საზოგადოება

საქართველოს უნივერსიტეტი: შემაშფოთებელი იყო პრემიერის მიერ ჩვენს სტუდენტებზე გავრცელებული ინფორმაცია, რასაც მოვიაზრებთ მათ შეურაცხყოფად

იმისათვის, რომ მომავალში თავიდან აცილებულ იქნას ყალბი ინფორმაციის გავრცელება, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ უნივერსიტეტი დააარსეს და მათთვის ის არავის „გადაუცია“. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, ყველაფერი შეძენილია ღია აუქციონზე და გადახდილია 4 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს თანხა უნივერსიტეტმა საბანკო კრედიტის საშუალებით დაფარა. ცხადია, ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი საჯაროდაა ხელმისაწვდომი.

საქართველოს უნივერსიტეტი უნივერსიტეტი ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ლახავს უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს და არ შეესაბამება სინამდვილეს.

“საქართველოს უნივერსიტეტი შეშფოთებულია გუშინ, 12 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ლახავს უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს და არ შეესაბამება სინამდვილეს.

საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის შეძენასთან დაკავშირებით წლებია ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. გუშინაც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თითქოს უნივერსიტეტი გიული ალასანიას გადაეცა 1 ლარად. გვსურს იმედი დავიტოვოთ, რომ პრემიერის განცხადება განპირობებულია არა ცილისწამების მიზნით, არამედ ინფორმაციის უქონლობით.

იმისათვის, რომ მომავალში თავიდან აცილებულ იქნას ყალბი ინფორმაციის გავრცელება, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ უნივერსიტეტი დააარსეს და მათთვის ის არავის „გადაუცია“. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, ყველაფერი შეძენილია ღია აუქციონზე და გადახდილია 4 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს თანხა უნივერსიტეტმა საბანკო კრედიტის საშუალებით დაფარა. ცხადია, ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი საჯაროდაა ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით ვაპირებთ სამართლებრივი პროცედურების დაწყებასაც და მზად ვართ, ამ თემაზე დეტალურად ვისაუბროთ ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში, ნებისმიერ პირთან, მათ შორის, ბატონ პრემიერთანაც.

აქვე ვიტყვით, რომ უნივერსიტეტის დაარსებას ჰქონდა ერთი მთავარი მიზანი – ახალგაზრდა თაობისთვის მაღალი დონის განათლებისა და შესაძლებლობების მიცემა, მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათთვის სამომავლო პერსპექტივების გაჩენა. წლებია, უნივერსიტეტი პირნათლად ასრულებს ამ მოვალეობას და დღეს საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო რეპუტაციული მარეიტინგებელი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია ამიერკავკასიაში საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად, რომელსაც ჰყავს ათასობით კურსდამთავრებული და სტუდენტი. გარდა ამისა, ის ასაქმებს ათასზე მეტ ადამიანს პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის სახით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იცავს ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში, ის აპოლიტიკური დაწესებულებაა, სადაც ადამიანი იღებს ობიექტურ განათლებას. აღსანიშნავია, რომ აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი არაერთი თვალსაჩინო პირიც.

გარდა ზემოთქმულისა, ჩვენთვის უფრო შემაშფოთებელი იყო გუშინ პრემიერის მიერ ჩვენს სტუდენტებზე გავრცელებული ინფორმაცია, რასაც მოვიაზრებთ მათ შეურაცხყოფად: ბატონმა ღარიბაშვილმა ისინი წარმოაჩინა, როგორც უნივერსიტეტის მიერ მართული ჯგუფი. ასევე შემაშფოთებელი და გულდასაწყვეტია მისი მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება, როგორც „ძირგამომთხრელის და არასახელმწიფოებრივის“. საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ ზრდის თავისუფლად მოაზროვნე თაობას, რომელიც თავად წყვეტს, რომელ აქციაზე დადგეს, რა მოითხოვოს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები, იქნება ეს უნივერსიტეტის კედლებს შიგნით თუ მის გარეთ. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ქართველმა სტუდენტებმა არაერთხელ ითამაშეს გადამწყვეტი როლი და მიგვაჩნია, რომ ამ როლის დაკნინება სტუდენტებისთვის სილის გაწვნის ტოლფასია.

საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იდგება ნათელ მხარეს – სამშობლოსა და ახალგაზრდების ინტერესების სადარაჯოზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close