საზოგადოება

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი? – ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

შეუძლებელია, რაიმე მედიკამენტით იმუნიტეტი გავიძლიეროთ, მსგავსი მედიკამენტი მედიცინას არ გააჩნია, – ასე უპასუხა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ვიდეოინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას.

კულუმბეგოვმა საზოგადოებას საკუთარი რჩევები გაუზიარა და მისთვის ცნობილი ყველა ის ბუნებრივი საშუალება დაასახელა, რაც ადამიანს იმუნიტეტს გაუძლიერებს.

„იმუნურმა სისტემამ რომ კარგად იმუშაოს, ამისათვის ჩვენი ორგანოებიც გამართულად უნდა ფუნქციონირებდნენ.
სტრესის მართვა, ძილი, კვება და ფიზიკური აქტივობა არის კარგი იმუნიტეტეის მთავარი წყარო. ძილი 7 საათით მაინც სასურველია.
ყველამ ვიცით, რომ მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს C და D ვიტამინს,

ასევე თუთიას. მაგრამ რაც შეეხება მეცნიერულ საფუძვლებს კორონასთან მიმართებაში, რაიმე ხელშესახები, მეცნიერულად დამტკიცებული საფუძველი, რომ რომელიმე ჩემ მიერ ჩამოთვლილი ვიტამინი რაიმე სარგებელს იძლეოდეს დაავადების მიმდინარეობის დროს, არ არსებობს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ სამედიცინო ლოგიკას დავეყრდნოთ. მაგალითად, ძალიან ბევრმა კვლევამ დაადასტურა, რომ თუ ავად ხარ და მაშინ იწყებ C ვიტამინის მოხმარებას, დიდ გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე ვერ მოახდენს (იგულისხმება სხვა, გაციებით მიმდინარე დაავადებები და არა კორონა). ამიტომაც C ვიტამინი უნდა მივიღოთ საკვებიდან მანამ, სანამ ავად გავხდებით. ციტრუსები ამის შესანიშნავი წყაროა. თუ მათ მიმართ გამოკვეთილი ალერგია არ გაქვთ, ერთი ფორთოხალი ან 3 მანდარინი რომ მიირთვათ დღეში, C ვიტამინის დღიური დოზა უზრუნველყოფილი იქნება. აღარაფერს ვამბობ სალათის ფურცელზე, ასკილზე და ა.შ.

თუ ავად გახდა ადამიანი და მერე გადაწყვიტა 1000 მილიგრამიანი C ვიტამინის შუშხუნა აბის მიღება, დადგენილია, რომ დაავადების არც სიმძიმეზე, არც ხანგრძლივობაზე ამას გავლენის მოხდენა აღარ შეუძლია.

რაც შეეხება D ვიტამინს, ეს ჰორმონია და ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენი იმუნიტეტის მუშაობაში. D ვიტამინი ავადობისას ნორმაში უნდა გქონდეთ, D ვიტამინის ღრმა დეფიციტის მქონე ფაციენტებში კორონავირუსული დაავადება მძიმედ წარიმართა, ეს კვლევებმა დაადასტურა. თუმცა ავადობისას არავითარი გავლენა აღარ მოუხდენია მძიმე პაციენტებზე მის მიღებას. ამიტომ საწყის ეტაპზე, ვინაიდან ზამთარია და D ვიტამინს ბევრი სხვა სიკეთეც აქვს, ვუწევ რეკომენდაციას და ვეუბნები პაციენტებს დალიონ 1000 ერთეული.

კორონას რომ თავი დავანებოთ, სხვა რამეებზე დადებით გავლენას მოახდენს. თუ ანალიზს ჩავიტარებთ, ზუსტ დოზას უკვე ექიმი დაადგენს. კორონას მიმართ დიდი იმედებით არცერთი წამლის მიმართ არ ვართ, მაგრამ ზემონახსენები მიდგომების სწორი და რაციონალური გამოყენება მაინც გამართლებულად მიმაჩნია.
თუთიაზეც ვიტყვი, რადგან ბევრი ადამიანი იღებს. იმუნურ სისტემას უდავოდ, ეხმარება, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მის გამოყენებას აქვს ზოგჯერ გვერდითი მოვლენა, კერძოდ, გულისრევის შეგრძნება. 15 მილიგრამი შესაძლებელია მივიღოთ, თუმცა ბავშვებს და არარისკჯგუფში მყოფ ადამიანებს მას მედიკამენტის სახით მაინც ნუ მივცემთ.

თუთია დიდი რაოდენობითაა პარკოსნებში, მარცვლეულში, თხილეულში, ქათმის, თევზის, საქონლის ხორცში შედის. თუ ადამიანი ამ პროდუქტებს მოიხმარს, აუცილებელი დოზა შევსებული აქვს. მედიკამენტების სახით ამ ვიტამინების მიღება სჭირდება მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებების გამო იმუნიტეტის პრობლემები აქვთ ან სრულფასოვან კვებაზე ხელი არ მიუწვდებათ.

პრობიოტიკებიც მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის, თუმცა მათ წამლის სახით მიღებას მხარს არ ვუჭერ. მაწონი სავსეა პრობიოტიკებით. მიიღეთ ეს პროდუქტები, ისეირნეთ გარეთ, ძილი მოიწესრიგეთ და თქვენი ვალი იმუნიტეტის წინაშე ნამდვილად მოხდილი გექნებათ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

პრაიმტაიმი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close