სხვადასხვა

როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხის დროს?

ზედმეტად ცხელ ამინდში, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმის დამცავმა სისტემებმა ვერ უზრუნველყოს სხეულის შესაბამისი გაგრილება და განვითარდეს სითბური დაავადებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა, ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს. შესაბამისად,ზაფხულის დადგომასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა – როგორ დავიცვათ თავი სიცხისა და მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან?

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება.
დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია.
ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს. ხოლო თუ ტემპერატურა მეტია ის სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ მოგიხსნით.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

თავი აარიდეთ სიცხეს

გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება).
მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად

მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.
იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ 

თუ თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი იგრძენით, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.
მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს,კრუნჩხვები აქვს ან  გონებას კარგავს, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეთ ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ გრილი წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ძლიერი სიცხის დროს განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან:

• ახალშობილები, ბავშვები და მოხუცები (დეჰიდრატაცია ვითარდება სწრაფად).

• ადამიანები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით.

• ადამიანები ენდოკრინული და ნევროლოგიური დარღვევებით.

• ინდივიდები, რომლებიც იღებენ ზოგიერთ მედიკამენტს (ფენოთიაზინები, ბარბიტურატები, დიურეტიკები).

• ჭარბი წონის მქონე ადამიანები.

• ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები.

 

 

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close