მსოფლიო

ჯერ კიდევ გასულ დეკემბერში, რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა გულწრფელი დიალოგისკენ, მაგრამ ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ – პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ე.წ სამხედრო ოპერაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსი სამხედროები იბრძვიან დონბასელი ხალხისთვის და “სამშობლოს უსაფრთხოებისთვის”.

“ახლა, ამ დღეებში, თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს – რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პუტინმა წითელ მოედანზე.

მისი თქმით, 1945 წლის 9 მაისი სამუდამოდ არის ჩაწერილი მსოფლიო ისტორიაში, როგორც ერთიანი საბჭოთა ხალხის ტრიუმფი.

“გამარჯვების დღე თითოეული ჩვენგანისთვის ახლო და ძვირფასია. არ არსებობს რუსეთში ოჯახი, რომელიც არ დაზარალდა დიდი სამამულო ომით. მათი ხსოვნა არ ქრება”, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე მტკიცებით, რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა “თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის”.

“გასულ დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების გაფორმება, რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა გულწრფელი დიალოგისკენ, გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ. ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ”, – თქვა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა.

მანვე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების ასეთი პოზიცია ნიშნავს “რომ მათ რეალურად სრულიად განსხვავებული გეგმები ჰქონდათ“, “და ჩვენ ვნახეთ ეს”.

“მზადება მიმდინარეობდა მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის [დონბასში], ჩვენს ისტორიულ მიწებზე, მათ შორის ყირიმში შემოჭრისთვის. კიევში მათ განაცხადეს ბირთვული იარაღის შესაძლო შეძენის შესახებ და ნატოს ბლოკმა დაიწყო მიმდებარე ტერიტორიების აქტიური სამხედრო განვითარება. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი საფრთხე ჩვენს საზღვრებთან. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ შეტაკება ნეო-ნაცისტებთან, ბანდერასთან, რომლებზეც აშშ და მისი უმცროსი პარტნიორები დებდნენ ფსონს, გარდაუვალი იქნებოდა.

ვიმეორებ, ჩვენ ვნახეთ, როგორ ვითარდება სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორ დაიწყო მუშაობა ასობით უცხოელმა მრჩეველმა, რეგულარულად ხდებოდა ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდება ნატოს ქვეყნებიდან. საფრთხე ყოველდღე იზრდებოდა. რუსეთმა აგრესიას პრევენციული პასუხი გასცა, იძულებული იყო, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილებაა”,– აღნიშნა პუტინმა.

მისივე აზრით რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, “არასოდეს დათმობს სამშობლოს სიყვარულს, რწმენას და ტრადიციულ ღირებულებებს”.

“არასდროს დათმობს ჩვენი წინაპრების წეს-ჩვეულებებს, ხალხებისა და კულტურის პატივისცემას. დასავლეთში კი ამ ათასწლოვანი ფასეულობების გაუქმება, როგორც ჩანს, გადაწყდა.” – დაამატა რუსეთის პრეზიდენტმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close