მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩემს დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია – ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩემს დღის წესრიგში სხვა საკითხი არ დგას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარაბაღში წარუმატებლობის მთავარ მიზეზად თურქეთი და ტერორისტები დაასახელა. ნიკოლ ფაშინიანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის არმია აზერბაიჯანის არმიასთან საბრძოლველად მზად იყო, თუმცა ვითარება კონფლიქტში თურქეთის არმიისა და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ტერორისტების ჩართვამ შეცვალა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 2 400 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, ასობით სამხედრო მოსამსახურე კი დაკარგულად მიიჩნევა.

ნიკოლ ფაშინიანი მზად არის, წარდგეს სახალხო სასამართლოს წინაშე, მაგრამ საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებთან გულახდილი და გულწრფელი დიალოგის პირობით. პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც ქვეყნის მეთაური, იგი პასუხისმგებელია არსებულ ვითარებაზე და უნდა წარდგეს ხალხის წინაშე.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა დეტალი, რომ საჭირო დასკვნები გამოიტანოს. ამისთვის თქვენ უნდა მოუსმინოთ სამხედროებს, ოპოზიციასა და მთავრობას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის დედაქალაქში, ერევანში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პირველმა პირებმა ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმეს. მოსახლეობის ნაწილი ნიკოლ ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

1 tv.ge

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close