სხვადასხვა

რიხარდ ზორგე – ლეგენდარული მზვერავი, რომელიც ქალების სიყვარულმა დაღუპა

რიხარდ ზორგე საოცარი ბედის ადამიანი იყო. ეროვნებით გერმანელი პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მხარეს იბრძოდა, მოგვიანებით კი საბჭოთა დაზვერვის სამსახურში დაიწყო მუშაობა და დარჩენილი ცხოვრება ფაშიზმთან ბრძოლას შეალია.
ზორგეს მთავარი გატაცება ლამაზი ქალები და ძვირფასი მანქანები იყო. სწორედ ლამაზ მოცეკვავე ქალთან რომანი გახდა ლეგენდარული მზვერავისთვის საბედისწერო – მოცეკვავემ რიხარდი დააბეზღა და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

საბჭოთა კავშირში რიხარდ ზორგეს შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. მზვერავს, რომელმაც სტალინის კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა, რეაბილიტაცია აღარ შეძლო – ზორგემ მზვერავისთვის უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როცა რუს მეუღლეს საკუთარი საიდუმლო საქმიანობის შესახებ უამბო. ამ დროს ცოლი რიჩარდისგან შვილს ელოდა. ორსული ქალი მალევე დააპატიმრეს და ციხეში მოკლეს.

სიმპათიური მზვერავის მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ოფიციალურად მას სამი – გერმანელი, რუსი და იაპონელ ცოლები ჰყავდა. რაც შეეხება არაოფიციალურ კავშირებს, ზოგი ვერსიით, მზვერავს მარტო იაპონიაში 30-ზე მეტი საყვარელი ჰყავდა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი, მოცეკვავე კიომი იქცა რიხარდისთვის საბედისწერო ქალად..

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პოლიციამ კიომის შეყვარებული დააპატიმრა და მოცეკვავეს ზორგეზე კომრომატების სანაცვლოდ, მის გათავისუფლებას დაპირდა. კიომიმ, რომლისთვისაც შეყვარებული უფრო ნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მორიგი საყვარელი, ზორგეს თვალთვალი დაიწყო. ერთ საღამოს რიხარდმა თავისი ინფორმატორი ოფიციანტისგან შეტყობინება მიიღო, რაც კიომის შეუმჩნეველი არ დარჩენია. მან მზვერავი ალერსით აავსო და ღამის ერთად გატარება შესთავაზა. სახლისკენ მიმავალ გზაზე რიხარდმა ინფორმატორის წერილის დაწვა სცადა, მაგრამ ბედად, სანთებელა არ აინთო. მზვერავმა, რომელიც საყვარლისგან ღალატს არ ელოდა, წერილი დახია და ფანჯრიდან მოისროლა. კიომიმ რიხარდს ავტომობილის ტელეფონის  ჯიხურთან შეჩერება თხოვა, რომ დედისთვის დაერეკა და გაეფრთხილებინა, რომ სახლში არ მივიდოდა. როგორც მიხვდით, რამდენიმე საათის შემდეგ ზორგეს სახლში პოლიცია მივიდა და დაპატიმრების ორდერის ნაცვლად, ინფორმატორის დაწებებული წერილი წარუდგინა.

რიხარდ ზორგე 1941 წლის შემოდგომაზე ტოკიოში დააკავეს და სამი წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, თუმცა სსრკ მას 20 წლის მანძილზე თავის აგენტად არ აღიარებდა.

ზოგადად, საბჭოთა კავშირში რიხარდ ზორგეს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. თავიდან ის თითქოს საერთოდ არ ახსოვდათ, მაგრამ 1938 წელს გაიხსენეს და სსრკ-ში დაბრუნება უბრძანეს. ზორგე მიხვდა, რომ სახლში კარგი არაფერი ელოდა, ამიტომ იაპონიაში სამუშაოდ დარჩა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ზორგეს მუშაობის დაფინანსებაზე უარი თქვა. რიხარდი ინფორმატორებს ხელფასს ფაქტობრივად, საკუთარი ჯიბიდან უხდიდა და მოსკოვში მოხსენებებს ჯიუტად აგზავნიდა.

ითვლება, რომ პირველად სწორედ ზორგემ ტოკიოდან აცნობა  მოსკოვს გერმანიის მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმის თარიღის, გერმანიის შეიარაღებისა და ვერმახტის სამხედრო გეგმის ზოგადი სქემის შესახებ. თუმცა სსრკ-ს პარტიულმა ხელმძღვანელობამ ზორგეს ინფორმაციას არ დაუჯერა. სტალინს, როგორც ცნობილია, ბოლო მომენტამდე ეჭვი ეპარებოდა გერმანიასთან სამხედრო შეტაკების შესაძლებლობაში. ამასთან, ზორგეს მიმართ ნდობაც იმ მომენტისთვის შემცირებული იყო. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ზორგე ორმაგი აგენტიც კი იყო. მას შემდეგ კი, რაც აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამართლდა და გემანიამ სსრკ-ს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება დაიწყო, ზორგეს ინფორმაციას უფრო მეტი გულისყურით მოეკიდნენ.

სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზორგემ ზუსტად განსაზღვრა, რომ იაპონია საბჭოთა კავშირზე თავდასხმას არ აპირებდა. ეს ინფორმაცია მოსკოვს სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. კერძოდ, ვინაიდან აღმოსავლეთის საზღვრებთან საჯარისო ნაწილების კონცენტრირება საჭირო აღარ იყო, კრემლმა დასავლეთის მიმართულება გააძლიერა და გერმანიას საბჭოთა კავშირის სწრაფი დაპყრობის გეგმა ჩაუშალა.

როგორც გასაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ზორგემ იაპონიის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, გადაწყვეტილების უშუალო მიმღებები, საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია და მათზე ირიბი ზემოქმედებით, პრაქტიკულად, ისტორიის ჩარხი საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ შემოატრიალა. კერძოდ, მან დაარწმუნა იაპონიის ხელისუფლება, სტრატეგიული სამიზნე შეეცვალათ. ისტორიული ფაქტი, რომ იაპონიამ, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის ნაცვლად, პერლ ჰარბორის ჟლეტა მოაწყო, სწორედ მისი საქმიანობის შედეგი იყო.

საბჭოთა კავშირში ზორგეს მიმართ ინტერესი 1960-იან წლებში გაიზარდა, როდესაც ეკრანებზე ლეგენდარული მზვერავის შესახებ ფრანგების გადაღებული ფილმი „ვინ ბრძანდებით, დოქტორო ზორგე?” გამოვიდა. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ნიკიტა ხრუშოვი ზორგეს პიროვნებით დაინტერესდა და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული საარქივო მასალების შესწავლა ბრძანა. ხრუშოვს განზრახული ჰქონდა ზორგესთვის გმირის წოდებაც კი მიენიჭებინა, მაგრამ თავის მმართველობის დროს ეს ვერ მოასწრო. 1964 წელს რიხარდ ზორგეს შესახებ გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი მასალა გაზეთ „პრავდა“–ში. ხოლო ხრუშოვის გადადგომიდან დაახლოებით ერთ თვეში, გამოვიდა ბრძანებულება რიხარდ ზორგესთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭების შესახებ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close