სხვადასხვა

„მოუსყიდველთა მიწა“ და ყველაზე პატიოსანი პრეზიდენტი ისტორიაში, რომელიც საუკეთესო მეგობარმა მოკლა

ტომას ისიდორ ნოელ სანკარა ყველა იმ პრეზიდენტის, გენერლის და დიქტატორის ფონზე გამოირჩეოდა, რომლებიც სხვადასხვა დროს აფიკული ქვეყნების სათავეებში იყვნენ.
ოდესღაც აფრიკის სახელმწიფო ბურკინა ფასო საფრანგეთის კოლონია გახლდათ და ზემო ვოლტად იწოდებოდა. 1950-იანი წლების ბოლოს პარიზმა ყოფილ კოლონიას ნომინალური დამოუკიდებლობა მიანიჭა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის კონტროლი განაგრძო, რომელიც კვლავ ღარიბი და კორუმპირებული დარჩა.

ყველაფერი ახალგაზრდა პრეზიდენტის, ტომას სანკარას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა. ის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე პატიოსანი პრეზიდენტი, რომელმაც ხალხის სიღარიბისგან განთავისუფლების მცდელობისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა.

ტომას სანკარა შერეულ ოჯახში დაიბადა – მამამისი მოსის ტომიდან იყო, ხოლო დედა ფულბეს ტომიდან. აფრიკული სტანდარტების მიხედვით, შერეულ ოჯახში დაბადებული ბავშვი „მესამე კლასს“ განეკუთვნებოდა,  თუმცა ტომასის მამა, რომელიც ფრანგ ჟანდარმად მუშაობდა, გავლენიანი ადამიანი იყო, რამაც მის შვილს საშუალება მისცა ადგილობრივი სტანდარტებით კარგი განათლება მიეღო. მშობლებს სურდათ, რომ ტომასი კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო, მაგრამ ბიჭს სამხედრო სამსახურმა იზიდავდა.

1968 წელს 19 წლის ტომას სანკარამ სამხედრო ფარაჯა მოირგო. ჯარში ბიჭის განსაკუთრებული უნარები შენიშნეს და სასწავლებლად კუნძულ მადაგასკარზე, ოფიცერთა სკოლაში გაგზავნეს. კუნძულზე ტომასი  მარქსიზმის იდეებს გაეცნო და ”აფრიკული სოციალიზმის” მგზნებარე მხარდამჭერი გახდა. ვოლტაში დაბრუნების შემდეგ იმედისმომცემი ახალგაზრდა ელიტური მედესანტეების ნაწილში ჩაირიცხა და მეზობელი მალის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა.

მალე განათლებული ოფიცერი, რომელიც ლექსებს წერდა და ჯგუფ „Tout-а-Coup Jazz“-ში გიტარაზე უკრავდა, ბურკინა – ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში ცნობილი ადამიანი გახდა. 1976 წლიდან ტომასი ვოლტას სპეცრაზმის სასწავლო ცენტრს სათავეში ჩაუდგა და მეგობრებთან ერთად რევოლუციური ორგანიზაცია შექმნა, რომელსაც „კომუნისტ ოფიცერთა ჯგუფი“ უწოდა.

1981 წლის შემოდგომაზე ტომას სანკარა სამხედრო მთავრობაში შეიყვანეს და ინფორმაციის მინისტრად დანიშნეს. 1982 წელს გადატრიალების შედეგად, ტომას სანკარა პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ ფრანგებმა, რომლებსაც მისი მემარცხენე შეხედულებები აშინებდათ, თანამდებობიდან მოხსნეს და დააპატიმრეს.

პრემიერ მინისტრის დასაცავად უაგადუგუს გარეუბნებში მცხოვრები ღარიბი ადამიანები აჯანყდნენ. 1982 წლის აგვისტოში სანკარას მხარდაჭერა სამხედროებმა გამოუცხადეს.  33 წლის ტომასი ციხიდან გაათავისუფლეს და პრეზიდენტად აირჩიეს. პრეზიდენტის რანგში სანკარას პირველი გადაწყვეტილება იყო ზემო ვოლტასთვის სახელის შეცვლა და ბურკინა ფასოს დარქმევა, რაც ითარგმნება როგორც „მოუსყიდველთა მიწა“.

სახალხო რეფორმები

ახალმა პრეზიდენტმა ქვეყანაში „ღირსების რევოლუცია“ გამოაცხადა, რომლის მიზანი კორუფციის, შიმშილის, ავადმყოფობის და გაუნათლებლობის დამარცხება იყო. სანკარამ გააუქმა ტომის ბელადებისთვის ხარკის გადახდა და გლეხებისთვის დაწესებული საშემოსავლო გადასახადი. ამის გარდა, უზრუნველყო ღარიბების საკვებით მომარაგება. მოხდა ქალისა და მამაკაცის უფლებების გათანაბრება, აიკრძალა მრავალცოლიანობა და გოგონების სასქესო ორგანოების წინადაცვეთის ბარბაროსული ჩვეულება.

პრეზიდენტის განკარგულებით, ბურკინა ფასოს მოქალაქეებს რეგიონში გავრცელებულ დაავადებებთან ბრძოლის ფარგლებში  2,5 მილიონი ვაქცინა გაუკეთეს, მცირე მეწარმეებს უსამართლოს დაკისრებული ვალები ჩამოაწერეს და უდაბნოს საზღვარზე, საჰარის ქვიშების შესაჩერებლად 10 მილიონი ხე დარგეს.

პრეზიდენტი „მერსედესისა“ და კონდიციონერების გარეშე

სანკარამ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა,  მედიასაშუალებებზე კონტროლი აიღო და ვინც მის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა, მაგრამ ღარიბებში და განსაკუთრებით ქალთა შორის მაინც პოპულარული იყო. პრეზიდენტმა თანამდებობის პირები აიძულა მხოლოდ ადგილობრივი წარემოების სამოსი ეტარებინათ და მიიღო კანონი, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი შემოსავლების გასაჯაროებას ავალებდა.

პრეზიდენტმა სამთავრობო „მერსედესები“ გაყიდა და ჩინოვნიკები  ყველაზე იაფ Renault 5 -ზე გადასვა. სანკარამ უარი თქვა კაბინეტში კონდიციონერის დამონტაჟებაზე, რადგან ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის ასეთი ფუფუნება ხელმისაწვდომი არ იყო.  სანკარამ ჩინოვნიკების კაბინეტში თავისი პორტრეტების დაკიდებაც აუკრძალა..

1986 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა, რომ ბურკინა ფასოში კორუფცია დამარცხდა. სანკარას „აფრიკელი ჩე გევარა“ უწოდეს, ის კი აგრძელებდა გზების მშენებლობას, სოციალური საცხოვრებლების შექმნას და გაუნათლებლობასთან ბრძოლას. ქვეყანა მთლიანად  გათავისუფლდა ფრანგული კაპიტალის გავლენისგან, მაგრამ ეს არც პარიზს აძლევდა ხელს და არც მეზობელი აფრიკული ქვეყნების დიქტატორებს, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ბურკინა ფასოს მაგალითი გადამდები იქნებოდა და ცვლილებებს მათი ხალხიც მოითხოვდა.

„მოუსყიდველთა მიწის“ დასასრული

წარუმატებელი საგარეო პოლიტიკისა და მეზობლებთან დაპირისპირების გამო, ბურკინა ფასო იზოლაციაში აღმოჩნდა. ამან ეკონომიკური ზრდის შეჩერება გამოიწვია. 1986 წელს დაშლის პირას მყოფ სსრკ-სთან მეგობრობის დამყარების მცდელობა ჩაიშალა. ამის შემდეგ ქვეყნის შიგნით პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა. სანკარას მისი ერთგული მეგობარი ბლეზ კომპაორე დაუპირისპირდა, რომელმაც ფრანგებთან კავშირი დაამყარა და 1987 წლის 15 ოქტომბერს გადატრიალება მოახდინა.

სანკარამ იცოდა, რომ კომპაორეს მისი მოკვლა სურდა, მაგრამ მეგობართან ანგარიშსწორებაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტი თავად გავიდა მთავრობის შენობაში შეჭრილ მედესანტეებთან შესახვედრად. სამხედროებმა სანკარა და მისი ოცი უახლოესი მხარდამჭერი დახვრიტეს, გარდაცვლილთა ცხედრები დაანაწევრეს  და სხვადასხვა ადგილზე დაკრძალეს. ტომასის ცოლმა და ორმა ვაჟმა ქვეყნიდან გაქცევა შეძლო. ამბოხებულებმა დიდხანს ეძებეს პრეზიდენტის „ოქროს მთები“ და დამალული მილიონები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „მოუსყიდველთა მიწის“ ლიდერის ქონება მხოლოდ სამ გიტარას, ოთხ ველოსიპედსა და ძველისძველ ავტომობილ „პეჟოს“ შეადგენდა.

ახალი პრეზიდენტის, ბლეზ კომპაორეს პირველი გადაწყვეტილება პირადი „ბოინგის “ შეძენა გახლდათ. ქვეყანაში პოლიტპატიმრებისთვის რამდენიმე ციხე აშენდა. დაიწყო უკმაყოფილო ადამიანების სიკვდილით დასჯა, თანამდებობის პირთა ხელფასები გაორმაგდა.

საფრანგეთმა ხელისუფლების სათავეში კომპაორეს მოსვლას  „დემოკრატიზაცია“ უწოდა. 1991 წელს ბურკინა ფასოში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის მოსახლეობის 7% -მა მიიღო. ახალმა პრეზიდენტმა ხმების 100% და მსოფლიო სავალუტო ფონდის 67 მილიონიანი სესხი მიიღო. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ბლეზ კომპაორემ შეუზღუდავი ძალაუფლება მიიღო.

2014 წელს, სამხედრო გადატრიალების დროს, ბლეზ კომპაორემ თანამდებობა დატოვა. დღეს ბურკინა ფასო ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მოსახლეობის 90%  სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აწარმოებს. ქვეყნის ეკონომიკას ისევ ფრანგული კაპიტალი მართავს.

დღეს აფრიკელი ახალგაზრდებისთვის ტომას სანკარა შავი კონტინენტის ჩე გევარად იქცა. ურუგვაის ყოფილ პრეზიდენტ, ხოსე მუხიკასთან ერთად, რომელიც პრეზიდენტობის დროს მოკრძალებულად ცხოვრობდა და ხელფასის 90% ქველმოქმედებას ახმარდა, ტომას სანკარა ისტორიაში ყველაზე პატიოსანი პრეზიდენტის სახელით შევიდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close