ეკონომიკა

სხვადასხვა დარგში მომზადებული გვაქვს ორმოცამდე საინვესტიციო პროექტი, რომელიც მილიარდობით ახალ ინვესტიციას მოიტანს – თურნავა

სხვადასხვა დარგში მომზადებული გვაქვს ორმოცამდე საინვესტიციო პროექტი, რომელიც თავის წილ მილიარდობით ახალ ინვესტიციას მოიტანს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ამ პროექტებს ეკონომიკური გუნდის შიგნით ვამუშავებთ და პრემიერ-მინისტრს გავაცანით. ეს არის მაგალითად, განახლებადი ენერგეტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, არა მხოლოდ ჰესები, საუბარია ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე და ისეთ ახალ ტექნოლოგიაზე, რომელსაც რეგიონში პირველები ვამუშავებთ. ეს არის მწვანე წყალბადი, ასე ვთქვათ, მომავლის ენერგეტიკული ტექნოლოგია. გვაქვს ისეთი ამბიციური პროექტი, როგორიც არის შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანა, რომელიც არანაკლები მნიშვნელობის პროექტია, ვიდრე თავის დროზე, თუნდაც, „შაჰდენიზი“ იყო, როდესაც ის განხორციელდება და საქართველოს და მთელ რეგიონს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ფიზიკურად დააკავშირებს. არის მთელი რიგი ლოჯისტიკური პროექტები, შავი ზღვის აკვადორიის საპორტო განვითარება. პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ ახლა ვასრულებთ სტრატეგიას, რომელიც განსაზღვრავს, რომელი პორტი რა მიმართულებით უნდა განვითარდეს, რომ უფრო მეტად მოემსახუროს საქართველოს ამოცანებს და საჭიროებებს, როგორც ჩვენი რეგიონის კარიბჭეს და რა თქმა უნდა, არის ასევე ტურისტული პროექტები“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მომზადებულია ასევე ტურისტული პროექტები და 2022 წელი ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ტურიზმს გლობალურად და საქართველოშიც დიდი დარტყმა მიაყენა, აღდგენა იმაზე სწრაფად მიდის, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. უკვე დღეს ჩანს, რომ ტურისტული ობიექტების მშენებლობა, კურორტების განვითარება კვლავაც აქტუალური არის და იქნება. ჯამში, ჩვენ გვაქვს 28 ახალი ტურისტული პროექტი. ზოგი არის ტრადიციული, ჩვენი ტურისტული დასახლებების განვითარება, ზოგი კი სრულიად ახალია, არა მარტო ერთი კონკრეტული სასტუმროს, არამედ მთლიანად ტურისტული არეალის განვითარება, რომელიც არა ქაოტურად, არამედ თავიდანვე სწორად დაგეგმვით მოხდება. დარწმუნებული ვართ, ეს პროექტები ძალიან საინტერესო იქნება ძალიან ბევრი ინვესტორისთვის. ანუ, 2022 წელი ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება და სულ ახლო პერიოდში ბევრი მასშტაბური პროექტი იქნება გახმოვანებული“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები აუცილებლად უნდა განვითარდეს.

„ნამახვანის“ პერიპეტიებმა გვაჩვენა, რომ ასეთ სტრატეგიულ პროექტებში რა თქმა უნდა, უფრო მეტ ნდობას იწვევს ის ფაქტი, თუ სახელმწიფო არის ლიდერი და სახელმწიფო უფრო მეტ გადამწყვეტ სიტყვას ამბობს. ამ ტიპის პროექტებში სახელმწიფო მზად არის ლიდერობისთვის, რადგან ეს ისეთი სტრატეგიული პროექტებია, რომლისთვისაც რესურსი ყოველთვის მოინახება“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წიაღის მოპოვების სექტორის რეგულირების თვალსაზრისით კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ცვლილება მიმდინარეობს.

„კონკრეტულად ჩვენ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დახმარებით ძალიან მასშტაბურ რეფორმას ვახორციელებთ და ამ რეფორმის ერთ-ერთი მდგენელი არის ის, რომ ლიცეზიანტებზე სოციალური და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობა თავიდანვე ძალიან მკაფიოდ იყოს განსაზღვრული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close