სხვადასხვა

როგორ იქცა covid-19 ქურდების მოკავშირედ? – მილიონებად შეფასებული შედევრები ერთმანეთის მიყოლებით ქრება

„პანდემიის დროს, ქურდებისთვის მუზეუმიდან შედევრის მოპარვა გასეირნებასავით ადვილი გახდა“

26 აგვისტოს ღამით ნიდერლანდების ქალაქ ლერდამის მუზეუმ Hofje van Mevrouw van Aerden-დან ჰოლანდიელი ფერმწერის, ფრანც ჰალსის ნახატი „ორი მომღიმარი ბიჭი და ლუდის კათხა“ მოიპარეს. მუზეუმი კარანტინის გამო დახურული იყო და დამნაშავეებმა გადაწყვიტეს, რომ შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვათ.

Несчастная картина, украденная в третий раз. Франс Хальс, «Два смеющихся мальчика с кружкой пива».

ქურდები მუზეუმში ღამის დაახლოებით, 3:30 წუთზე შევიდნენ.  სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა ბოროტმოქმედებმა პოლიციის მოსვლამდე მიმალვა მოასწრეს.

ტილო, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, 17 მილიონ დოლარზე მეტი ღირს, ბოლო 30 წლის მანძილზე მესამედ მოიპარეს – პირველად, 1988 წელს და მეორედ 2011 წელს. პირველ შემთხვევაში, ნახატი 3 წლის, მეორე შემთხვევაში კი 6 თვის შემდეგ იპოვეს. ორივე შემთხვევაში პოლიციამ ქურდობაში ბრალდებულებიც დაადგინა და პასუხისგებაში მისცა.

2011 წელს, მეორე ქურდობის შემდეგ მუზეუმის დირექციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ჰალსის ნახატი და სხვა ძვირადღირებული ნამუშევრები ცალკე დარბაზში გადაიტანეს, სადაც დამთვალიერებელს მხოლოდ მუზეუმის თანამშრომელთან ერთად შეეძლო შესვლა.

ნიდერლანდებში, მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე ხმაურიანი ქურდობაა. მარტში ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლარენის მუზეუმიდან ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი  მოიპარეს. ქურდები მუზეუმში დაახლოებით, ღამის სამ საათზე შეიპარნენ და 1884 წელს შესრულებული ნამუშევარი Spring Garden (გაზაფხულის ბაღი) მოიპარეს. ნახატზე მღვდელი და მისი სახლის ეზოა გამოსახული. კორონავირუსის პანდემიის გამო, აღნიშნულ მუზეუმში „გაზაფხულის ბაღი“ გრონინგერის მუზეუმიდან დროებით გადაიტანეს და სავარაუდოდ, სწორედ ამით ისარგებლეს ქურდებმა.

Портрет Франса Хальса.

ჰოლანდიელი კერძო დეტექტივი არტურ ბრენდი, რომელსაც ხელოვნების სამყარომ „ინდიანა ჯონსი“ შეარქვა, ამბობს, რომ პანდემიით გამოწვეული კარანტინიდან გამომდინარე, მუზეუმებმა შემოსავალი დაკარგეს და იძულებული გახდნენ უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი ხარჯები შეემცირებინათ. „ქურდებისთვის ახლა მუზეუმიდან შედევრის მოპარვა სეირნობასავით ადვილი გახდა“  – ამბობს ბრენდი.
ცნობისთვის, არტურ ბრენდმა თავისი კარიერის მანძილზე შეძლო ეპოვნა პიკასოს მოპარული ნახატი, მე-15 საუკუნის სპარსუული პოეზიის კრებული, ოსკარ უაილდის დაკარული ბეჭედი და ხელოვნების სხვა ნიმუშები. დეტექტივი დარწმუნებულია, რომ ფრანც ჰალსის ტილოს მოპარვა შეკვეთილი დანაშაულია.

რაც შეეხება დაკარგულ შედევრს და მის ავტორს,  ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერი ფრანც ჰალსი (Hals Frans 1582–1666) ნიდერლანდური ფერწერის​ „ოქროს ხანის“ წარამომადგენელია. ის მე-17 საუკუნეში ცხოვრობდა და პორტრეტების შესრულებით გაითქვა სახელი. ვინსენტ ვან გოგი ამბობდა, რომ ჰალსის ნახატებში შავი ფერის 27 ელფერის გარჩევაა შესაძლებელი. მას ეკუთვნის ფრანგი ფილოსოფოსის, რენე დეკარტის ყველაზე ცნობილი პორტრეტი.

ნახატი „ორი მომღიმარი ბიჭი და ლუდის კათხა“ ჰალსმა 1626 წელს შექმნა.

ამჟამად, ჰალსის ტილოს ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია და დაკარგული შედევრის საპოვნელად ყველაფერი კეთდება.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close