პოლიტიკა

ღარიბაშვილს უნდოდა ელჩის პოსტი დამეტოვებინა – თეა კატუკია

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ორი თვის წინ, ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ განმიმარტეს, რომ ჩემგან ელჩის ფუნქციის დატოვების მოლოდინი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრემიერის სურვილს

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა კატუკია ამბობს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი იყო. ამის შესახებ კატუკიამ ტელეკომპანია “ფორმულას” განუცხადა.

ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

“საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ორი თვის წინ, ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ განმიმარტეს, რომ ჩემგან ელჩის ფუნქციის დატოვების მოლოდინი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრემიერის სურვილს”, – უთხრა მან “ფორმულას”.

ცნობისთვის, კატუკიამ თანამდებობა 1 ივლისს დატოვა, მიზეზად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა” დაასახელა.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს გაავრცელა განცხადება:

“გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას”.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close