სამართალი

როგორ გაიტაცა ილია გელაშვილმა „საქართველოს ბანკიდან“ 10 მილიონი? – ყველაზე დიდი ძარცვა საქართველოს ისტორიაში

38 წლის ილია გელაშვილი ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს ყველაზე დაცული ბანკიდან – 9 მილიონ ლარზე მეტი (დაახლოებით, 4 მილიონი აშშ დოლარი) გაიტაცა. ეს არის ყველაზე დიდი ძარცვა საქართველოს ისტორიაში, ბოლო 108 წლის განმავლობაში.

2014 წელს, „საქართველოს ბანკი“ ყველაზე დაცულ ბანკად საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგების ანალიზის შედეგად დაასახელა. ილია გელაშვილი წლების განმავლობაში, „პრივატ ბანკის“ საინკასაციო სამსახურში მუშაობდა. 2014 წლის ბოლოდან კი როცა „პრივატ ბანკი“ „საქართველოს ბანკმა“ შეისრუტა, იგი გაერთიანებული საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.

ილია გელაშვილზე ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს. იგი ბორჯომში დაიბადა, საშუალო განათლება გორში მიიღო. მშობლების გარეშე გაიზარდა, მისი მეურვე ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველი, მეუფე იობი იყო. თბილისში, ნაძალადევის უბანში ცხოვრობდა. „საქართველოს ბანკში“ ბოლო დროს, სწორედ გელაშვილის უშუალო მეთვალყურების ქვეშ ხდებოდა საბანკო ინკასაციის პროცესი.

24 ოქტომბერს, გელაშვილმა „საქართველოს ბანკის“ ინკასაციის მანქანა, რომელშიც, სხვადასხვა ვალუტაში, 9 მილიონზე მეტი იყო, თავისუფლების მოედნიდან წაიყვანა, შემდეგ, სპეც-მანქანა GPS-ის სისტემიდან გათიშა, მანქანა პლეხანოვზე მიატოვა, ფული გაიტაცა და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლარსის საბაჟოს გავლით, ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა. ნიშანდობლივია, რომ ილია გელაშვილს საუკუნის ძარცვიდან 3 დღეში, 38 წელი შეუსრულდა და საკუთარ თავს ასეთი „საჩუქარი“ გაუკეთა.

მურთაზ კიკორიამ, “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ამ თანამდებობაზე სექტემბერში დაინიშნა განაცხადა, რომ მათთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ილია გელაშვილის დაკავებას და გატაცებული თანხის სრულად დაბრუნებას

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ქურდობა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნახევარზე მეტი ამოღებულია. პირი, რომელიც არის ძებნაში, მისი პიროვნება იდენტიფიცირებულია. იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოხდება მისი დაკავებაც. მეტად მნიშვნელოვანია და პრინციპულია ჩვენთვის ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ კვირაზე მეტი დასჭირდა, რომ ყველაზე გახმაურებული დანაშაული ნაწილობრივ გაეხსნა. „საქართველოს ბანკიდან“ ილია გელაშვილის მიერ გატაცებული მილიონების ნაწილს, პოლიციამ 10 ნოემბერს ღამით, თბილისში, კონიაკის დასახლებაში, დავით სარაჯიშვილის ქუჩაზე მიაგნო.

პოლიციის ინფორმაციით, გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებული იქნა გელაშვილის თანამზრახველების ბინიდან, ავტოფარეხიდან და სარდაფიდან. „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, 49 წლის მალხაზ ბაკურაძეა, მეორე კი იქვე მცხოვრები, 37 წლის ქალბატონი. მათ ბრალი უკვე წარედგინათ. დაკავებულების ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

„საქართველოს ბანკის“ დირექტორმა განაცხადა, რომ გუშინდელი სპეც-ოპერაციის შედეგად, ბანკმა გატაცებული თანხის მხოლოდ ნახევარზე მეტი დაიბრუნა. რა ოდენობის ფულის გადატანა შეძლო ილია გელაშვილმა ლარსის საბაჟოზე ან საერთოდ როგორ მოახერხა ეს, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ არ საუბრობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძე აღნიშნა, რომ ილია გელაშვილზე ძებნაა გამოცხადებული.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი ილია გელაშვილი, 24 ქოტომბერს თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 მილიონ 197 ათას 771 ლარს მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა.“

ბოლოს, ასეთი დიდი მასშტაბის ძარცვა საქართველოში, 108 წლის უკან მოხდა, ნიშანდობლივია, რომ თითქმის, იმავე ადგილზე, საიდანაც ილია გელაშვილმა, 24 ოქტომბერს 9 მილიონ ლარზე მეტი გაიტაცა.

1907 წლის 13 ივნისს, ტიფლისში, მაშინდელ ერევნის მოედანთან ახლოს, (ახლანდელი თავისუფლების მოედანი), სოლოლაკის ქუჩაზე, სოციალ-დემოკრატების ბანდიტური ჯგუფი, თავს დაესხა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ბანკის, ტიფლისის ფილიალის საინკასაციო ფაეტონს, რომლითაც, ინგლისელი ისტორიკოსის საიმონ მონტეფიორეს ცნობით – 341 000 რუბლი გადაჰქონდათ.

თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდნენ: სიმონ ტერ-პეტროსიანი იგივე კამო, მისი სიძე კოტე ცინცაძე, ბაჭუა კუპრიაშვილი და დათიკო ჭიაბრიშვილი. ასევ სამი ქალბატონი: ფაცია გალდავა, ანეტა სულაქველიძე და ალექსანდრა დარახველიძე. ისინი კობა ჯუღაშვილის – სტალინის ბანდის ე.წ „დრუჟინის“ წევრები იყვნენ.

თავდამსხმელებმა ყუმბარები და შაშხანები გამოიყენეს, რის შედეგადაც საინკასაციო ფაეტონის თანხლები სამი კაზაკი და ორი გამვლელი ადგილზე დაიღუპა. 20-მდე ადამიანი კი დაიჭრა. თანხა 341 000 რუბლი, ახლანდელი კურსით, 3,5 მილიონი აშშ დოლარი მთლიანად გაიტაცეს.

წყარო:„ამერიკის ხმა“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close