯი, ავტოპარკის ხარჯი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯი და სხვა), ამასთან საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილება არ იგეგმება, ხოლო ზოგიერთი ხარჯის გაწევა ისედაც შეზღუდული იყო საგანგებო მდგომარეობის გამო. შრომის ანაზღაურების ხარჯებში ყველაზე დიდი ეკონომია იგეგმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (-5 მლნ.), იუსტიციის სამინისტროს (-3,8 მლნ.) და ჯანდაცვის სამინისტროს (-2,8 მლნ.) ხარჯებში, ხოლო ქამრების შემოჭერა ნაკლებად შეეხო ძალოვან სტრუქტურებს, ზოგიერთ უწყებას (მაგ. მეცნიერებათა აკადემია), პირიქით გაეზარდა. ვნახოთ რას დაამტკიცებენ… ნამდვილად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგანგებო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი დახმარება/სესხებითაა დაბალანსებული.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პანდემიის გავრცელებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეების მდგომარეობაზე. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი რესურსების მოძიება როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების პირდაპირი დახმარებებისთვის, ასევე, ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის. აღნიშნული მიზნებისათვის დამატებით საჭირო ხარჯებმა შეადგინა დაახლოებით 3,4 მლრდ ლარამდე, კერძოდ ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ბიუჯეტში ასახულია:

• იმ მოქალაქეების დახმარებისთვის, რომლებიც დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ და დაკარგეს ხელფასი, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიანი დახმარების გასაწევად გათვალისწინებულია 450,0 მლნ ლარი;

• სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საშემოსავლო გადასახადის შემცირება – 250,0 მლნ ლარი (ასახულია საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებლებში);

• თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებებისთვის – 75,0 მლნ ლარი;

• მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის – 170,0 მლნ ლარი;

• 65-დან 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების დახმარება (ოჯახის წევრების რაოდენობის შესაბამისად) 6 თვის განმავლობაში – 48,0 მლნ ლარი;

• 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 13,0 მლნ ლარამდე;

• მკვეთრად გამოხატული შშმ პირების და შშმ ბავშვების 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 24,0 მლნ ლარი;

• StopCoV ფონდის ანგარიშზე მობილიზებული თანხა – 133,5 მლნ ლარი (ასახულია როგორც სხვა შემოსავლების, ისე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებლებში);

• საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებისა და ფრენების სუბსიდირებისთვის – 45,0 მლნ ლარი;

• ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯებისთვის – 285,0 მლნ ლარი;

• ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნის გაუმჯობესებისთვის 60,0 მლნ ლარი; • საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად – 330,0 მლნ ლარი;

• სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებისთვის – 70,0 მლნ ლარი;

• ტურისტული ობიექტების ქონების გადასახადისგან გათავისუფლება – 45,0 მლნ ლარი (ასახულია საგადასახადო შემოსავლებში);

• მცირე გრანტების გასაცემად – 20,0 მლნ ლარი;

• სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40,0 მლნ ლარი;

• სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 139,0 მლნ ლარი;

• დღგ-ს დამატებით დაბრუნებისთვის – 600,0 მლნ ლარი (ნაწილობრივ დაბრუნდება ამ მიზნებისთვის არსებულ ანგარიშზე არსებული ნაშთიდან, ხოლო ნაწილი ასახულია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლებში);

• კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შესაქმნელად – 600,0 მლნ ლარი (ასახულია საშინაო ვალისა და დეპოზიტების მაჩვენებლებში);

მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, მაგრამ ჯერ არ გამოკვეთილა ვისთვის ოპტიმისტურია და ვისთვის პესიმისტური სცენარი… მთავარია რეალობას არ მოვწყდეთ: ჯერ კრიზისია სამართავი და მერე პოსტკორონა ანტიკრიზისული გეგმით შემდგომი განვითარება.

უნებურად, დიდი ილიას ხატოვნად ნათარგმნი ვილჰელმ ლაიბნიცის სიტყვები მახსენდება: ,,აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა”…

თუ მერმისის ჭრილში განვიხილავთ ყოველივეს: სამი ათეული წელია წარსულიდან რაც მოგვდგამდა- ძირითადად გავანიავეთ ან/ და არამწარმოებლურად მოვიხმარეთ, მიმდინარე შემოსავლები- ისედაც მწირია და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების პირობებში , კვლავ შემცირებისკენ იხრება- პროგნოზირებენ მასობრივ გათავისუფლებებს, თანაც ამ შემოსავლების დიდი წილი ,,მომავლიდან ნასესეხები” თანხებით მიმდინარე აუცილებელი (შეიძლება პარაზიტულიც) ხარჯების დასაფარად გამოიყენებოდა- საბანკო სექტორი მაინც ინარჩუნებს პოზიციებს, თუმცა მისი მკვებავი კვაზისაშუალოთა ჩანასახოვანი ფენიდან უმეტესობა კატასტროფის პირასაა- ამას პროცენტის გადავადება ნაკლებად უშველის…

და ბოლოს , რას გვთავაზობენ წლის ბოლომდე- ერთის მხრივ ბიუჯეტის შეკვეცას, მეორეს მხრივ უკვე გაწეული ხარჯების ჩამოწერასა და ახალი ვალის ხარჯზე ჯამში დანახარჯების გადიდებას…

სესხი ნამდვილად არაა საშიში, არც ბიუჯეტური ხარჯების ცალკეულ მიმართულებებზე შემცირება- მთავარია ოპტიმალობასა და რაციონალობას არ იყოს მოკლებული თითოეული… ვალების წილი მშპ მიმართ სხვა ქვეყნებზე განსაკუთრებული მეტობით არ ხასიათდება- პირიქით, თუმცა განსხვავებულია ეკონომიკის მასშტაბიც და ისიც სათქმელია რაში ვიყენებთ მათ: აქამდე დიდი ეფექტიანობით ვერ დავიკვეხნით- შევარდნაძის დროს მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებზე იხარჯებოდა ძირითადად, მიშამ- 2008 წლის ომზე და კრიზისზე ჩამოწერა, რაც ვერ განახორციელა, ახლა- ვნახოთ როგორ გამოვიყენებთ, რასაც გვასესხებენ და დაგვეხმარებიან…

მთავარია მიმდინარე პრობლემებზე აქცენტირებით ჩვენი შვილების მომავლიდან არ გავფლანგოთ და შედეგიანად გამოვიყენოთ ქვეყნის დოვლათი… საინტერესოა, 2021 წლის ბიუჯეტის საბაზისო მაჩვენებლებს როგორს შევკრავთ ამ ზაფხულს და ლარის კურსის მკვეთრი რევერსებით ისედაც ტურბულენტურ გარემოს დავამძიმებთ ცალკეული სეგმენტისთვის , თუ უფრო დაბალანსებულს გავხდით…

იმპორტჩანაცვლება გრძელვადიანი ამოცანაა, ექსპორტის შეფარდებითი ზრდაც ბევრის ვერაფრის მომცემია საერთო რეცესიის ფონზე- მანამდე იმპორტის შემცირება დეფიციტის წინაპირობად შეიძლება იქცეს რიგ საქონელზე… მთავარია ყაირათიანად გავუძღვეთ ეკონომიკას პოსტკორონა/წინასაარჩევნოდ- იმედია პანდემიის ტალღები არ შემოგვეჩვევა ან/და ჩვენ შევეჩვევით ახალ გარემოებებს…ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი თემურ ხომერიკი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close