საზოგადოება

როცა ზოგი არჩევნებში ახეულ ხმებს დასდევს, ზოგიც ხალხს აბრალებს წაგებას, ნამოხვანის აქცია დაარბიეს-ელგუჯა შვანგირაძე

გიორგი შავგულიძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ბლოგერი ელგუჯა შვანგირაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ნამოხვანის აქცია დაარბიეს.
მაშინ, როცა ელექტრონით გაჩაჩხაჩებულ , კომფორტულ და თბილ სახლებში, კომპიუტერთან ფეხმორთხმული საზოგადობა სოცქსელებში კლავს დროს, საკუთარს, თუ სხვისას და აწონებს და უწონებს სხვებს ფოტოებს, სიტყვებს ,აზრებს, ერთობა და ართობს სხვას, ლანძღავს და აქებს ერთმანეთს, და პაუზებში, როცა სასაუბრო თემაც ილევა, მაგრამ რადგან დრო მოსაკლავია, ზანტი მთქნარებით მაინც არკვევს გააყალბეს თუ არა არჩევნები, მოარიგებს, თუ არა ელჩი პოლიტროჟებს, რატომ ჩამოდის პომპეო, რატომ წავაგეთ ფეხბურთი, რა ეშველება ვირუსს, რატომ დადიან “ნარუშილოვკა” საშვებით ,..
ხო, მაშინ როცა საზოგადოება არკვევს რატომ და კიდევ ბევრ სხვა რატომს,
მაშინ, როცა სხვა მასტის პოლიტროჟები კი არა, მუდამ გულზე მუშტმობრაგუნე ეროვნულებიდანაც კი, ზოგი არჩევნებში ახეულ ხმებს დასდევს, ზოგიც ხალხს აბრალებს წაგებას, ზოგი ლოცულობს, ზოგი ანეგდოტებს ყვება, სწორედ მაშინ პოლიცია ნამოხვანის აქციას არბევს.
21 დღე აპროტესტებდა ხალხი თურქული კომპანიის მიერ ჰესის აშენებას, რომელიც აგების შემთხვევაში გაანადგურებს რიონის ხეობას, კლიმატს, ეკოსისტემას, წყალში ჩაძირავს რამდენიმე სოფელს, ეკლესიებს და საფლავებს და ღმერთმა ნუ ქნას, და ამ მიწისძვრების ზონაში მიწა გაირყეს და ჰესის კაშხალი დაზიანდეს ოცმეტრიანი სიმაღლის ტალღა წალეკავს გზადაგზა ყველაფერს და ბოლოს ქუთაისს.
21 დღე იჯდა ხალხი კარვებში, დღე და ღამე, ჯვარიც აღმართეს, იმედით, რომ ინამუსებდა ხელისუფლება და ჯვარს მაინც არ შეეხებოდა. ლოცულობდნენ და თხოვდნენ ყველას დადგომოდნენ გვერდით, თხოვდნენ ბოლო მომენტამდე, როცა მშენებლობასთან მისასვლელ გზაზე ერთმანეთთზე ჯაჭვით გადაბმულები, ფიცშეკრულები, ხელშეკრულები იდგნენ და მთელი ხმით იძახდნენ მამაოჩვენოს, რადგან ღმერთის გარდა არც არავინ დარჩათ საიმედო.
რადგან დანარჩენ საქართველოს არ სცალია, ერთობა, და არკვევს “რატომ”-ს, ადგენს თეორიებს, წერს ტრაქტატებს, და ასწავლის სხვას, თუ როგორ უნდა ეშველოს საქართველოს, და როგორ უნდა უყვარდეთ საქართველო.
და ასწავლიან ვის?,
იმ დედებს, ბავშვებთან ერთად რომ იდგნენ იქ?
იმ ბავშვებს, საკუთარი თვალით რომ დაინახეს მათი დედები მიწაზე როგორ ათრიეს, ჯვრები როგორ წაართვეს? ხატები როგორ გადაუყარეს და ფეხებით გადაუარეს?
თუ აი, იმ ბიჭს, პიანისტი რომ არის?
ხო, პიანისტი, და ყველაზე ძვირფასი რაც შეიძლება მას ჰქონდეს,- ხელია , რომლითაც უკრავს, და რომ იცოდა, რაც დაემართებოდა, მაგრამ რომ გაიმეტა მაინც, და ჯაჭვში რომ ჩააბა,..
და პოლიციელებმაც რომ მიატეხეს, იმ ბიჭს?
იმ ბიჭს ასწავლის, ვინმე რამეს?
არა? აბა, სხვას ასწავლის, როგორ უყვარდეს ქვეყანა?
მივიდეს მაშინ და დადგეს იქ, იმ ხალხთან, ჯაჭვში!“ – წერს ელგუჯა შვანგირაძე.
შეგახსენებთ,რომ რიონის ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ნამახვანი ჰესის მშენებლობას 21 დღის განმავლობაში მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებდა. მოსახლეობა ითხოვს „ენკა რინიუებლზმა“, რომელიც ნამახვანი ჰესს აშენებს, ხეობა დატოვოს და ჰესის მშენებლობაზე უარი თქვას.მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენელთან დიალოგის მოთხოვნით გზა გადაკეტა, თუმცა პოლიციამ აქცია დაშალა.
აქციის მონაწილეები დაშლამდე რამოდენიმე საათით ადრე (+ფოტო) – megatv.geაქციის მონაწილეები დაშლამდე რამოდენიმე საათით ადრე (+ფოტო) – megatv.geაქციის მონაწილეები დაშლამდე რამოდენიმე საათით ადრე (+ფოტო) – megatv.geაქციის მონაწილეები დაშლამდე რამოდენიმე საათით ადრე (+ფოტო) – megatv.ge
ფოტო: megatv.ge
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close