Sliderსაზოგადოება

რატომ ტოვებენ სვანეთს დიალიზზე დამოკიდებული ადამიანები?

მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სრული სერვისების მიწოდება, დიდი ხანია, მოუგვარებელი პრობლემაა, –  ამის შესახებ ,,პროგრესნიუსს” ადგილობრივი მოსახლეობა ელაპარაკა.

ელემენტარული სამედიცინო პროცედურის გარდა, მესტიის საავადმყოფოში კადრების და აპარატურის არარსებობის გამო, ადამიანებს ყველა საჭირო დახმარებისთვის ზუგდიდში ან პირდაპირ თბილისში უწევთ წასვლა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამთო კურორტებით გამორჩეული მხარის სამედიცინო დაწესებულებაში ტრამვატოლოგი არ ჰყავთ, არ ჰყავთ ქირურგიც.

რამდენიმე წლის წინ, მესტიაში ძალიან ძლიერი ქირურგი ჰყოლიათ, რომელიც ჯერ კიდევ 90-ნ წლებში, უშუქობასა და სიდუხჭირის ჟამს, ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. უმეტესად, უფასოდაც ემსახურებოდა ხალხს და დიდი სიყვარულით სარგებლობდა. დღეს მესტიაში ჩუმ-ჩუმად ჰყვებიან, რომ იმ ქირურგის ავტორიტეტმა ისე დაჩრდილა ადგილობრივი ბოსების ავტორიტეტი, ვერ აიტანეს და აქედან გააქციესო. ასე დარჩა სვანეთი ქირურგის გარეშე.

როგორც ადგილზე გავარკვიეთ, მესტიის მუნიციპალიტეტში არც დიალეზის კაბინეტი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დიალიზის აპარატი ჩამოტანილია და კადრებიც – გადამზადებული.

იმის გამო, რომ კვირაში სამჯერ ზუგდიდში სიარული ყველას არ შეუძლია, თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები სვანეთს ტოვებენ და ცდილობენ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, სადაც დიალიზი მათთვის მეტად ხელმისაწვდომი იქნება.

დღეს ასეთი რამდენიმე პაციენტი ირიცხება სვანეთში, მათგან ზოგი ზუგდიდში დადის, ზოგი – ქუთაისსა და თბილისში ქირით ცხოვრობს.

იყო შემთხვევა, პაციენტი გარდაიცვალა, იმის გამო, რომ ზუგდიდში დროულად ვერ შეძლო ჩასვლა.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტის, მაია წერედიანის დედაც დიალიზდამოკიდებულია და იმის გამო, რომ ეს მომსახურება მესტიაში ვერ მიიღო, იძულებული გახდა, თბილისში, შვილთან გადასულიყო.

“დედა მალე 77 წლის გახდება. მთელი ცხოვრება სვანეთში გაატარა და იმხელა ეზოს და მთების პატრონი, ახლა თბილისში, ოთხკედელშუა მყავს გამომწყვდეული, მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივმა მთავრობამ ადამიანების თხოვნა და საჭიროება არც ერთხელ ყურად არ იღო. როცა დიალიზზე დამოკიდებული გავხდით და ამ პრობლემას შევეჩეხეთ, ვიფიქრე, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას აუცილებლად უნდა ჰქონოდა პასუხი ჩვენს კითხვებზე, თუ რატომ არ ემსახურებოდნენ პაციენტებს ადგილზე, რა იყო საჭირო, საკითხის მოსაგვარებლად და აუცილებელი სერვისის მისღებად. ამის შესახებ მერიის ფეისბუკ-გვერდს საკმაოდ კეთილგანწყობლურად მივწერე. ისიც მივწერე, თუ ამ საკითხის მოსაგვარებლად ჯანდაცვის სამინისტროსთან რაიმე სახის კონტაქტი და კონსულტაცია იქნებოდა საჭირო, მზად ვიყავი, საკუთარი ძალებით დავხმარებოდი და გვერდში დავდგომოდი. ერთი თვის განმავლობაში, პერიოდულად, შევდიოდი მერიის გვერდზე, ვამოწმებდი ჩემს წერილებს, რომელსაც სოციალური ქსელი ყოველთვის წაკითხულად მიჩვენებდა და ვუგზავნიდი ახალ წერილს, თუმცა რეაგირება არც ერთს მოჰყოლია. ერთი სიტყვაც არ უპასუხიათ. მანამდე ხელისუფლების რომელიმე შტოსთან შეხება არ მქონია და მეგონა, ჩვენს ხელისუფალთ ადამიანების ბედი ადარდებდათ, მაგრამ ასე მწარედ გაწბილებული დავრჩი. აღმოჩნდა, რომ მათთვის ინდივიდები არაფერს წარმოვადგენთ და ჩვენი არსებობა საერთოდ არც აინტერესებთ. მერიის მხრიდან ასეთი დუმილის შემდეგ უკვე საჯაროდ, სოციალურ ქსელში დავწერე ამ პრობლემის შესახებ და იქაური გამოხმაურებიდან დავადგინე, რომ თურმე მესტიაში დიალიზის აპარატიც არსებობს, ორი ექთანიც გადამზადებულია, მაგრამ კაბინეტს არავინ ხსნის. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ნეფროლოგის შტატიც არის საჭირო და მოწვეული ნეფროლოგი საზღაურს ძვირს ითხოვსო. არადა, ნეფროლოგის კონსულტაცია მარტო დიალიზ დამოკიდებულ ადამიანებს კი არა, სხვებსაც სჭირდებათ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი სპეციალისტი რომ შეინახოს, ამით ქვეყანა კი არ დაიქცევა, პირიქით, ისევ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ იქნება. სამწუხაროდ, დავრწმუნდი, რომ მათ ხალხის პრობლემების დანახვა არ უნდათ, სხვა შემთხვევაში ასე გულგრილად არ მოგვექცეოდნენ. არასდროს დამავიწყდება დედაჩემის სევდიანი თვალები, 28 აგვისტოს, მარიამობას სვანეთში რომ ვერ წავიდა, თავისი სახლ-კარი, შვილის საფლავი რომ ვერ მოინახულა. იმის გამო, რომ სვანეთში ვერ მიდის, სახელმწიფომ სოცილაური დახმარებაც მოუხსნა. რადგან სოც.აგენტს ის საკუთარ სახლში არ დახვდა, ადგნენ და ყოველთვიური შემწეობა შეუწყვიტეს. დიალიზზე დამოკიდებული მოხუცი სოც.აგენტს სვანეთში, სახლში როგორ დავახვედრო? ამ ამბის გაგების შემდეგ, დედა კიდევ უფრო დაითრგუნა და მეც კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ საკუთარ ხელისუფლებას ფეხებზე ვკიდივართ. ნორმალურ სახელმწიფოში ხალხის მიმართ მსგავსი გულგრილი დამოკიდებულება როგორ უნდა ჰქონდეთ?” – განუცხადა ,,პროგრესნიუსს” მაია წერედიანმა.

დაბოლოს, ინფორმაცია არქივიდან: მესტიის ცენტრში თანამედროვე ტიპის სამედიცინო კლინიკა დგას. თუმცა მისი ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, ზამირ რატიანი ამბობს, რომ დაბალი ხელფასების გამო აქ მუშაობა არავის უნდა. შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკაში არ მუშაობს: პედიატრი, ექოსკოპისტი, თერაპევტი და ა.შ. აქ არც ტრავმატოლოგია, თანაც ეს მას მერე, რაც მესტია სათხილამურო კურორტი გახდა. გარდა ამისა, რეანიმაციულ განყოფილებაში არაა შესაბამისი აპარატურა, რითაც კომაში მყოფ პაციენტებს უსაფრთხოდ უმკურნალებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close