Sliderსაზოგადოება

ჭიაბერაშვილის „ბერმუდის სამკუთხედიდან“ უგულავას „ბენდუქიძის ოყნამდე“ – თბილისის მერები (პირველი ნაწილი)

„ნაციონალური პარტიის“ სინამდვილეში, აი, იმ „დამშვენებულ“ სახელმწიფოში, „სააკაშვილი ენდ კომპანიმ“ რომ „ააშენა“, თბილისის პირველი მერი, 2004 წლის 19 აპრილიდან 2005 წლის 12 ივლისამდე, ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო.

“ექვსი თვის თავზე ქალაქს უნდა დაეტყოს თქვენი ხელი. ახალგაზრდების დანიშვნა სარისკოა, მაგრამ მე თქვენი იმედი მაქვს” – ეს ახლადდანიშნული 31 წლის მერისთვის სააკაშვილის პირველი დავალებაა და პირველი პირობაც ასეთი იყო: “პირველად რასაც გავაკეთებთ, იქნება კორუფციასთან ბრძოლა მერიის სტრუქტურებში. ყველა სამსახურის უფროსს და მათ მოადგილეებს მოუწევთ თანამდებობებიდან წასვლა, თუმცა პატიოსან კადრებს, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ.”

ჭიაბერაშვილი ფილოსოფოსია და ფილოსოფიურად მიუდგა საკითხს – ხუმრობა საქმე ხომ არაა, გეგმა 6 თვეში ჰქონდა შესასრულებელი. მიდგა-მოდგა და ერთ დღესაც, მერიის თანამშრომლებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარა: „დედაქალაქის მთავრობაში მოღვაწე მაღალი თანამდებობის ექვსი სახელმწიფო მოხელე ნარკოტიკების მოხმარებაშია ეჭვმიტანილი. მე დავინტერესდი იმით, თუ რასთან გვაქვს საქმე: უღირსი სახელმწიფო მოხელეების მხილებასა თუ მერიის შიგნით მიმდინარე ფარულ ბრძოლასთან“.

ამ ორი ვარიანტიდან, მართალია არც ერთი დადასტურდა, მაგრამ ფილოსოფოსი მერი უკან არ იხევდა. მას შემდეგ, რაც ნარკოდამოკიდებულებაში მხილებულმა თანამშრომლებმა შექმნილი ვითარება გააპროტესტეს და ექსპერტიზის დასკვნის შედეგი კატეგორიულად უარყვეს , ჭიაბერაშვილმა ბრძანა: „იმის მიუხედავად რომ ჩემთვის პირველი შემოწმების შედეგებიც აბსოლუტურად სანდო იყო, ჩატარდა მეორე, რომელმაც ასევე პოზიტიური შედეგი აჩვენა იმ ექვს პიროვნებაზე, რომელთა დაკავშირებითაც მე უკვე გუშინ 10 საათზე გავაკეთე განცხადება.”

„პოზიტიური შედეგის“ შედეგი დღემდე უცნობია, თუმცა ფაქტია, არავინ დაინტერესებულა თბილისის მერიის ნარკომომხმარებელმა თანამშრომლებმა სად და ვისთან, როდის და რა ვითარებაში შეიძინეს „წამალი“. თბილისის მერიის „კულისებში“ კი ლაპარაკობდნენ იმ ფარული დაპირისპირების შესახებ, რომელიც ჭიაბერაშვილსა და ქალაქის პრემიერ ბიძინა ბრეგაძეს შორის არსებობდა. გარკვეულ ეჭვს ის გარემოებაც ბადებდა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაში მხილებული ყველა მოხელე პრემიერის კადრი იყო.

ნარკოტიკების მოხმარების პრობლემის გადაჭრის შემდეგ ჭიაბერაშვილმა კორუფციას შეუტია. დანიშვნიდან რამდენიმე თვეში „შედეგიც დადო“. ერთ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელსაც თბილისის ხუთივე რაიონის გამგებლები დაასწრო. ბრიფინგზე ჭიაბერაშვილმა განაცხდა, რომ ისანი-სამგორის გამგებელმა ზურაბ ადამიამ მას ძვირფასი საათი აჩუქა და ამისათვის თანამდებობიდან ათავისუფლებს: “მე მაინტერესებს, როგორ შეუძლია გამგებელს, რომლის ხელფასიც 160 ლარს შეადგენს მაჩუქოს საათი, რომელიც 1,500 აშშ დოლარი ღირს? ამას იმ პიროვნებას ვეკითხები, რომელმაც ეს საათი მაჩუქა – ისანი-სამგორის რაიონის გამგებელს“.

ჭიაბერაშვილს კი აინტერესებდა ადამიას შემოსავლის წყარო, მაგრამ ფილოსოფოსია და სამართლებრივად კი არა, ფილოსოფიურად მიუდგა საკითხს, ფილოსოფიურადვე გადაჭრა: “ადამია დაუყონებლივ დაწერს განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ვაფრთხილებ ყველა გამგებელს, რომ თბილისის რაიონულ ადმინისტრაციებში დაიწყება სერიოზული რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები”.

“რა თქმა უნდა, საათი 1,500 დოლარი არ ღირდა. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ”, – ამოილუღლუღა ზურაბ ადამიამ ჟურნალისტებთან და ეს ამბავიც ისევე მიეცა დავიწყებას, როგორც ნარკომომხმარებელი თანამშრომლები.

სააკაშვილმა, ეს რა კარგი თბილისის მერი გვყავსო და მთავრობის სხდომაზე მაჯიდან საათი შეიხსნა:”რა თქმა უნდა, ჩემი საათი ისეთი ძვირფასი არ არის [როგორც გამგებლის მიერ ნაჩუქარი], მაგრამ მინდა მიიღოთ იგი საჩუქრად კარგი მუშაობისთვის”.

ვერ გამოდგა ფეხბედნიერი მიშას საათი. ჭიაბერაშვილმა საჭირო დროს და საჭირო მომენტში, უგანა და „ევროპულ საქართველოში“ გადაბარგდა. მართალია, ეს ამბავი მოგვიანებით  მოხდა, მაგრამ გაჭირვებაში იმ ადამიანის მიტოვება, ვინც „შრომის წიგნაკი“ პირდაპირ „დიდ ბიჭად“ გაგიხსნა, ცოტა ანტიფილოსოფიურიცაა და უხერხულიც.

სხვათაშორის, სააკაშვილმა მაჯის საათი კიდევ ერთ თანამდებობის პირს, ერთ-ერთი ციხის დირექტორს აჩუქა „კარგი სამსახურისთვის“. მესამე დღეს გაჩერდა ის საათი და როცა ციხის უფროსმა გაარკვია, რომ საჩუქარი შეკეთებას არ ექვემდებარებოდა, კაბინეტში, კედელზე დაკიდა. მოგვიანებით, როცა ეს ადამიანი სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა „ცუდი სამსახურისთვის“, ადვოკატურაში გადასულმა მიშას ნაჩუქარი საათი კაბინეტის კედლიდან ჩამოხსნა და სახლში წაიღო. დღეს ამ საათის ბედი უცნობია, მფლობელი გარდაიცვალა. აი, ჭიაბერაშვილს ისევ აქვს თუ არა რელიქვიად მიშას ნახმარი საათი შენახული, საზოგადოებისთვის უცნობია.

თბილისის მერად „მოღვაწეობის“ ბოლო ეტაპზე ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთი მოულოდნელი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, 2000–2003 წლებში დედაქალაქში გაყიდული 300 ათასი მ2 მიწის ფართობები კვლავ მუნიციპალიტეტს უნდა დაუბრუნდესო. ბრიფინგზე ჟურნალისტებთან ააფრიალა ფურცლები, რომელსაც დოკუმენტაცია უწოდა (არავის უნახავს იმ ფურცლებზე რა ეწერა) და ბრძანა, რომ სწორედ ამ ფურცელბზე იყო ასახული ის პროცედურები, „რომელითაც 50 მილიონი ლარის საბაზრო ღირებულების მქონე მიწის ფართობები 7,5 მილიონ ლარად ჩაიგდეს ხელში კერძო მესაკუთრეებმა, რომელთა უკან სახელმწიფო მოხელეები იდგნენ“. და იქვე განმარტა, რომ საუბრობდა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწებზე, მტკვრის კალაპოტზე, ტროტუარებზე და ა.შ.

ჭიაბერაშვილი ამ საკითხსაც ფილოსოფიურად მიუდგა, განაცხადა „დოკუმენტაცია ხელთ მაქვს“ და მიუხედავად ამისა, თბილისის ყოფილი მერის და პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხი კი არ დააყენა, შევისწავლით დოკუმენტაციას და მათ მიერ გამოცემულ განკარგულებებს გავაუქმებთო, – თქვა და გააუქმა.

ჭიაბერაშვილი მარჯვენა ხელით გაყიდულ „ტერიტორიებს რომ იბრუნებდა“, მარცხენათი საქართველოს დაუძინებელ მტერს, 2005 წლის მონაცემებით მხოლოდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამპყრობელს, უდებდა ჯიბეში თბილისის ცენტრალურ გამზირს – რუსთაველის პროსპექტს. ამ საკითხზე სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ  მაგალითისთვის კი  ამონარიდს მოვიყვანთ:

„რუსულმა ჯგუფმა თბილისი მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თანხმობით იყიდა სანაპიროდან ზემოთ „ივერიამდე“ ტერიტორია: „ჩვენ ვფიქრობდით რომ ეს თანხები საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ დაგვეწყო მეტროს (რუსთაველის მერტო – რედ.) სახურავზე მშენებლობა. ამაზე ჭიაბერაშვილთან იყო მოლაპარაკება. ბატონმა ზურაბმა მოგვცა  თანხმობა… მაშინ სხვა მიდგომა იყო. ეს იყო 2005 წელი, ამ დროს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა იყო და ცდილობდნენ რუსებისთვის მიეცათ აქ ფულის ჩადების საშუალება… მოკლედ, თბილისში ჩამოსულები იყვნენ: კაპიცა, სტანისლავ კაპინოსი  და სხვები. ტერიტორია რომ იყიდებოდა, ჩვენ „ივერიის“ ხელმძღვანელობასთანაც (რამიშვილი) გვქონდა  საუბარი – ვყიდით და ხომ არ გინდათ იყიდოთ. შევხდით რამიშვილს, თავის მხრივ რამიშვილმა შეგვახვედრა თავის ჯგუფს, მაგრამ უარი თქვეს ყიდვაზე, არ გვინდა, ყიდულობს რუსი? იყიდოსო. შეიქმნა რესპუბლიკის მოედნის კომისია ქურხულის ხელმძღვანელობით, სადაც სხვა ჯგუფებთან ერთად მოწვეული იყო „სილქ როუდ ჯგუფი“, შეთანხმებას ხელი მოეწერა. ამის შემდეგ ჩამოვიდა ნაზარბაევი და ამ ტერიტორიით დაინტერესდა. სწორედ ამის გამო გადაიტანეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და დღის წესრიგში დადგა თაბუკაშვილის ქუჩის სახლის დემონტაჟი. რაღაც ცვლილებები მოხდა „ივერიის“ გუნდის ინტერესებშიც, უკვე მოინდომეს ამ ტერიტორიის შესყიდვა, მაგრამ ჩვენ უკვე გაყიდული გვქონდა. იყო შეხვედრები და ვიცი, რომ რუსულმა მხარემ უარი თქვა გაყიდვაზე“.

აი, სწორედ ამ დროს, ამ ვითარებაში თბილისის მერად „მოდის, მოღელავს“ გიგი უგულავა და აქვე აღვნიშნავთ, რომ ჭიაბერაშვილის დაწყებული საქმე, ძალიან ოპერატიულად და მდგრადად დაასრულა.

გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა და როგორც დანიშნულმა მერმა 2005 წლის 12 ივლისი- 2006 წლის 12 ოქტომბერი – ამ პერიოდში იმუშავა.

„დარწმუნებული ვარ, რომ გიგი უგულავა ძალიან კარგი კანდიდატია. მე მას იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჩვენ ორივე არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდით [2003 წლის “ვარდების რევოლუციამდე“] და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ისეთივე წარმატებით განაგრძობს იმ რეფორმებს, რომლებიც ამჟამად თბილისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება“, – განუცხადა თბილისის უკვე ყოფილმა მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს.

მერის ახალ კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც მიესალმა:„მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი გიგი უგულავას მიმართ. მას აქვს უნარიც და შესაძლებლობაც იტვირთოს ეს ძალიან საპატიო პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, იგი ძალიან აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს დანიშვნის პირველი დღიდანვე. თბილისს ეს ძალიან სჭირდება, რადგანაც დედაქალაქს განვითარების უდიდესი შესაძლებლობები აქვს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა არის იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს უფრო მოკლე დროში“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “იმედს“.

იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელიც არასოდეს ყოფილა “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, მმართველი პარტიის გავლენიან პარლამენტართა ჯგუფი – გიორგი არველაძე და დავით კირკიტაძე – დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავაც არასოდეს ყოფილა “ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი, იგი ბოლო დროს უფრო მეტად დაუახლოვდა პარტიას და პირადად პრეზიდენტ სააკაშვილს, რაშიც, როგორც ამბობენ, უგულავას აწ უკვე ყოფილ ცოლს (იმ პერიოდისათვის მეგობარს) მიუძღვის ლომის წვლილი.

სააკაშვილის მესიჯი: “მერს პარტიის ძლიერი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს“ გამგებმა გაიგო…

“ხომ ლამაზია ჩემი ქალაქი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა – ეს იქნება ჩემი ლოზუნგი მერის თანამდებობაზე“, – განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს  დანიშვნიდან რამდენიმე წუთში.

მერის თანამდებობის დაკავებამდე, 2003 წლის დეკემბრიდან 2005 წლის ივლისამდე პერიოდში გიგი უგულავას სხვადასხვა სახელისუფლებო თანამდებობები ეკავა. იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე; უშიშროების მინისტრის მოადგილე; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

გიგი უგულავამ გაახმოვანა ხელისუფლების ინიციატივა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების ჩატარების თაობაზე. განცხადება 2009 წლის 4 აპრილს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციამდე რამოდენიმე დღით ადრე გააკეთა. ეს ინიციატივა 10 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც დაადასტურა. 2009 წლის ივლისში სააკაშვილი ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების, მათ შორის, მერის პირდაპირი არჩევნების 30 მაისს ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, ნაცვლად 2010 წლის შემოდგომისა.

2006 წლის 12 ოქტომბერი – 2010 წლის 30 მაისი; 2010 წლის 30 მაისი – 2013 წლის 22 დეკემბერი – ესაა უგულავას, როგორც არჩეული თბილისის მერის „ზეობის ხანა“.

რა თქმა უნდა, გიგიმაც კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადა ერთ-ერთ პრიორიტეტად. გამოცდილებაც ჰქონდა. საქმე ისაა, რომ გამეფებულ კორუფციას, უწესრიგობას უგულავამ თბილისის მერობამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად მუშაობისას შეეჭიდა. მთაწმინდაზე გაზრდილ გუბერნატორს იმდენჯერ შეახსენეს „მეგრული როგორ არ იციო“, იძულებული გახდა ერთი სიტყვა მაინც ესწავლა და ეს სიტყვა ერთხელ, მორიგ თათბირზე წამოიძახა – „ორჭოფუნქ“. როგორც იმხანად ამბობდნენ, თანამშრომლებს სისხლი გაეყინათ ძარღვებში და კაბინეტის კარი ნიღბიანებმა რომ არ გააღეს, უხერხული სიცილით განმუხტეს დაძაბულობა. გიგიმ მაშინ არავინ დაიჭირა, თუმცა, სწორედ მისი გუბერნატორობის დროს დაიწყო ზუგდიდის ბაზრის თანამშრომელთა (და მოვაჭრეთა) აქციები. როგორც „ბოროტი ხმები“ ამბობდნენ, უგულავამ ახალი ბაზრის მეპატრონისაგან ძველი ბაზრის ჩასაძირად 60 000 აიღოო, თუმცა ეს არავის დაუმტკიცებია, გამოძიება არ ჩატარებულა და ამიტომ.

ეს ბრძოლა გიგი უგულავამ თბილისში გადმოიტანა და რამდენიმე საინტერესო ფაქტიც დადო:

კორუფციასთან მებრძოლმა გიგი უგულავამ თბილისელებს თავი „ელიტელექტრონიქსის“ მფლობელთან ბრძოლით დაამახსოვრა.

ამონარიდი საარქივო მასალიდან: „2009 წლის 25 აგვისტოს თბილისის მერი, გიგი უგულავა კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და ტელეკამერების თანდასწრებით განაცხადა, “ელიტელექტრონიქსს” ცუდი მენეჯმენტი და დამფუძნებლები ჰყავს და ამიტომ, მართვას ბანკები გააგრძელებენო. ეს ინფორმაცია უგულავას, წესით, არ უნდა ჰქონოდა, რადგან “ელიტელექტრონიქსის” გარშემო მიმდინარე მოვლენებთან თანამდებობრივად დაკავშირებული არ იყო. შესაბამისად, გიგი უგულავას მიერ გაკეთებული ზემოხსენებული განცხადება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულია. დიახ, ესაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამასახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება…
გიგი უგულავას ზემოხსენებული სატელევიზიო განცხადების დღესვე, 2009 წლის 25 აგვისტოს “თი ბი სი ბანკმა” “ელიტელექტრონიქსის” აქციების 55% ფარულად გადაიფორმა და ამით სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (მითვისება, ან გაფლანგვა) ჩაიდინა. “ნაციონალური” ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ კომპანიის 55%-ის ხელში ჩაგდებით ანზორ ქოქოლაძეს დირექტორობიდან გადააყენებდა და კომპანიაზე სრულ კონტროლს განახორციელებდა, მაგრამ ამ პროცესებამდე  ანზორ ქოქოლაძემ კომპანიის წესდებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მისაღებად აქციების 51%-ის კი არა, 75%-ის მფლობელთა თანხმობა იყო საჭირო. ამან თავდაყირა დააყენა ხელისუფლების გეგმა, ანუ კომპანიაზე კონტროლის დამყარება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ბანკმა და მაღალჩინოსნებმა რეგისტრაციის პროცესი უკანვე დააბრუნეს“…

თბილისმა არც ჭიაბერაშვილის  და არც უგულავას „ამაგი“ არ დაივიწყა – ერთს „ჭია მერი“, მეორეს „იგულავა მერი“ შეარქვა. ქალაქის ცენტრში გაჩენილ სატრანსპოტრო კვანძს კი „ჭიაბერაშვილის სამკუთხედად“ მოიხსენიებენ დღემდე, ხოლო უგულავას „კრეატიულ გამოხატულებას“, გმირთა მოედანზე შადრევანს – „ბენდუქიძის ოყნას“.

„ჭიაბერაშვილის სამკუთხედი“ – ლაპარაკია ვარაზისხევის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებისგან შემდგარ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა ნებადართული. სიახლის დანერგვიდან ნახევარი წლის თავზე მძღოლებმა გზის დაგრძელების, მოსახლეობამ  ხმაურის, ხოლო ეკოლოგებმა ჰაერის დაბინძურების გამო გამოხატეს პროტესტი. „სამკუთხედის“ ეფექტიანობის თაობაზე ინტერნეტსაიტმა „თბილისის ფორუმმა“ გლობალური ქსელის მომხმარებლებისათვის საგანგებო გამოკითხვაც კი ჩაატარა. გაირკვა, რომ გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ მოსწონს ახალი სატრანსპორტო კვანძი. საცობების, აუტანელი ხმაურისა და ძლიერი გამონაბოლქვის გამო, სამკუთხედის მახლობლად ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

2006 წელი. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ, გმირთა მოედანზე თბილისობის დღესასწაულისთვის ახალი შადრევანი გაიხსნა. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის კობა სუბელიანის თქმით, შადრევანის სიმაღლე 20 მეტრს მიაღწევს. ის გერმანიაშია შეძენილი. შადრევანის შესაძენად და მის დასამონტაჟებლად მერიამ 600 ათასი ლარი გამოყო. შადრევანი თბილისის ისტორიაში „ბენდუქიძის ოყნის“ სახელით შევიდა და გმირთა მოედნიდან მალევე იქნა გადატანილი ორთაჭალაში. შადრევანის გადატანა თბილისის მერიას გმირთა მოედანზე დამონტაჟებაზე მეტი დაუჯდა.

2007 წლის ნოემბერი. თამარ მეფის ხიდის თავში ბერძნული მითოსის გმირის, პრომეთეს ქანდაკება დაიდგა. მისი ავტორი ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე დევი ხმალაძეა. იგი დედაქალაქის მერიის ინიციატივით იქნა მოწვეული. ქანდაკების გახსნას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პირველი ლედი სანდრა რულოვსი, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი  კობა სუბელიანი. საგანგებო სტუმრის რანგში მოწვეული იყო პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის ორდენი გადასცა. ქანდაკება მალევე გადატანილ იქნა ბორჟომში. თბილისსა და ბორჯომში ქანდაკების მონტაჟი ბიუჯეტს ათობით ათასი ლარი დაუჯდა.

2006 წელი 18 დეკემბერი: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე ყინულის მოედანი გახსნა. ”ეს რიგით მესამე საციგურაო მოედანია, რომელიც თბილისში გაიხსნა, რომლის გახსნაც იმისთვის გახდა აუცილებელი, რომ წინა ორ მოედანზე ბავშვები მუდმივად ვარჯიშობენ. სწორედ ეს არის სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი”. ამ ცერემონიას წინ უსწრებდა 2006 წლის 2 იანვარი: „რიყეზე ყინულის მოედნის დემონტაჟი დაიწყო. 600 კვადრატული მეტრის მოცულობის მოედანი მდებარეობას შეიცვლის და სპორტის სასახლის გვერდით მოთავსდება. ყინულის მოედნის გადატანას ოცი დღე დასჭირდება და იმ დრომდე იფუნქციონირებს სანამ თბილისში სიცხე 25 გრადუსამდე მიაღწევს“. ხოლო 2009 წლის 14 მარტს  „ დაიწყეს  სპორტის სასახლესთან დამონტაჟებული “ყინულის სასახლის” დემონტაჟი“.

კიდევ ერთი ინფორმაცია არქივიდან:

26 მაისი 2006. „თბილისში რიყეზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალი ატრაქციონი ამოქმედდა. ე.წ. “ეშმაკის ბორბალი” პირველად ღამით ჩაირთო. ის 62 მეტრ სიმაღლეზე ადის, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედი მოჩანს. უზარმაზარი თეფშის ფორმის ატრაქციონი 900,000 ლარი დაჯდა. ის უცხოეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს“.

27 მაისი 2006 წელი. „გუშინ ატრაქციონი გაიჭედა დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლეზე, გადატვირთვის გამო. ათი წუთის მანძილზე ხალხი ვერ ჩამოჰყავდათ, მერე მოახერხეს და დღეს აღდგენითი სამუშაოები ტარდება დილიდან“.

29 თებერვალი 2008 წელი. „რიყეზე მდებარე ატრაქციონის დემონტაჟი დღეს დაიწყება. ტერიტორია რომელზეც საფრანგეთიდან ჩამოტანილი გასართობი ცენტრი მდებარეობს კერძო მფლობელობაშია, რამაც ატრაქციონის ფუნქციონირების შეწყვეტა გამოიწია. დედაქალაქის მერიაში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა

შადრევანი

იმის თაობაზე, თუ სად განთავსდება ატრაქციონი მომავალში. თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ატრაქციონი სავარაუდოდ მთაწმინდის პარკში გადაინაცვლებს. რიყეზე კი კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება“.

სხვათაშორის, ამ პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები, თუ როგორ „გადაიქაჩებოდა“ არჩევნებში მსგავსი „ოპერაციებით“ მილიონები, რაც ნაკლებად დასაჯერებელია, იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არ „იკადრებდა“.

ეს მაგალითები არის მინიმუმი, რაც „ახალი სახელმწიფოს“ „ახალმა ლიდერებმა“ თბილისს გაუკეთეს. უკვე ათასგზის ითქვა, გიგი უგულავას ერთ-ერთი ყოფილი ცოლისთვის საზღვარგარეთ ჩატარებული ძვირადღირებული ოპერაცია როგორ დააფინანსა თბილისის მერიამ. გვახსოვს გიგი უგულავას „გულავი“ ღამის კლუბებსა და სტრიპტის ბარებში, სადაც ასევე თბილისის მერიის ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა, ამიტომ ამ „წვრილმანებზე“ ყურადღებას არ გავამახვილებთ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close