საზოგადოება

“საყდრისის კომიტეტი” გელათის მონიტორინგის პროცესში ოფიციალურად ჩაერთო

22 იანვარს, “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ. შეხვედრა, რომელიც აქტივისტების მოთხოვნით შედგა მიზნათ ისახავდა სააგენტოს პირველი პირებისგან გელათის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღებას. ამავე შეხვედრაზე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თანხმობა განაცხადა “საყდრისის კომიტეტი” ოფიციალურად ჩაერთოს გელათის სამონასტრო კომპლექსის მონიტორინგში. “ჩვენ 2020 წლის აპრილიდან თვალს ვადევნებთ გელათში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე გადასახური სამუშაობით გამოწვეული ხარვეზების გამოსასწორებელ ღონისძიებებს, ვიმედოვნებდით, რომ ამჯერად მაინც სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დროულად აღმოფხვრიდა ძეგლზე არსებულ საფრთხეებს, თუმცა იმის გამო, რომ პრობლემის დაძლევის გზები არაეფექტური აღმოჩნდა, “საყდრისის კომიტეტმა” 2021 წლის 18 იანვარს ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს და პროცესში ჩართვა მოვითხოვეთ” – აცხადებენ “საყდრისის კომიტეტში”. ადგილზე მონიტორინგის გარდა იგეგმება საპროექტო, სატენდერო, საზედამხედველო დოკუმენტაციის გამოთხოვა, ამ მიზნით “საყდრისის კომიტეტი” ასევე წერილობით მიმართავს მსოფლიო ბანკის მიერ სპეციალურად დაქირავებულ ესპანურ კომპანია “ეპტისას”, რომელიც ზედამხედველობას უწევდა გელათის სარებილიტაციო სამუშაოებს. “საყდრისის კომიტეტი” საქართველოში 2014 წლიდან კულტურულ მემკვიდრეობას იცავს და გელათის სამონასტრო კომპლექსი იქნება მეშვიდე ძეგლი (სათხე, ანანური, ფიტარეთი, ხულუტი, სამშვილდე, ვარძია), რომელსაც აქტივისტები სრულმასშტაბიან მონიტორინგს გაუწევენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close