Sliderეკონომიკა

პრემიერ ნოღაიდელს არ ჰქონდა უფლება სემეკის ფუნქციებში შესულიყო და ტარიფი განესაზღვრა, მისი დამოკიდებულება ИНТЕР РАО-სთან  და რუსულ ენერგეტიკულ სისტემასთან იწვევდა გონივრულ ეჭვს, რომ ეს ხდებოდა შეგნებულად, არ არის გამორიცხული ამ გადახდილ თანხაში  იღებდნენ მონაწილეობას ქართველი ჩინოვნიკებიც – თემურ ჭიჭინაძე

საჯარო განცხადებების გამოც შეიძლებოდა აღძრულიყო საქმე, ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.  ამაში არის ნოღაიდელის მიერ უფლებების გადაჭარბება, მას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელს, არავინ ეკითხებოდა ტარიფის დადგენას, იჭრებოდა სემეკის ფუნქციებში და ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებში, ნოღაიდელს უამრავი ცოდვა აქვს, გინდა დავით გარეჯი აიღე, გინდა ის. ენერგეტიკაში კი ძალიან ცუდი როლი აქვს ნათამაშები, ეს ყველაფერი ხომ მოსახლეობას ურტყამს. ჩემი წიგნი „ქართული ეკონომიკის მკვლელებიც“ წავიდა სამართალდამცავ ორგანოებში, პარლამენტშიც, მაგრამ რეაქცია არ ყოფილა.

„საქართველოს იქით აქვს ИНТЕР РАО-სთან შესადავებელი. მე ადრე მივაწოდე მასალები ენერგეტიკის სამინისტროს და ის ხელშეკრულებაც, რომელიც ნოღაიდელმა დადო ჩუმად. ტარიფი პირიქით შემცირებას ექვემდებარებოდა. არავითარი პრეტენზიის საფუძველი არ ჰქონდა ИНТЕР РАО-ს, რომ ეს მოთხოვნები ჰქონოდა, მაგრამ რატომღაც ენერგეტიკის სამინისტრომ ეს ხელშეკრულებები არ გაასაჯაროვა. ეს არის ნოღაიდელის მიერ 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „თელასს“ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ ტარიფისთვის უნდა დაეკლო. ამ შემთხვევაში ნოღაიდელმა თავისი პირადი გადაწყვეტილებით ანდრეი რაპაპორტთან ერთად ხელი მოაწერა ტარიფის არშემცირებას, შემდგომი ინვესტიციების განხორციელების პირობით, რომელიც არ განხორციელებულა. „თელასს“ დარჩა ძალიან ბევრი განუხორციელებელი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მხარეს ჰქონდა საშუალება მოეთხოვა ტარიფის არათუ შემცირება, არამედ ამ შეუსრულებელ ვალდებულებებზე ჯარიმების დაკისრებაც,“- ამის შესახებ “კომერსანტთან” საქართველოს ინჟინერთა აკადემიის წევრმა, „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ თემურ ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც გამოცემა წერს, საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან – ИНТЕР РАО -სთან  $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. საქართველოს კომპანიის სასარგებლოდ $75.9 მილიონის გადახდა დაეკისრა. დავა შეეხებოდა წლების წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც კომპანია თავს ფინანსურად დაზარალებულად მიიჩნევდა.

რუსული კომპანიის განცხადებით, საქართველოს მიერ 2014 წლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები მათ ინვესტიციებზე არახელსაყრელ გავლენას ახდენდა. კერძოდ საუბარი იყო ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიაზე, რომელიც 2014 წელს იქნა მიღებული და რომელშიც რუსული კომპანიის განცხადებით, არ იყო გათვალისწინებული ტარიფის ზრდა, როგორც ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტია. კომპანიის განცხადებით, ასეთი გარანტია არსებობდა 2013 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებასა და თანამშრომლობის მემორანდუმში. 2016 წელს კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრმა მიიჩნია, რომ საქართველომ ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შესახებ ნიდერლანდთან დადებული შეთანხმება დაარღვია. ხელშეკრულებით დაცულია უცხოელი ინვესტორების ინტერესები საქართველოში. შესაბამისად, დააკმაყოფილა „Интер РАО“-ს მოთხოვნა და საქართველოს მისი შვილობილი კომპანიებისთვის Inter RAO Gardabani Holdings-ისა და Silk Road Holdings-ისთვის 75.9 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა.

ხელშეკრულების არასაჯაროობის გამო, საკითხის დეტალებზე მწირი ინფორმაცია არსებობს და შესაბამისად გაჭირდა იმ სპეციალისტების მოძიებაც, რომლებსაც თემასთან დაკავშირებით საუბარი შეუძლიათ.

“კომერსანტთან” საუბრისას თემურ ჭიჭინაძე ამბობს, რომ ის ენერგეტიკის და წყალმომარაგების სფეროში არსებულ კორუფციულ სქემებს და დატაცებული მილიარდებს წლებია იკვლევს. ენერგეტიკოსი ИНТЕР РАО-სთან წაგებულ დავაში მთავარ დამნაშავედ  ყოფილ პრემიერს ზურაბ ნოღაიდელს მიჩნევს და ამბობს, რომ მეტი საჯაროობის და ჩინოვნიკების მიერ მოვალეობის პირნათლად შესრულების პირობებში საქართველოს პირიქით ექნებოდა ИНТЕР РАО-სთან შესადავებელი.

კითხვაზე, რა იყო მოტივი, რომ რუსულ კომპანიას ქვეყნისთვის არასასურველ პირობებზე დათანხმებოდნენ, თეიმურაზ ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, შეგნებულ ქმედებას და ქართველი ჩინოვნიკების მხრიდან მატერიალურ დაინტერესებასაც.

„ნოღაიდელის მაშინდელი ხელშეკრულება იყო ყოველგვარი კანონდარღვევით შედგენილი. იმიტომ რომ პრემიერს არ ჰქონდა უფლება სემეკის ფუნქციებში შესულიყო და ტარიფი განესაზღვრა, მერეც მისი დამოკიდებულება ИНТЕР РАО-სთან  და რუსულ ენერგეტიკულ სისტემასთან იწვევდა გონივრულ ეჭვს, რომ ეს ხდებოდა შეგნებულად, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული ამ გადახდილ თანხაში  იღებდნენ მონაწილეობას ქართველი ჩინოვნიკებიც,“- აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ის მედიის საშუალებითაც საუბრობდა და საკითხს წიგნიც კი მიუძღვნა, სახელწოდებით „ქართული ეკონომიკის მკვლელები“,  ამდენი წლის შემდეგაც შესაბამისი ორგანოები არ დაინტერესებულან ამ თემებით.

„ნოღაიდელმა თავისი პრემიერობა გამოიყენა ენერგეტიკის სფეროში გავლენისთვის. ჩვენ მდგომარეობაში თავიდან ბოლომდე ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე არის ნოღაიდელი. სხვათა შორის, მაგან შემოიღო პირველად ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ასეთი პირობები,“ – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს საკითხთან დაკავშირებით ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის კახა კალაძის განცხადებასაც, რომელმაც საკითხის კომენტირებისას  გარკვეულწილად თავი შეიქო იმის გამო, რომ ИНТЕР РАО-ს მოთხოვნებს არ დაეთანხმა და დავა წამოიწყეს.

„ვფიქრობდით, რომ არ ეკუთვნოდა ამ კომპანიას 200 მილიონი და პირდაპირ ვუთხარით, რომ ვიდავებდით. შესაბამისად, მოხდა არბიტრაჟში განხილვა და 200 მლნ-ს ნაცვლად დაგვეკისრა გაცილებით ნაკლები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

„500 რომ მოეთხოვა რა იქნებოდა? საიდან არის მოთხოვნილი, ის ხელშეკრულებები რომ ამოიღონ დღესაც და განიხილონ დიდი თანხები შეიძლება რაოს დააკისრონ იქით,“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე მსგავსი მოთხოვნები კვლავ გაუჩნდეს ИНТЕР РАО-ს და რა ბერკეტები აქვს კომპანიას ამისთვის

„ბერკეტს როგორსაც მისცემს სახელმწიფო ისეთია. საწყისი წერტილი  უნდა აიღონ არა დღევანდელი დღიდან. ბევრჯერ გამოიყენა „თელასმა“, რომ ლარი გაუფასურდა. როდესაც პირიქით ხდება, ვერ ვხედავთ რომ შემცირების კუთხით მოხდეს გადახედვა. სახელმწიფომ რომ ამოიღოს ეს ხელშეკრულებები ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება შეიცვალოს ტარიფის სისტემაში,“- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ენერგეტიკოსის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით თავის დროზე იმდენი დარღვევა მოხდა, მათ შორის ჩინოვნიკების მხრიდან უფლებების გადაჭარბება, რომ ეს საგამოძიებო ორგანოების თვალთახედვაში უნდა მომხვდარიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

„საჯარო განცხადებების გამოც შეიძლებოდა აღძრულიყო საქმე, ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.  ამაში არის ნოღაიდელის მიერ უფლებების გადაჭარბება, მას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელს, არავინ ეკითხებოდა ტარიფის დადგენას, იჭრებოდა სემეკის ფუნქციებში და ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებში, ნოღაიდელს უამრავი ცოდვა აქვს, გინდა დავით გარეჯი აიღე, გინდა ის. ენერგეტიკაში კი ძალიან ცუდი როლი აქვს ნათამაშები, ეს ყველაფერი ხომ მოსახლეობას ურტყამს. ჩემი წიგნი „ქართული ეკონომიკის მკვლელებიც“ წავიდა სამართალდამცავ ორგანოებში, პარლამენტშიც, მაგრამ რეაქცია არ ყოფილა,“ – აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close