სამართალი

სამწუხაროა, რომ უფრო მეტი თანხა არ დაეკისრა, უფრო მეტ კეთილ საქმეს მოხმარდებოდა ეს თანხა – კახა კალაძის ადვოკატი ტვ პირველისათვის თბილისის მერის სასარგებლოდ კომპესაციის გადახდის დაკისრების შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ ტელეკომპანიასა და მაია მამულაშვილის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ზაალ მარუაშვილის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „პირველს“ და ამავე არხის წამყვანს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 10 ათასის ნაცვლად, 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

მოსარჩელე მხარე კმაყოფილია, დაცვა კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრეცედენტი. ჩვენ ვართ კმაყოფილი, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა ის გარემოება, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მეშვეობით ჟურნალისტმა, მამულაშვილმა გაავრცელა ცრუ, ყალბი ინფორმაცია, თქვა ტყუილი და ეს დადასტურდა სასამართლოს მეშვეობით. ტელეკომპანია „პირველს“ დაევალა ცნობის უარყოფა, კონკრეტულად 60 მილიონის მოპარვასთანდაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი.

დადასტურდა ჩვენი ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობდა და ეს იყო ცრუ ინფორმაცია. სამწუხაროა, რომ უფრო მეტი თანხა არ დაეკისრა, უფრო მეტ კეთილ საქმეს მოხმარდებოდა ეს თანხა“, – განაცხადა კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ.

მაია მამულაშვილის ადვოკატის, მარი კაპანაძის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

„ სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა ეს სარჩელი. სასამართლომ, ფაქტობრივად, უგულებელყო მოქმედი კანონმდებლობა, არ გაითვალისწინა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით რისკები, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას ახლავს და ისე დააკმაყოფილა სარჩელი“, განაცხადა მამულაშვილის ადვოკატმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close