პოლიტიკა

საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება, დავუშვათ მეორე ტრაგიკული ბედის პრეზიდენტის ისტორიის შექმნა

მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხეში გამოცხადებული შიმშილობა კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას, შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე შესაძლოა, დრამატულად სახიფათო აღმოჩნდეს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების დროსა და ფორმაზე შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ დღეს პრეზიდენტის ციხეში ყოფნა ურთულეს პოლიტიკურ რეალობას ქმნის. სიტუაციას ამძიმებს საქართველოში არსებული პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების პირდაპირი დადასტურებაა. ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევა და მათ მიერ გამოთქმული პატიმრის ღირსების შემლახავი შეფასებები სრულად გაცდენილია პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და მორალის ჩარჩოებს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხეში გამოცხადებული შიმშილობა კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას. შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე შესაძლოა, დრამატულად სახიფათო აღმოჩნდეს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მათ. აქ მხოლოდ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა არ დგას. საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება, დავუშვათ მეორე ტრაგიკული ბედის პრეზიდენტის ისტორიის შექმნა. ასეთი დამღით ქართული საზოგადოება ვეღარასოდეს შეძლებს სამოქალაქო ერთობას და ნორმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close