სამართალი

მიხეილ სააკაშვილი არ არის თანახმა, მის გარეშე ჩატარდეს სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლოს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმე უნდა განეხილა. განხილვის გადადების მიზეზი სააკაშვილის წერილი გახდა, რომლის მიხედვითაც, თავისი დასწრების გარეშე, სასამართლო სხდომის გაგრძელებაზე უარს აცხადებს.

მოსამართლეს პროცესზე პასუხი უნდა გაეცა დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილთან ექსპერტების შეშვებას ითხოვენ.

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.

„2009 წლის 1-ლი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო’’ უკანონოდ მიენიჭა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close