პოლიტიკა

„შევასრულე ჩემი სიტყვა“ – პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას. ჩემი მხრივ, შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს. ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას. ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში. ყველას გისურვებთ წარმატებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის Facebook-პოსტში.

სალომე ზურაბიშვილმა „მისთვის სკანდალური გადაწყვეტილება“, როგორც თავად უწოდა, მას შემდეგ მიიღო, რაც შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების რესურსი გაჩნდა. ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ისიც თქვა, რომ შეწყალების აქტს ქვეყნის მომავლისთვისა და სტაბილურობისთვის გამოსცემს.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, შეწყალების აქტს 27 აპრილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის დღეს გამოსცემდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close