Slider

რატომ ააფეთქა მასწავლებელმა სკოლა? – საბჭოთა კავშირის გასაიდუმლოებული ტრაგედია

1950 წლის 4 აპრილი მოლდავეთში, ტირასპოლის ახლოს მდებარე პატარა სოფლის, გისკის მოსახლეობისთვის სამუდამოდ შავ დღედ დარჩება.  ამ დღეს 21 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი საზარელ ტერაქტს ემსხვერპლა, ხოლო უამრავი სამუდამოდ დაინვალიდდა. საშინელი ტრაგედიის შემდეგ მწუხარებისგან განადგურებული ადამიანები სრულიად მარტონი დარჩნენ, რადგან ხელისუფლებამ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადო და ამ თემაზე საუბარიც კი აკრძალა. იმ დღის მოვლენების შესახებ ქვეყანამ მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიგო.

Маленькое село стало центром большой трагедии

ყველაფერი ასე დაიწყო
ომის შემდგომი გისკა არაფრით განსხვავდებოდა მილიონობით საბჭოთა სოფლისგან – ცხოვრება თანდათან ლაგდებოდა და ადამიანები დანგრეული ქვეყნის აშენებას იწყებდნენ. სწორედ ამ დროს, ადგილობრივ შვიდწლიან სკოლაში ფრონტიდან დაბრუნებული ოფიცერი გამოჩნდა და სამხედროს მასწავლებლად მუშაობა დაიწყო. ამ ადამიანის ვინაობა უცნობია, როდგან გისკის მაცხოვრებლებმა მისი სახელი მეხსიერებიდან ამოშალეს. ახალმა მასწავლებელმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო ენა ვერ გამონახა და არც ცდილობდა ამის მიღწევას. ის სიტყვაძუნწი და მოღუშული კაცი იყო, არავის ესალმებოდა და პატარა, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა.

Педагогический состав села Гиска, 1949 г.

სოფელი გისკას სკოლის პედაგოგები

თითქმის იმავე პერიოდში სოფელში რუსული ენისა და ლიტერატურის ახალი მასწავლებელი ნატალია დონიჩი გამოჩნდა. ქალს პატარა შვილი ყავდა, რომლის მამა, სამხედრო მფრინავი ფრონტზე დაიღუპა. ტირასპოლის აეროპორტში გარდაცვლილი მფრინავის ძმა მსახურობდა, ამიტომ მარტო დარჩენილმა ახალგაზრდა ქვრივმა ოჯახის ერთადერთი ნათესავის სიახლოვეს ცხოვრება გადაწყვიტა.

ოფიცრისგან განსხვავებით, ნატალია გისკის მაცხოვრებლებმა მალე შეიყვარეს. ის ლამაზი ქალი იყო, რომელსაც საკუთარი საგანი და ბავშვები უყვარდა, ლექსებს წერდა და ახალგაზრდა პოეტების წრეს ხელმძღვანელობდა. მალე ყველამ გაიგო, რომ ნატალიასა და სამხედროს მასწავლებელს შორის რომანი გაჩაღდა. ადგილობრივებისთვის ნატალიას არჩევანი გაუგებარი იყო, თუმცა არ გაუკიცხავთ.

მალე სამხედროს მასწავლებელმა რუსულის მასწავლებელს დაქორწინება შესთავაზა და ისიც დათანხმდა. სოფელი ქორწილის მოლოდინში იყო, მაგრამ მოულოდნელად, ნატალიამ მამაკაცთან ურთიერთობა გაწყვიტა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან ქალთან აღიარა, რომ ყაზანში უკვე ყავდა კანონიერი ცოლი და შვილი.
ნატალიამ ტყუილის პატიება ვერ შეძლო, უარყოფილმა მამაკაცმა კი სასტიკი შურისძიება გადაწყვიტა.

სამხედროს მასწავლებელმა ადგილობრივი „დოსააფის“ განყოფილებიდან 12 კგ. ტროტილი აიღო და წერილი დატოვა, სადაც აღიარა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი აღებულია. მეორე წერილით მამაკაცი ყაზანში მცხოვრებ ცოლ-შვილს დაემშვიდობა, სადაც წერდა, რომ სიცოცხლე მობეზრდა და თავის მოკვლას გეგმავს.

თავდაპირველად, ოფიცერი თავის აფეთქებას ნატალიასთან ერთად გეგმავდა, ამიტომ ბომბი გამზადა და ქალი ვითომ დაბადების დღის აღსანიშნად სახლში მიიწვია. ნატალიამ მისი მოპატიჟება უარყო, მაგრამ ოფიცერი საკუთარ გეგმაზე უარის თქმას არ აპირებდა..

1950 წლის 4 აპრილს უარყოფილი საქმრო სკოლაში მივიდა. მამაკაცს ხელში მძიმე ნივთი ეჭირა, რამაც სკოლის ერთ-ერთი თანამშრომლის ყურადღება მიიქცია. შურისძიების წყურვილით შეპყრობილმა მასწავლებელმა, რომელსაც სკოლაში მყოფი ბავშვებიც კი არ აღელვებდა, ცნობისმოყვარე ქალს აუხსნა, რომ მძიმე საგანი ნატალიასთვის განკუთვნილი საჩუქარია.

მოგვიანებით, ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი მოსწავლე იხსენებდა, რომ ოფიცერი საკლასო ოთახში ანთებული პატრუქით ხელში შევიდა, ნატალიას ხელი მოკიდა და დაიყვირა, რომ ყველა გარეთ გასულიყო. ქალმა მხოლოდ დაკივლება მოასწრო და აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სკოლისგან აღარაფერი დარჩა.
В 1950 году из школы села Гиска выпустились всего 5 учеников
სოფელში პანიკა დაიწყო. მწუხარებისგან განადგურებული მშობლები შენობის ნანგრევებში შვილების პოვნას ცდილობდნენ. მალე ტრაგედიის ადგილზე მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელიც ამ დროს ახლომდებარე სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა. მინისტრი მშობლებთან ერთად ცდილობდა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვების გადარჩენას.

როცა პირველმა შოკმა გაიარა, ტრაგედიის მასშტაბების შეფასება შესაძლებელი გახდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მეხუთე კლასი დაზარალდა, სადაც გაკვეთილს დონიჩი ატარებდა. ტრაგედიის დღეს ერთ-ერთმა ოჯახმა სამი შვილი დაკარგა – ორი გოგონა ადგილზე დაიღუპა, ხოლო ბიჭი ერთი წლის შემდეგ ჭრილობებისგან გარდაიცვალა. რამდენიმე მშობელმა შვილის დაკარგვის შემდეგ ინფარქტი მიიღო, რამდენიმე ბავშვი კი სამუდამოდ ინვალიდი დარჩა. 1950 წლის 4 აპრილს გისკაში ტერაქტს 21 ბავშვი, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, სამხედროს მასწავლებელი და ნატალია დონიჩი ემსხვერპლნენ.
სოფელი გისკა დაღუპულებს ეთხოვებოდა, ქვეყანამ კი ტრაგედიის შესახებ არაფერი იცოდა – არც ერთი სტატია გაზეთებში, არც ერთი ცნობა რადიოში. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საბჭოთა კავშირის მტრებს შეეძლოთ ტრაგედია სათავისოდ გამოეყენებინათ – ტერორისტი საბჭოთა ოფიცერი იყო, რასაც ნეგატიური პოლიტიკური შეფასებები მოყვებოდა.
ამ საქმეზე მხოლოდ ადგილობრივი დოსააფის ხელმღვანელი დასაჯეს, საიდანაც სამხედროს მასწავლებელმა ტროტილი მოიპოვა.
სკოლის ტერიტორია ნანგრევებისგან სწრაფად გაიწმინდა, ხოლო ცოცხლად გადარჩენილი ბავშვები სხვა სხვა სკოლაში გადაიყვანეს.
1950 წელს გისკაში სკოლა მხოლოდ ხუთმა მოსწავლემ დაასრულა, ხოლო სექტემბერში დანგრეული სკოლის გვერდით ახალი სკოლა აშენდა.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ ქვეყანამ მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ შეიტყო. 2006 წელს ტრაგედიის ადგილზე ძეგლი დადგეს, რომელზეც ტრაგედიის მსხვერპლთა სახელები ამოტვიფრეს. მათ შორის სამხედროს მასწავლებლის სახელი მოხსენიებული არაა. გისკის მაცხოვრებლები ეცადნენ, რომ ტერორისტის სახელი ადამიანების მეხსიერებიდან სამუდამოდ წაშლილიყო და ამას მიაღწიეს.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close