პოლიტიკა

სამივე ქვეყანას ფაქტობრივად, ერთნაირი დათქმები აქვს, რაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშაონ, თუმცა, ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე. ეს ძალიან სამწუხაროა და ვიცით, რატომ მოხდა – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალში მიიღეს. ამის შესახებ კახა კალაძემ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. როგორც იცით, 23-24 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროსაბჭო მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით – ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლის შემდეგ; შევძელით ვიზალიბერალიზაციის მიღება და დღეს საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში; შევძელით თავისუფალი ვაჭრობის პროექტის ხელმოწერა და მისი განხორციელება და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ ვიტყვი, პირადად მე, ველოდებოდი, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ამასაც აქვს თავისი ახსნა და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, არაფერია დასამალი, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული: მაშინ, როდესაც საუბარი იყო სამ ქვეყანაზე – საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. სამივე ქვეყანას ფაქტობრივად, ერთნაირი დათქმები აქვს, რაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშაონ, თუმცა, ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე. ეს ძალიან სამწუხაროა და ვიცით, რატომ მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა წინასწარი დათქმები შესრულდეს და ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.

ამასთან, დედაქალაქის მერმა დასძინა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს დესტრუქციული ძალების მიერ დასახული მიზნების განხორციელებას, არავის მისცემს საშუალებას, საქართველოს განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ვიწროპარტიული ინტერესებით ქვეყნის განვითარება შეაფერხოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close