Sliderსაზოგადოება

სკანდალი ეროვნულ ბიბლიოთეკაში – ლომჯარია კეკელიძის წინააღმდეგ

სახალხო დამცველმა ბიბლიოთეკაში განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროების ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველის აპარატმა სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა – ნინო ლომჯარიამ  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამუშაო ადგილზე განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროების ფაქტი  დაადგინა.
ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, თანამშრომელ ბადრი მანჯავიძესთან, რომელმაც სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა შესაძლო შევიწროების გამო, შრომითი ურთიერთობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით და მომავალში, როგორც მანჯავიძეს, ასევე ყველა დასაქმებულს შეუქმნას თანასწორი სამუშაო გარემო, შეიმუშავოს შიდა რეგულაცია მოხელეთა წახალისების წესების შესახებ იმგვარად, რომ გამოირიცხოს დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა.
საქმის დეტალები: განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროებას განმცხადებელი, ბადრი მანჯავიძე, უკავშირებდა მის მიერ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირების ქმედებების კრიტიკას. მანჯავიძის განცხადებით, მას და მის განყოფილებაში დასაქმებულ თანამშრომელებს, როგორც სხვებს,  არ მიეცათ ფულადი ჯილდო.
“მე ბადი მანჯავიძე ,დღესაც  ვმუშაობ   საქართვეოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.  2019 ლის 31ნოემბეს ფეისბუქით გავასაჯაროვე  ვიდეოები, სადაც ბიბიოთკის წიგნსაცავებში ფონდების ჯოჯოხეთური მდგომარეობაა ასახული. თუ როგორ კეთდება წიგნსაცავებში შედუღებითი და სხვა მძიმე სამშენებლო სამუშაოები წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების თავზე , ისე,  რომ ფონდების გამოტანა საცავებიდან არ მომხდარა, თუმცა ტენდერის პირობით გათვალისწინებული იყო საცავების ფონდებსგან დაცლა.
მას შემდეგ, რაც არაერი დარღვევის თაობაზე 2019-2020 წლებში წერილობით ვაცნობე პარლამენტის თავმჯდომარეს, აპარატის უფროსს და  ეროვნული  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ჩამომაჭრა კორპორატიული ტელეფონით სარგებლობის თანხა. ასევე არ მომცა ფულადი ჯილდო, ,აღნიშნული გადაეცა ყველა სხვა დანარჩენ საჯარო მოხელეს, მაშინ როცა  ჩემი მუშაობა 2019 წლის პერიოდში შეფასებული იყო უმაღლესი ქულით. ამ და  სხვა ტიპის შევიწროვების არაერთ ფაქტზე  განცხადებით  მივმართე  საქართველოს სახალხო დამცველს. 10 თვის თავზე, სახალხო დამცველმა დაადასტურა ჩემი “განსხვავებული შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციის“ ფაქტი .  2020 წლის 10 სექტემბერს გამოსცა რეკომენდაცია და გადაუგზავნა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს.  გადაუგზავნა მას, ვინც განახორციელა და დღესაც ცდილობს ჩემს შევიწროვებასა და დისკრიმინაციას!
ფაქტიურად  ვიბრძოლე, რომ   ქალბატონ ნინო ლომჟარიას  დაედო  დასკვნა.  მისმა აპარატმა  ამას  ათი თვე მოანდომა, მაშინ როდესაც  ყველაფერი დღესავით ნათელი იყო და მსგავს საქმეებზე შესწავლის, მაქსიმუმ  ექვსთვიანი პრაქტიკაა .
რეკომენდაციაზე  შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად გ კეკელიძეს კანონით განსაზღვრლი აქვს 20 დღიანი ვადა, თუმცა დღემდე არავინ  შემხმიანებია. არ ვიცი რას მოიმოქმედებს   გიორგი კეკელიძე , ვეჭვობ, რომ   არად დაგიდევთ თანაკლასელ ლომჯარიას   რეკომენდაცას. მეტიც,  ყოველმხრივი  დაუსჯელობით წახალისებული,  კვლავ  გააგრძელებს  კანონსაწინააღმდეგო  ქმედებებს. ასეთი დისკიმინაცის დადასტურების  ფქტები, სახალხო დამცველს აპარატიში  იშვიათობაა  და მითუფრო ისეთ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებლებაზე როგორიცაა ბიბლოთეკა – პრველია” – აცხადებს ბადრი მანჯავიძე.
ნინო ლომჯარიას აპარატის მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ ბადრი მანჯავიძე დასაქმებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კონკრეტული თანამდებობის პირთა ქმედებებმა გამოიწვია მისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახველი სამუშაო გარემოს შექმნა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა პროტესტის გამოხატვის და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული დარღვევების გასაჯაროების გამო.
მანჯავიძემ 2019 წლის 30 აპრილის N363 განცხადებით პროტესტი გამოხატა ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული დარღვევების გამო და სახალხო დამცველს წარუდგინა
ვიდეოჩანაწერები, რომლის ნაწილიც მან თავის დროზე ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებსაც გადაუგზავნა, თუმცა, აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია. მანჯავიძე მიიჩნევს, რომ სწორედ პროტესტის გამოხატვამ განაპირობა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამდებობის პირების მხრიდან მტრული დამოკიდებულება, რაც დღემდე გრძელდება და ეს 2019 წლის 12 ნოემბრის წერილით დასტურდება. მანჯავიძე განმარტავს, რომ 2019 წლის ივნისის თვიდან მხოლოდ მას შეუმცირდა კორპორატიული ტელეფონით სარგებლობის თანხის ოდენობა. მანჯავიძემ აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მუშაობა მაქსიმალური ქულით შეფასდა, არ მიუღია ფულადი ჯილდო, რომელიც სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებაში დასაქმებულ ყველა სხვა საჯარო მოხელეს, 2019 წლის 26 დეკემბერს, ჩაერიცხა.
მანჯავიძე განმარტავს, რომ როდესაც წიგნსაცავებში შიდა სამუშაოები დაიწყო ფონდების დაუცლელად, იგი 2018 წლის ივნისში დაუკავშირდა საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს – ლევან თაქთაქიშვილს, რასაც მისი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია; ამის შემდეგ, 2018 წლის 26 ივნისს სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეო-ჩანაწერები გაუგზავნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს მირიან ხოსიტაშვილს, ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორს სოფიო გულიკაშვილს და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს ლევან თაქთაქიშვილს. 2018 წლის 7 დეკემბერს კი მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა გიორგი კეკელიძეს სოციალური ქსელის საშუალებით, რომელიც მაშინვე ნახა; ასევე, 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში ვიდეოები მისი ტელეფონით აჩვენა ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს.
საქმის წარმოების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატმა ოთხჯერ მიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2019 წლის 13 დეკემბრის წერილით სახალხო დამცველს ეცნობა ეროვნული ბიბლიოთეკის მე-6 კორპუსის მე-2 ბლოკის ექვსსართულიანი წიგნების საცავის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ დეტალები. ამასთან, მოპასუხემ 2020 წლის 23 იანვრის წერილში განმარტა, რომ 2019 წლის 26 ივნისს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დადო ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბიბლიოთეკის გარკვეული საჯარო მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, 445 თანამშრომლიდან მხოლოდ 77 თანამშრომლისათვის განისაზღვრა მობილური სატელეფონო საუბრების ახალი ლიმიტი. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ ლიმიტის განსაზღვრა განპირობებულია მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, რამდენად ესაჭიროება სატელეფონო საშუალებით კომუნიკაცია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ჯილდოს გაცემასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ წახალისება ხორციელდება ყოველწლიური შეფასების შედეგების გათვალისწინებით. ვინაიდან ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტით საპრემიო ფონდი არ არის განსაზღვრული, ჯილდოს გამოყენება დამოკიდებულია შრომის ანაზღაურების მუხლში წარმოქმნილ ეკონომიაზე. ასევე მოპასუხემ დაადასტურა, რომ განმცხადებლის იდენტური შეფასების მქონე სამეურნეო განყოფილების სხვა თანამშრომლებს მიეცათ ფულადი ჯილდო. მოპასუხემ განმარტა, რომ სხვა შემთხვევებში განმცხადებლის მიმართაც განხორციელებულა წახალისების სახით ფულადი ჯილდოს მიცემა, მაშინ როცა სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების სხვა თანამშრომლებს ფულადი ჯილდო არ მისცემიათ. განმცხადებლის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ განმცხადებლის ქმედებებში იკვეთება ეროვნული ბიბლიოთეკის რეპუტაციის შელახვის ნიშნები. მისი პროტესტი განპირობებულია მოტივაციით, დაეკავებინა უფრო მაღალი თანამდებობა, რაც მან არაერთხელ გააჟღერა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2020 წლის 23 იანვრის წერილის თანახმად, მოპასუხე განმარტავს, რომ მაღალი თანამდებობის დაკავების სურვილით განმცხადებელმა მიმართა გენერალურ დირექტორს – გიორგი კეკელიძეს, ასევე მის მოადგილეს – მირიან ხოსიტაშვილს და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს – ლევან თაქთაქიშვილს . მოპასუხის განმარტებით, განმცხადებელს აუხსნეს, რომ ვაკანტური თანმდებობის დაკავება ხდება კონკურსის საფუძველზე და მას შეეძლო მონაწილეობა მიეღო საჯარო კონკურში“ – აღნიშნულია ლომჯარიას დასკვნაში.
რაც შეეხება დასკვნის ძირითად ნაწილს. სახალხო დამცველის აპარატი თვლის, რომ სახეზეა შევიწროების კლასიკური მაგალითი: „საქმის ფაქტობრივი გარემოებები შევიწროების შესახებ სტანდარტის ჭრილში სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის სამუშაო ადგილზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის მხრიდან, განსხვავებული შეხედულების ნიშნით შევიწროების შემადგენლობას“.
სახალხო დამცველის შეფასებით, გიორგი კეკელიძეს იმგვარად უნდა გადაენაწილებინა ფინასური სახსრები, რომ ერთნაირი შეფასების ყველა თანამშრომელს მიეღო პრემია. სახალხო დამცველის შეფასებით, მანჯავიძის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები მიუღებელი აღმოჩნდა კეკელიძისთვის.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანსაღი შრომით სამართლებრივი ურთიერთობისათვის, აუცილებელია დამსაქმებელმა დასაქმებულებს არ შეუქმნას მტრული სამუშაო გარემო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ განმცხადებლის ქმედებები, მოპასუხის აღქმით, ემსახურებოდა ეროვნული ბიბლიოთეკის რეპუტაციის შელახვას. ამასთან, სახალხო დამცველის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს რეპუტაციის შელახვის ვარაუდი ჰქონდა, სრულყოფილად უნდა შეესწავლა საკითხი და, განმცხადებლის ქმედებების საპასუხოდ, შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. სახალხო დამცველი ყურადღებას გაამახვილებს ასევე მოპასუხის არგუმენტაციაზე, რომ განმცხადებლის პროტესტი ნაკარნახევია მოტივაციით, დაეკავებინა უფრო მაღალი თანამდებობა, რაც არაერთხელ იქნა გაჟღერებული მისი მხრიდან. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ ასევე წარმოადგინა ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის ახსნა-განმარტებები. სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ დაწინაურებაზე უარმა, თავის მხრივ, შესაძლოა, განმცხადებლის განაწყენება განაპირობა და სწორედ ამას უკავშირდება მისი მხრიდან პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მისამართით პროტესტის გამოხატვა, თუმცა, აღნიშნული ვერ გამართლებს მტრული გარემოს შექმნას“ – აღნიშნულია ლომჯარიას დასკვნაში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close