საზოგადოება

„29 წლის წინ საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა“

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებას იხსენებს, რომელშიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პოლიტიკურმა ბლოკმა, სახელწოდებით “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“.
„29 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა.
ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1989 წლის დამლევს შექმნილმა გაერთიანებამ – პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების “მრგვალმა მაგიდამ” შეძლო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის მარტის კომუნისტური არჩევნების ჩაშლა და მიაღწია იმავე წლის 28 ოქტომბრისთვის პირველი მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციას ახდენდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ პარიტეტულ საწყისებზე არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამასთან, საბჭოთა იმპერიაში პირველად, არჩევნებს ზედამხედველობას უწევდნენ უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები.
1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა, სახელწოდებით “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო”. (1. “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო” (81 დეპუტატი) 2. საქართველოს კომუნისტური პარტია (44 დეპუტატი) მაჟორიტარული: 1. “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო” (43 დეპუტატი) 2. კომპარტია (17 დეპუტატი) 3. სახალხო ფრონტი (11 დეპუტატი) 4. “დემოკრატიული საქართველო” (2 დეპუტატი) 5. რუსთაველის საზოგადოება (1 დეპუტატი))
არც საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა და მით უმეტეს, არც საქართველოს სსრ-ის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მრავალპარტიულ არჩევნებს. ამდენად, ეს მრავალპარტიული არჩევნები საბჭოურ არჩევნებად ვეღარ ჩაითვლებოდა.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს ერქვა “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები” – “საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნები”, რაც მიღწეული იყო ეროვნული ძალების მიერ მრავალდღიანი აქციების შედეგად.
სამწუხაროდ, პუტჩისტების მიერ 1991 წლის 21 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალების გამო უზენაესმა საბჭომ მუშაობა შეწყვიტა და მას შემდეგ საქართველოს აღარ ღირსებია ეროვნული ხელისუფლება“ – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: ერთი ან მეტი ადამიანი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close