პოლიტიკა

“ხალხი ყველაფერს ხედავს და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კარგად აცნობიერებს და კარგად არჩევს თეთრს და შავს”

ხალხი ყველაფერს ხედავს და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კარგად აცნობიერებს და კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს, სიყალბეს, ამ სიცრუის პროპაგანდას და ამ დემაგოგიას, რომელიც ჩვენ გვესმის მათი ტელევიზიებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ოპონენტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი ხელწერა არის სიცრუის, სიყალბის ტირაჟირება და პროპაგანდა, გარყვნილების პროპაგანდა.

„რატომ უნდა აკრიტიკებდე ყველა ინსტიტუტს და ყველა ავტორიტეტულ ადამიანს ქვეყანაში, თუ შენ მავნე ზრახვები არ გაქვს, თუ ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები არ გაქვს. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას და ეს ბოლო 8-9 წელის მუდმივად ცდილობენ მოსახლეობაში  ქაოსის, ისტერიის და შფოთვის შემოტანას, მათი ტელევიზიების მეშვეობით მხოლოდ და მხოლოდ. მიმდინარეობს 24-საათიანი დემაგოგია, სიცრუის ტირაჟირება, მაგრამ ჩვენ, ჩვენო ბრძენო ხალხო, კარგად გვესმის თეთრიც და შავიც. ამის გარჩევა შეგვიძლია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ, მათი ამ სიცრუის შედეგად, ამ დემაგოგიის პროპაგანდის ხარჯზე, არის არასწორ გზაზე, არასწორ არჩევანს აკეთებს. ის 20 თუ 25% ჯამურად, რომელიც მათ აძლევს ხმას. ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება, რომ სააკაშვილს დღეს კიდევ ვინმემ დაუჭიროს მხარი, მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა და მთელმა მსოფლიომ ნახა მისი მტრული საქმეები, რაც გააკეთა ქვეყნისთვის. დაწყებული აგვისტოს ომიდან, ვერ აარიდა თავის ხალხს ეს უმძიმესი პროვოკაცია, დაკარგა ტერიტორიები – სოფლები, კოდორის ხეობა. შემდეგ გამოვიდა, თქვა უტიფრად, ეს რა ტერიტორიები იყოო, ქვების გროვა უწოდა ცხინვალს და მიმდებარე სოფლებს. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, მათი ხელწერა, ციხეებში რაც ხდებოდა უბედურება, წამება, გაუპატიურება, ტანჯვა და ჩაგვრა ჩვენი მოქალაქეების. ბიზნესის დატერორება. არათუ ბიზნესი, მოქალაქე ვერ სუნთქავდა თავისუფლად, როგორი ზეწოლის ქვეშ იყო ყველა ინსტიტუცია ქვეყანაში და რაღაც ახალ ნეობოლშევიკურ მოძრაობას ემსგავსებოდა თავისი ხელწერით, ნეოფაშისტურსაც კი ხანდახან. თუნდაც ის სტილი და პროპაგანდის ტირაჟირება არის ნამდვილად ფაშისტური ხელწერა, როცა უწყვეტად ასეთი პროპაგანდის მეშვეობით ცდილობენ, ადამიანებს ჯოჯოხეთი მოაჩვენონ სამოთხედ და პირიქით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close