სამართალი

„ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი – ბოდიშს ვუხდი ყველას, თუკი, ჩემი დაუფიქრებლობით ტკივილი მივაყენე“

გურამ დონაძე ბოდიშს იხდის

წარდგენილი ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი, – აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული გურამ დონაძე. როგორც გურამ დონაძე განმარტავს, მას საპროცესო შეთანხმება აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე გაუფორმდა. მან ნომერ მე-9 პენიტენციური დაწესებულება გუშინ დატოვა.

„გამოძიებასთან თანამშრომლობა გადავწყვიტე, წარდგენილი ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი, ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ვცანი უდაოდ. ჩემი განცხადებისა და თხოვნის საფუძველზე, რომლითაც პროკურატურას მივმართე, საპროცესო შეთანხმება გამიფორმდა. სასჯელის სახით წელიწადი და 9 თვე განმესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლითა და 3 თვის ვადით ამეკრძალა. 1 წლისა და 4 თვის გასვლის შემდეგ, ამნისტია შემეხო, რომელიც 2012 წელს გამოცხადდა. გავიაზრე ჩემ მიერ განხორციელებული ქმედების შინაარსი და ბოდიშს ვუხდი ყველას, თუკი, ჩემი დაუფიქრებლობით მათ ტკივილი მივაყენე“, – განაცხადა დონაძემ.

მისივე განმარტებით, ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მედიასთან კომუნიკაციას უახლოესი დღეების განმავლობაში არ აპირებს.

არსებული ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებას უახლოეს დღეებში დატოვებს მსჯავრდებული ზურაბ მიქაძეც.

ცნობისთვის, რადენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო. გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

ipn.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close