Sliderსაზოგადოება

“სიტყვა დარბევა ცოტაა იმის გადმოსაცემად, რაც 10 წლის წინ, 26 მაისის ღამეს რუსთაველზე ხდებოდა”

“ეს ფოტო 2011 წლის 26 მაისის სისხლიან ღამეს გიორგი აბდალაძეს გადაუღია. მე, პრესის ჟურნალისტი, ძირს ვეგდე (თეთრ ჟაკეტში) და ჩემი სტუდენტობის მეგობარს,  ზვიად გიორგაძეს, გალუმპული ჯინსის ქურთუკის ქვეშ ვმალავდი. სწორედ ამ ქურთუკისთვის გამოვიყვანე სახლიდან, სველი ვარ და ტანსაცმელი გამომიტანე-მეთქი. მიტინგს ვაშუქებდი… არ დამტოვა, აქ ამაღამ დარბევა იქნებაო… დარბევა ცოტაა იმის გადმოსაცემად, რაც 10 წლის წინ, 26 მაისის ღამეს რუსთაველზე ხდებოდა. ვმალავდი იმიტომ, რომ კაცებს უფრო სასტიკად ექცეოდნენ, გონის წასვლამდე სცემდნენ, მერე ხელბორკილებს ადებდნენ და ყვითელ ავტობუსებში მიათრევდნენ. ვერ ვუშველე, ხელში კინაღამ ჩამაკლეს. დაიჭირეს და “პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის” 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ნეტავ, სადაა ახლა ის მოსამართლე, რომელ სამართალს ემსახურება? ან ის პოლიციელები სად არიან, ხალხს ცემით ცხვირ-პირზე რომ ტყავი გადააძრეს?! ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ, არსად წასულან. სულაც არ ვარ ადამიანის სამსახურიდან გაშვების მომხრე, მაგრამ მათი ბუნებიდან ამ სადიზმს ვინმე ამოშანთავს? ან იმ მოსამართლე ქალბატონისგან მართლმსაჯული დადგება როდისმე?!
ბოღმიანი არ ვარ, პირიქით, როგორც მაშინ, ისე ათი წლის შემდეგაც გული იმაზე უფრო მტკივა, შენი ხალხის უმოწყალოდ ცემა რომ შეგიძლია, შენი ხალხის უსამართლოდ დასჯა რომ შეგიძლია და ის დრო ხომ ხახვივით შეგრჩა, ახლა ეს დროც შენია. არადა, მთელ ქვეყანას გვიხაროდა, სახელმწიფო რომ ნამდვილ სახელმწიფოს დაემსგავასა. შევარდნაძის დროინდელი, ღიპგადმოგდებული, ჯორკოიანი ინსპექტორები და მილიციელები პატრულის გასრიალებულმა ბიჭებმა რომ ჩაანაცვლეს. გვიხაროდა გზა, კვალი, სითბო, სინათლე, ცივილიზაცია, ევროპული სტანდარტები… მაგრამ სადიზმმა და სისასტიკემ ყველაფერი დაანგრია და გააცამტვერა. ხანდახან ასეც სცოდნია უსაზღვრო უფლებებს – აღმშენებლიდან დამნაშავემდე დაცემა. ამაზეც მწყდება გული, ჯერ ერთი, რომ წყალში გეყრება ყველაფერი, რაც ქვეყანასა და შენს სახელს გაუკეთე, მერე კიდევ, ჩვენს ბედკრულ სამშობლოზე ის მოვლენები დღემდე ცუდად ისახება.
გუშინდელი ამაღლებული განწყობის შემდეგ იქნებ არც ღირდა იმ ტკივილიანი წარსულის გახსენება, მაგრამ გვერდი ვერ ავუარეთ, ვერც მე და ვერც ჩემმა მეგობარმა. და სანამდე ცოცხალი ვიქნები, როცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ჩავუვლი, ყოველთვის გამახსენდება ეს თეთრი ჟაკეტი, რომელიც პირველ ფოტოზე მაცვია და ის სველი ჯინსის ქურთუკი, რითაც ჩემი მეგობრის დამალვას ვცდილობდი.
პ.ს. ფოტოები გახსენებისთვის. უკვალოდ არაფერი ჩაივლის, ვერც 2011 წლის 26 მაისის ღამემ ჩაიარა” – წერს ვეტერანი ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე სოციალურ ქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close