პოლიტიკა

ცხინვალელ ჩინოვნიკს და მის ცოლს “თბილისისთვის ჯაშუშობისთვის” 13 და 16 წელი მიუსაჯეს

ცხინვალში, დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ სერგეი ლიპინს, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი იყო, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მის ცოლს, ნანული ჭულუხაძეს – 13 წლით.

სერგეი ლიპინს ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით [სახელმწიფო ღალატი] 2019 წლის ივლისში წარუდგინეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის მაშინდელი ცნობით, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ლიპინი და მისი თანამზრახველები 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ქართულ მხარესთან თანამშრომლობდნენ და ქართულ სპეცსამსახურებს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციას აწვდიდნენ.

აქვე ცხინვალი აცხადებდა, რომ სწორედ ლიპინთან თანამშრომლობით, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა ცხინვალში, შეძლო ქართულმა მხარემ საარტილერიო სისტემებისა და საავიაციო დარტყმების კორექტირება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე.

ოსური მხარის ცნობითვე, ორივე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გასაჩივრებას არ აპირებენ.

“ლიპინის ქალიშვილის მიმართ, რომელიც ასევე სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და საქართველოს ტერიტორიაზე იმალება, 2019 წელს ცალკე საქმე მიმდინარეობს”, – ნათქვამია ცხინვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნეტგაზეთი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close