საზოგადოება

15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა – momxmarebeli.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ [momxmarebeli.ge], რომელიც სურსათის უსაფრთხოებისა და სამომხმარებლო პროდუქციის მონიტორინგის საკითხებზე მუშაობს, მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ამჯერად ორგანიზაციამ საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გაგზავნა გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად.

საქართველოში შესყიდულ იქნა სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია – ტექსტილისა და ჭურჭლის სარეცხი ფხვნილები და სითხეები, ზედაპირების საწმენდები და აეროზოლები – სულ 40 ნიმუში, რომლებიც შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

ორგანიზაციის ცნობით, 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში – ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა.

„ევროკავშირში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ოდენობის ფარგლებში. ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში, ეს ნივთიერებები დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდა.

ამასთან ერთად, ფორმალდეჰიდის, როგორც კონსერვანტის გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს პროდუქციაში ამ ნივთიერების ნაშთების არსებობა, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს შემცველობა ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

ვინაიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების (ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის) უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ტექნიკურად რამდენად გარდაუვალი იყო და უვნებელია ფორმალდეჰიდის შემცველობა ჩვენ მიერ შემოწმებულ ნიმუშებში“, – აღნიშნულია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის თანახმად, ტყვია, ბორი და ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა სარეცხ ფხვნილ „ტაიდში“; ბორი და ფორმალდეჰიდი – ფხვნილ „სავექსში“, მათეთრებელ „ბოსში“ აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი; მათეთრებელ „ეურეკაში“ –  ბორი  და ფორმალდეჰიდი; ქსოვილის დამარბილებელ ქსოვილის  სითხე „სემანაში“ – ფორმალდეჰიდი; თეთრეულის კონდიციონერ “ვერნელში” – ფორმალდეჰიდი; ხალიჩების საწმენდ „ვანიშში” – ბორი და ფორმალდეჰიდი; ჭურჭლის სარეცხ საშუალება “ფეირიში” – ფორმალდეჰიდი; ჭურჭლის სარეცხში “ბიომიო” – ბორი და ფორმალდეჰიდი; ჭურჭლის სარეცხშ “აოსიში” – ტყვია და ფორმალდეჰიდი; ჭურჭლის სარეცხ “ბიოლანში” – ფორმალდეჰიდი; შუშის საწმენდ “ეკო პლანეტში” – ფორმალდეჰიდი და იატაკის საწმენდ “ჩისტინიში” აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი.

„ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სამომხმარებლო ნაწარმში მისი შემცველობის თავიდან აცილება.

ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde და methylene glycol.

მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში ყველა სახის სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დანერგვა“, – წერს momxmarebeli.ge.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close