Sliderმსოფლიო

3 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დააკავეს – უკრაინული მედია

3 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემები ZN.UA და „უკრაინსკა პრავდა“ იუწყებიან ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.

გასულ ღამით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში გამოვლენილია მასშტაბური კორუფცია, კერძოდ, ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ უკანონო სარგებლის მიღების სქემა და მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე შეტყობინებას თან ახლავს სავარძელზე გაშლილი, ამერიკული ვალუტის ფოტო.

გამოცემა ZN.UA-ს ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან.

უკრაინული გამოცემების წყაროთა ცნობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ვსევოლოდ კნიაზევმა ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. 19 აპრილს, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ წინა ინსტანციების გადაწყვეტილება შეცვალა და ჟევაგოს დაუბრუნა პოლტავის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის აქციების 40%-ზე მეტი.

ვსევოლოდ კნიაზევი, რომელსაც 25 მაისს 44 წელი უსრულდება, უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.

“რადიო თავისუფლება”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close