Sliderპოლიტიკა

ნამუსი ბევრს შევუნახე – ნიკა მელიას “აღსარება”

„ძალიან ბევრიც რომ ვისაუბრო იმ საკითხების თაობაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს და საზოგადოებას აინტერესებს, მიმაჩნია, იმ პროცესს, რომელსაც როგორც თავმჯდომარე, ვუფრთხილდებოდი, თავად დავაზიანებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, პეტრე ცისკარიშვილი, გენერალური მდივანი იცით, ხომ? მეც მეგონა, რომ ვიცოდი, ვიცნობდი და აბსოლუტურად ვენდობოდი. გაჩნდა ეჭვი ერთი ისტორიით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მე და პეტრემ ვისაუბრეთ, რომ ზეგ, თორმეტის ნახევარზე, ჩავატაროთ შეხვედრა. შევთანხმდით, პეტრემ საკომუნიკაციო ჩატში თავად ჩაწერა, რომ ხვალ, თორმეტის ნახევარზე შევიკრიბოთო. მოვიდა თორმეტის ნახევარი, ყველა გამოვცხადდით, იყო რომან გოცირიძე, ყველა და პეტრე ცისკარიშვილი, კაცი, რომელმაც თავად ჩაწერა ამის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის საჯარო ბიბლიოთეკაში წავიდა. მართალია, ბრიფინგზე არ დამდგარა, მაგრამ იქ იყო. რატომ ვყვები ამას? არის ვითარება ცხოვრებაში, მოცემულობა, რომ ძალიან რომ მინდოდეს, დავიჯერო, ეს შემთხვევით მოხდა, ვერ დავიჯერებ. გენერალური მდივანი გქვია პარტიაში, პატივს გცემ, ურთიერთობა გვაქვს, ხომ უნდა შემოხვიდე, გვერდით ოთახში ზიხარ. როცა ასეთი ნაბიჯი იდგმება, მაპატიეთ, მაგრამ ვითარება მხოლოდ იძაბება და ვნებათაღელვა მატულობს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, როგორია თქვენი რეაქცია, როცა საუბრობთ იმ დღეზე, როდესაც ჩართეთ ტელევიზორი და ნახეთ, თქვენი პარტიელები ბრიფინგს ატარებენ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ დღეს რამდენიმე ადამიანმა არასასიამოვნოდ გააკვირვა.

„ძალიან ბევრმა სასიამოვნოდ გამაკვირვა, უსიამოვნოდ გამაკვირვა რამდენიმე ადამიანმა, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ ურთიერთობა გვაკავშირებდა. მომავალში, შესაძლოა, როგორც ამბობენ, შელახული მეგობრობა აღდგეს, მაგრამ იგივე ვერასდროს იქნება. გააჩნია „შეცდომის ხარისხს“. ერთი ადამიანიც რომ იყოს, ვისაც აქვს მოლოდინი ან გაუჩნდება მოლოდინი, მე სკამს ვებღაუჭები, ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. თუკი რამე გამიკეთებია, ის, რაც 9 ნოემბერს ვიხილე რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით, რომლებსაც პარტიაში დასაყრდენ ძალებად მივიჩნევდი, არ დაგიმალავთ, ისიც მიკვირს, კიდევ როგორ შევძელი რაიმე. ეს პროცესი არ დაწყებულა არც ხუთ, არც ექვს, არც შვიდ ნოემბერს. ადამიანებს, რომლებიც ამ გეგმის უკან დგანან, ამისი სურვილი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ, უბრალოდ მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყოველთვის ვცდილობდი და დღესაც არ ვსაუბრობ. უკვირთ და შეკითხვა ყოველთვის არის, ამ ყველაფერზე რატომ არ საუბრობდი, ჩვენ რატომ არ ვიცოდითო. მიმაჩნდა, არ უნდა სცოდნოდათ, ვინაიდან ჩემთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის, მნიშვნელოვანი იყო, პარტიაში ბევრ ადამიანს არ სცოდნოდა ბევრი რამ, რაც დადებით რეაქციებს არ გამოიწვევდა. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ეს ყველაფერი გაეთვალისწინებინათ, თუნდაც დაეფასებინათ, რომ ვიჩენ პასუხისმგებლობას, მოიქცნენ სრულიად საპირისპიროდ. ჩემი შეცდომა იყო თუ – არა, ამაზე რომ არ ვსაუბრობდი? ვფიქრობ არ იყო, რადგან არ ველოდი, თუ ასე მოიქცეოდა სამი-ოთხი ადამიანი და წინ დაიყენებდნენ, მაგალითად, ახალგაზრდებს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდნენ. არც 2021 წელი, არც 2022 წლის თვეები არ მაძლევდა არც უფლებას და არც შესაძლებლობას, მესაუბრა იმაზე, რაც ჩემთვის უკვე ძალიან მძიმე იყო. ადამიანებს ნაცვლად იმისა, რომ წვლილი შეეტანათ კონსოლიდაციასა და პარტიის გაერთიანებაში, სხვა ინტერესები ამოძრავებდათ და მე ნამუსი ძალიან ბევრს შევუნახე ისევ პარტიის ინტერესის გათვალისწინებით. სხვათა შორის, ძალიან ნიშანდობლივია სიმბოლური დამთხვევა, 2020 წლის 9 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა განცხადება მოულოდნელად, რა დროს აქციებია, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთო, პრაქტიკულად გააჩერა საპროტესტო მოძრაობა. სამწუხაროდ, ინდივიდუალურად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლაც, 9 ნოემბერს გაკეთდა ის განცხადება საჯარო ბიბლიოთეკაში. სიმბოლური დატვირთვა აქვს, ჩემთვის შემთხვევვით არაფერი არ ხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close