საზოგადოება

“პოლიტიკურ ნიადაგზეა ეს კაცი დაჭერილი” – ძიძიგური სააკაშვილის შესახებ

„მას შემდეგ რაც ის ჩამოვიდა,  ციხეში ჩაჯდა და შიმშილობა დაიწყო, რაღაცნაირი სოლიდარობის განცდა გამიჩნდა,“ – განაცხადა „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა „პალიტრა ნიუსის ეთერში“ გადაცემაში „პოლიტ ქალაქი“ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე საუბრისას.

ძიძიგური ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი ადამიანის ბედზე „ქირქილი“ არასწორია.
“ვინც ახლა ქირქილებს და ღლიცინებს, რომ აბა რა ეგონა, იქ უნდა იყოს და ასე შემდეგ,  ყველას შევახსენებ, ამით სააკაშვილის არ აყენებენ შეურაცხყოფას, ამით საკუთარ პატარა კაცობას აჩვენებენ მხოლოდ და მხოლოდ.
მერაბ კოსტავა გვყავდა ლიდერი, ეროვნული მოძრაობისა და ის გვეუბნებოდა ყოველთვის, რომ პატიმარი არის დაჩაგრული ადამიანი და მას თანადგომა სჭირდება. ჩვენ პატიმრებთან მუდმივად მიგვქონდა სიგარეტი, ჩაი და სხვა ნივთები… ჩვენ ასეთ ტალღაზე გავიზარდეთ იმ თაობის პოლიტიკოსები. ეს გრძნობა ჩემში ძლიერია,“- ამბობს ძიძიგური და აღნიშნავს, რომ პირადი სიმპათია- ანტიპათიის მიუხედავად, პატიმარზე ქილიკით საუბარი დაუშვებელია.
„სააკაშვილი დიდად არასოდეს მეხატებოდა გულზე, მაგრამ არ ვაპირებ ახლა ვიქილიკო,  ვიცინო და ვიღლაბუცო სააკაშვილზე,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა სააკაშვილი პოლიტპატიმარი, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ თუ ამ საკითხს სამართლებრივად არ შევხედავთ, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, სწორედ ამ პატიმრობის პოლიტიზირებისაკენ მიანიშნებს.

„პოლიტპატიმრობაზე თუ ვილაპარაკებთ, სამართლებრივი კუთხით კი არ უნდა ვილაპარაკოთ… როცა გამოდის ღარიბაშვილი და ამბობს, რომ თუ  ჭკვიანდ არ იქნება, კიდევ დაუმატებს  წლებს,  ეს ხომ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ძალას ასეთი  სხვა განცხადებებიც ისმის ხელისუფლების მხრიდან, ეს ყველაფერი მიდის დასავლეთის ყურამდე და ისინი რწმუნდებიან, რომ პოლიტიკურ ნიადაგზეა ეს კაცი დაჭრილი და არსებული სასამრთლოს პირობებში მისი სამართლიანი გასამართლება ვერ მოხდება,“- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close