საზოგადოება

“როცა კაცი ციხიდან 30%-ს დაგიდებს, უნდა ხვდებოდე, რომ ძალიან უსუსური ხელისუფლება ხარ”

ქართული ოცნების ყოფილი წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სათაურად დაარქმევდა “მიშა მაგარიას”, – ამის შესახებ მან კომენტარი ტელეკომპანია ფორმულასთან გააკეთა.

“ტექსტი არათუ არ პასუხობს თავის მიზანს, არამედ, პირიქით, არის მტკიცებულება ამ მიზნის წინააღმდეგ. მე აღვიქვი, რომ ძალიან მაგარი პიროვნებაა მიშა სააკაშვილი, ესე იგი, წერილს სათაურად დავარქმევდი “მიშა მაგარია”. როცა კაცი ციხიდან 30%-ს დაგიდებს, ესეც უკაცრავად, ამ ანალოგიაზე, შენ უნდა ხვდებოდე, რომ ძალიან უსუსური ხელისფულება ხარ. ქართული ხელისუფლების ვექტორი არის რუსთავი საპყრობილეში და არა კანცელარიაში”, — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ექსპრეზიდენტზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.

ელენე ხოშტარიამ პრემიერმინისტრის ამ განცხადებას ფსკერი უწოდა და დაამატა, რომ ამ გზით ღარიბაშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ პრემიერის წერილს კოტე ყუბანეიშვილის ლექსით უპასუხა და აღნიშნა, რომ მას შიში ალაპარაკებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ “ასეთი სიმდაბლის პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ”. ლელოს ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე ღარიბაშვილის მხრიდან პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკურ საუბარს ამორალურ საქციელს უწოდებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ კი აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი მხნედაა და ქართული საზოგადოება “ღარიბაშვილის ენაჭარტალა მონაჭორს” არ უნდა აჰყვეს. მან პრემიერს “ჩელენჯი” შესთავაზა — განუცხადა, რომ მზადაა, სააკაშვილმა ნარკოტესტი ჩააბაროს და თავადაც იმავენაირად უნდა მოიქცეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close