Sliderსაზოგადოება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ს შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსებული ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე ერთობლივი, ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი პროგრამა – „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“ ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის 12 სტუდენტს სასწავლო წლის ბოლოს შესაძლებლობა ექნება ორი, ქართული და ფრანგული დიპლომი აიღოს, – ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავიდ ტერტრი ესტუმრნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ქვარცხავამ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ელჩს დიეგო კოლასს და სტუმრებს ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი ის სასწავლო ლაბორატორიები გააცნეს, სადაც ერთობლივი, ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. სტუმრებმა სურსათის უვნვებლობის, მიკრობიოლოგიისა და ბიოლოგიის უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორები დაათვალიერეს, რის შემდეგაც ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა.
შეხვედრა გახსნა და ახლადამოქმედებული ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის მნიშვნელობაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ისაუბრა.
„დღევანდელი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზოგადად, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის. იწყება ერთობლივი, ფრანგულ-ქართული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება. ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას – „სასურსათო ტექნოლოგიები“ დაემატა რენ 1 უნივერსიტეტის 60-კრედიტიანი მოდული „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“ და ამ მოდულის დამთავრების შემდეგ სტუდენტები ორ დიპლომს მიიღებენ. ერთობლივ პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სასწავლო კურსს კი ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლებიც წარმართავენ, რომლებმაც შესაბამისი ტრენინგები უკვე გაიარეს. არ შეიძლება, არ აღინიშნოს საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის – ჟან-ივ ლე დრიანისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის – მიხეილ ჩხენკელის განსაკუთრებული როლი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. მნიშვნელოვანია საფრანგეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ელჩის, დიეგო კოლასისა და ყოფილი ელჩის, პასკალ მუნიეს მიერ გაწეული სამსახური, ასევე ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ხელმძღვანელის დავიდ ტერტრის, უნივერსიტეტ რენ 1-ის  პრეზიდენტის დავიდ ალისის და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის თანადგომა. გამოვთქვამ იმედს, რომ მსოფლიო პანდემია თანამშრომლობის განვითარებას  ხელს ვერ შეუშლის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის შეიტანს წვლილს ქვეყნის განვითარებაში და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებთან ერთად, იზრუნებს განათლების სისტემის სრულყოფისთვის“, – განაცხადა  რექტორმა დავით გურგენიძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა სტუდენტებსა და შეკრებილ საზოგადოებას  ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება მიულოცა.
„ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაარსების შესახებ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობათა შორის შეთანხმების ხელმოწერა თანამშრომლობის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში უნივერსიტეტის საბჭოც შეიქმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტიანად და შეუფერხებლად წარმართვას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ს შორის შემდგარი თანამშრომლობის შედეგად, ამოქმედდა ერთობლივი ორდიპლომიანი პროგრამა – „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქართველი სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გაივლიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები. აქვე მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ფრანგულ მონპელიე სუპაგროსთან, რაც ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის – „მევენახეობა და ენოლოგია“ დანერგვას ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, სტუდენტები, რომლებიც ამ საგანმანათლებლო პროგრამებს აირჩევენ, სამომავლოდ პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან და ხელს შეუწყობენ დარგის სწორ, ეფექტიან განვითარებას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც 2018 წელს, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი დაარსდა, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მედიაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის ორდიპლომიანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში მხარდასაჭერად ჩაერთნენ საფრანგეთის საგარეო და უმაღლესი განათლების სამინისტროები, ბრეტონის ადგილობრივი ხელისუფლება და საფრანგეთის მთავრობის ეგიდით მომუშავე ორგანიზაციები.
„ის, რაც აქ, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტზე ვიხილეთ სასწავლო ლაბორატორიების სახით, ნამდვილად შთამბეჭდავია. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს – მიხეილ ჩხენკელს, რომელიც ყოველთვის ამ იდეის განხორციელებას უჭერდა მხარს და მისი ხორცშესხმა სწორედ მინისტრის დიდი დამსახურებაა. მადლობას ვუხდი ბატონ რექტორს დავით გურგენიძეს, ბატონ დეკანს გიორგი ქვარცხავას, რომ დღეს ეს ფრანგულ-ქართული ორდიპლომიანი პროგრამა მუშაობს“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა თავის გამოსვლაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაარსება ორმხრივ მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის განათლების სისტემისთვის, ასევე, აგრარული სექტორისთვის, რამდენადაც შესაძლებელი გახდება აგრარული მიმართულებით კვალიფიციური, ევროპული განათლების მქონე სპეციალისტების მომზადება და ამ მხრივ არსებული დეფიციტის შევსება.
როგორც დეკანმა გიორგი ქვარცხავამ აღნიშნა, 2014 წელს დაარსებულმა ფაკულტეტმა განვითარების მნიშვნელოვანი  გზა გაიარა. ამჟამად, ფაკულტეტის 4 პროფესიულ, 8 საბაკალავრო, 10 სამაგისტრო და 6 სადოქტორო პროგრამაზე 2000-მდე სტუდენტი სწავლობს. დღევანდელი მდგომარეობით, სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესია ამ მიმართულებით.
„სახელმწიფოს მხარდაჭერამ ტექნიკურ უნივერსიტეტს აგრარული მეცნიერებების მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და ევროპის, აზიის და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამებთან დაახლოების საშუალება მისცა. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაარსებამ კი ჩვენი ფაკულტეტის საერთაშორისო თანამშრომლობა გააღრმავა. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავიდ ტერტრიმ და ფრანგმა კოლეგებმა უდიდესი დახმარება გაგვიწიეს ერთობლივი პროგრამის შემუშავებაში. შედეგად, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, 2020-2021 სასწავლო წლიდან უკვე ხორციელდება საბაკალავრო პროგრამა. 2021-2022 წლიდან, მონპელიე სუპაგროსთან ერთად, სამაგისტრო პროგრამაც ამოქმედდება“, – განაცხადა გიორგი ქვარცხავამ.
შეხვედრის დასასრულ, სტუმრებსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტებს შორის სამომავლო პერსპექტივებზე დიალოგი შედგა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close