რეგიონები

რა სარგებლობა მოუტანა ქუთაისის საკრებულოს წევრს გადეპუტატებამ?!

"ფლანგვის დეტექტორი": კომპანიამ 27 მლნს ტენდერები მოიგო, აქედან 20 მლნ გადეპუტატების შემდეგ. 2018 წელს ამირან კოპალეიშვილმა სცემა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გია უკლება, რის გამოც საქმე სასამართლოში წავიდა და მას 3,000 ლარიანი გირაოც შეეფარდა, თუმცა საქმე დღემდე არ დასრულებულა და ამირან კოპალეიშვილს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი არ უგია.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ამირან კოპალეიშვილის მამის კომპანიამ 27 მლნს ტენდერები მოიგო, აქედან 20 მლნ გადეპუტატების შემდეგ. როგორც ორგანიზაციის მიერ გავცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კოპალეიშვილი 2017 წლიდან ქუთაისის საკრებულოს დეპუტატია “ქართული ოცნებიდან”.

გარდა ამისა, 2018 წელს ამირან კოპალეიშვილმა საკრებულოში კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატს სცემა, რის გამოც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, თუმცა პასუხსიგებაში დღემდე არ მიუციათ.

“საქართველოში არსებული მსხვილი ბიზნესისა და მმართველი პარტიის მჭიდრო თანამშრომლობისა საკითხი უკვე დიდი ხანია კორუფციის მნიშვნელოვან გამოვლინებას წარმოადგენს, რაზეც “ფლანგვის დეტექტორი” პერიოდულად კვლევებს აქვეყნებს. ამჯერად ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ამირან კოპალეიშვილის მამის კომპანიას და მათ პოლიტიკურ/ბიზნეს საქმიანობას მიმოვიხილავთ.

ამირან კოპალეიშვილი 2017 წლიდან ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატია, უქიმერიონის სამაჟორიტარო ოლქიდან. ის ასევე 2021 წლიდან ახალი მოწვევის საკრებულოში ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეა.

ამირანი წარსულში რამდენიმე კომპანიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა 2018 წლიდან მან ყველა კომპანიაში წილები მისი ძმისა და მამის სასარგებლოდ დათმო. ის საკრებულოში შესვლამდე 2011 – 2017 წლებში სამშენებლო კომპანია შპს ,,გი-ან 2011’’-ის ფინანსური დირექტორი იყო. აღნიშნული კომპანია მამამისს, გია კოპალეიშვილს ეკუთვნის. შპს ,,გი-ან 2011’’ სახელმწიფო ტენდერებში 2014 წლიდან მონაწილეობს. ის მეტწილად გზების მოასფალტებისა და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. 2014-2023 წლებში კომპანიამ 67 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 21-ში უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

აღნიშნული 67 ტენდერის მეშვეობით ამ კომპანიამ ბიუჯეტიდან უკვე 25,778,400 ლარი მიიღო. ხოლო სამი მიმდინარე ტენდერის ღირებულება, რომელშიც ამ კომპანიამ გაიმარჯვა 1,470,000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სამუშაოების დასრულების შემდგომ მას ეს თანხაც დაერიცხება ბიუჯეტიდან. ამავე წლებში ამ კომპანიამ 334,800 ლარის გამარტივებული შესყიდვაც მიიღო. გამოვიდის, რომ 2014-2023 წლებში შპს ,,გი-ან 2011’’-ს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, მეტწილად იმერეთში არსებული მუნიციპალიტეტების მერიებთან, 27,583,200 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ამირან კოპალეიშვილის მამის კომპანიამ მოგებული 67 ტენდერიდან, 21 ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული იყო, ხოლო ამ 21-დან 10 მას შემდეგ მიიღო, რაც კოპალეიშვილი ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა. გარდა ამისა, მოგებული 27,6 მლნ ლარის ტენდერიდან, 19,991,650 ლარი კომპანიამ 2018 წლის შემდეგ, ე.ი. ამირან კოპალეიშვილის ქუთაისის საკრებულოს დეპუტატად გახდომის შემდეგ მოიგო, რაც მთლიანად მიღებული შემოსავლის 72.5% ია.

ყურადღებას იმსახურებს კოპალეიშვილების ოჯახის სხვა ბიზნესსაქმიანობა და მათი კავშირები ქართულ ოცნებასთან, ჯერ კიდევ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატად გახდომამდე. როგორც იმერეთის ადგილობრივი მედია იწერება, 2012 წლიდან ქუთაისის ქართული ოცნების ოფისი სწორედ გია კოპალეიშვილის კუთვნილ შენობაშია განთავსებული, რომელიც მმართველ პარტიას იჯარით აქვს აღებული, ხოლო თავად გია კოპალეიშვილი 2012 წლიდან მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერია.

კოპალეიშვილები ფლობენ მიწის ნაკვეთს რიონის პირას, ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2148 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს აშენებას აპირებენ. კოპალეიშვილებმა ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე მიწის ნაკვეთი 2016 წელს “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში შეიძინეს. 2020 წელს კი ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის პროექტი წარუდგინეს.

ამირან კოპალეიშვილი “ქუთაისიპოსტთან” საუბარში ადასტურებს, რომ რიონის სანაპიროზე 2148 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. დეპუტატი არც სასტუმროს მშენებლობას უარყოფს და ამბობს, რომ პროექტით გათვალისწინებული შენობების სიმაღლე ქალაქის იერსახეს არ დაამახინჯებს, რადგან მსგავსი შენობები ცენტრალურ ნაწილში სხვაც ბევრია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ამირან კოპალეიშვილმა სცემა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გია უკლება, რის გამოც საქმე სასამართლოში წავიდა და მას 3,000 ლარიანი გირაოც შეეფარდა, თუმცა საქმე დღემდე არ დასრულებულა და ამირან კოპალეიშვილს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი არ უგია” – წერია განცხადებაში

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close