სამართალი

„ტელევიზორში ვინც გვანახეს 2 მეტრია და ეს პატარა ბიჭია” – ბადრი ესებუას ნათესავები ბანკზე თავდასხმაში მის მონაწილეობას გამორიცხავენ

მეექვსე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებს. პარალელურად, მედიაში ძებნილის სავარაუდო ვინაობა დასახელდა. მედიის ცნობით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუაა.

“კურიერი” ბადრი ესებუას ოჯახს და ახლობლებს ესაუბრა. ესებუას მშობლები დუმილს ამჯობინებენ. ნათესავების თქმით კი, ბადრი ესებუა ბოლოს 23 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს.

ესებუას ნათესავები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ის სავარაუდო ძებნილია და ამბობენ, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ბანკზე თავდასხმასთან.

მათივე თქმით, ბადრი ესებუა თბილისში იმყოფება, თუმცა რა მიზეზით იმყოფება ის დედაქალაქში, ნათესავები ვერ აკონკრეტებენ.

თბილისშიაო წასული და რატომ წავიდა ახლა, მაგას ვერ გეტყვი, შეიძლება პაემანზე წავიდა. სენაკის ბაზაში მსახურობდა, 2008 წლის ომის შემდეგ არტილერისტი იყო, მგონი. ომის მონაწილეც არის, იმის შემდეგ მას სამხედრო ფორმა არ ჩაუცვამს. რატომ არ არის, იცით, ამის გამკეთებელი? – იმიტომ, რომ სიმაღლე არ ემთხვევა. სენაკის ბაზაში ხომ არის ეს მონაცემები, წონაც არის, ზომაც, ფეხი რა ზომაც აქვს, თავის ზომაც არის აღებული, ეს მონაცემები შეადარონ ვიზუალურად, ბანკში ვინც იყო იმისას,” – აცხადებს ბადრი ესებუას ნათესავი.

“ცხვრებს მწყემსამვდა აქ, ყოველ დილით მიჰყავდა. აქ იყო სახლში, სამი დღის წინ აქ იყო, მომესალმა, ვსაუბრობდით… 2 მეტრია ის კაცი, ტელევიზორში ვინც გვანახეს, ტერორისტი და ეს პატარა ბიჭია,” – განაცხადა ესებუას ნათესავმა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით – 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close