Slider

პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ხელი მოაწერა

უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა, ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის. თუმცა, მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული. მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა. ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც იზიარებს და უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.

„ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლადშექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს“, – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ხელი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებსაც მოაწერა.

„უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა, ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close