საზოგადოება

“ჩვენი პატრიარქის წყალობითა და ჩვენი მთავრობის გვერდში დგომით, ყველაფერი კარგადაა”

ჩვენი პატრიარქის წყალობითა და ჩვენი მთავრობის გვერდში დგომით, ყველაფერი კარგადაა, – ამის შესახებ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველაფერი კარგადაა და დეტალურად მომდევნო დღეებში ისაუბრებს მისი პატიმრობის შესახებ.

„დღეს ყველაფერი კარგადაა. აქედან მივესალმები ჩემ ოჯახს“, – განაცხადა ზაზა გახელაძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრემიერი ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close