სამართალი

სამხედროების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე 2 სამართალდამცველი დააკავეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შსს-ის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელია დაკავებული.

გამოძიების ინფორმაციით, საუბარია სამხედროების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 29 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ჯარისკაცების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის აპარატის მომართვა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close