Slider

„უფრო დიდი კატასტროფა იქნებოდა“ – რამ შეუშალა ხელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის სწრაფად ჩაქრობას?

თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნოლოგიებით ურთულეს ხანძარებთან გამკლავება შესაძლებელია. სწორედ ეს ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ატომურ ელექტროსადგურებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, ფეთქებადი და სწრაფად აალებადი მასალების საწყობებსა თუ ცათამბჯენებზეც ცეცხლის ჩაქრობა უმოკლეს დროში მოხდეს. მაშინ რატომ გახდა პარიზის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი გამოცდილი და კარგად აღჭურვილი ფრანგი მეხანძრეების პრობლემა?

პარიზის ღვთისმშობლის ღვთისმშობლის ხანძარმა, რომელიც საათების განმავლობაში გაგრძელდა, ისტორიულ შენობას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. საკათედრო ტაძრის სახურავი და ჭერის კონსტრუქციები მთლიანად განადგურდა, დაზიანდა შიდა სივრცეები შუა საუკუნეების უნიკალური ინტერიერითა და დიდი ისტორიული და მხატვრული ღირებულების რელიგიური საგნებით.

ხანძრის შემდეგ ბევრმა საფრანგეთის საგანგებო სამსახურები დაგვიანებულ რეაქციასა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.  ნამდვილად ასეა თუ არა? რატომ მისცეს მეხანძრეებმა  ცეცხლს გაძლიერების და ისტორიული ძეგლის დაზიანების საშუალება? დღეს ამ კითხვებზე პასუხები უკვე არსებობს.

მთავარი მიზეზი, რომელმაც ხანძარს გავრცელებისა და გაძლიერების საშუალება მისცა, ტექნიკური შეზღუდვები იყო, რომლებმაც მეხანძრეებს ფაქტობრივად, ხელ-ფეხი შეუკრა. დიახ, ცეცხლის ეფექტური ქრობისთვის მთავარ დაბრკოლებად 850 წლის შენობის უნიკალურობა იქცა. ცეცხლის ქრობისთვის დიდი რაოდენობით წყლის გამოყენება ორი მიზეზის გამო, შეუძლებელი გახდა:

  1. გახურებულ ქვაზე წყლის მოხვედრა ტემპერატურის ვარდნას და ქვაზე ბზარების გაჩენას გამოიწვევდა.
  2. ქვის კონსტრუქციებზე ტონობით წყლის მოხვედრა მათი წონის მნიშვნელოვან ზრდას და შესაბამისად, ჩამონგრევის რისკს გაზრდიდა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კედლები ფრანგული ქვიშაქვისგან აიგო, რომელიც დასველების დროს თვისებებს იცვლის, ამიტომ წყლით ქრობის შემთხვევაში მზიდი კედლების გადარჩენის შანსი მცირდებოდა.

ესპანეთის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ხავიერ რივერა ბლანკომ ფრანგ მეხანძრეებს მოუწოდა წყლის გამოყენებაზე საერთოდ უარი ეთქვათ. მისი აზრით, წყალი ბევრად უფრო საშიშია ტაძრის კონტრუქციისთვის, ვიდრე ცეცხლი. ბლანკომ 1966 წელს ესპანეთის ქალაქ ლეონის გოთიკურ ტაძარში გაჩენილი ხანძარი გაიხსენა, როდესაც ცეცხლი სპეციალური ფხვნილისა და ქაფის დახმაფრებით ჩააქრეს და შენობის უმეტესი ნაწილი გადაარჩინეს.

„უმჯობესია ხის დაწვა დაუშვათ, ვიდრე ქვის კედლებზე წყალი ასხათ, რადგან წონის გაზრდამ შეიძლება სტრუქტურის დაშლა გამოიწვიოს”- განაცხადა ბლანკომ.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც  მეხანძრეებს ცეცხლის სწრაფად ჩაქრობაში ხელი შეუშალა, თავად ტაძრის არქიტექტურა იყო. ჩვეულებრივ, შენობის სახურავზე ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში მეხანძრეები სახურავს ხსნიან და მიღებული ღიობების დახმარებით ქრობის სამუშაოებს იწყებენ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კონუსური და მაღალი დახრილობის მქონე სახურავები ასეთი მიდგომის შესაძლებლობას მთლიანად გამორიცხავდა.

ამერიკელმა ექსპერტმა და ძველმა მეხანძრემ გრეგ ფავრმა კიდევ რამდენიმე მიზეზი დაასახელა, რომელმაც ფრანგ სპეციალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა.

„სრულიად ნათელია, რომ ტაძრის სხვენსა და სახურავზე წყლის მიწოდება წარმოუდგენლად საშიში იყო, რადგან კონსტრუქცია შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს ჩამოშლილიყო. ეს უფრო დიდი კატასტროფა იქნებოდა“.

ფავრის თქმით, მაშინაც კი, როდესაც ხანძრის ქრობაზე მაღალი კლასის სპეციალისტები მუშაობენ, დაბნეულობის ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს. პირველ წუთერში დანამდვილებით არავინ იცოდა, მოხდა თუ არა ტაძრიდან ხალხის მთლიანად ევაკუაცია. ფავრი ამტკიცებს, რომ ფრანგი მეხანძრეები სწორად მოქმედებდნენ, როდესაც არ იჩქარეს წყლის გამოყენება – თუნდაც საქმე შუასაუკუნეების ყველაზე უნიკალურ შენობებსა და ნაგებობებს ეხებოდეს, ადამიანის სიცოცხლე უპირატესია.

 

ფავრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მეხანძრედ ითვლება, ფრანგი მეხანძრეების არაკომპეტენტურობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. ის მიიჩნევს, რომ პარიზში უმაღლესი კლასის მეხანძრეები მუშაობენ და მათთვის პრეტენზიების წაყენება უსამართლოა.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close