Sliderრეგიონები

„მიწის იჯარით აღება შერჩევით – რა ხდება მარტვილში?!

„მე ვარ ყველგან, სადაც ჩემი ყოფნა საჭიროა. პრეზიდენტის მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქართული კულტურის, სპორტისა და ბიზნესის განვითარებას ქვეყნის გარეთ. მე მზად ვარ ამ პროცესებში ჩართულობისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის ჩართულობა პოპულარიზაციის პროცესს კიდევ ერთ განზომილებას მატებს, რომელიც არ არის წმინდად კომერციული. ამ მხრივ ჩემი კონტაქტების გამოყენება არის არა მხოლოდ ჩემი უფლება, არამედ ჩემი მოვალეობა. ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა, წარმოვადგინო ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ნაწილები. გეთანხმებით, რომ მაღალი დონის სამთავრობო ორგანოების მხარდაჭერა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მივმართავ ქართულ ბიზნესს – სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Forbes-სთან ინეტრვიუში, მას შემდეგ, რაც მონაკოში, კომპანია ასკანელის მიერ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

„ჩვენი მიზანია, ბიზნესის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის გაფართოების გზით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა, ცხოვრების დონის ამაღლებას. ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს საერთო ევროპულ ოჯახთან“, – ამ სიტყვების ავტორი საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციისას განაცხადა: „ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი სამუშაო ადგილები, პირველ რიგში, რეგიონებში შეიქმნას“.

ეს არის კარგად დალაგებული ტექსტები. როგორია რეალობა და რა ხდება სინამდვილეში?

მხოლოდ ერთი მაგალითი:

„უკანონოს არაფერს ვითხოვ. ან რას ვითხოვ ასეთს? მიწა, რომელიც 20 წელზე მეტია არავის დაუმუშავებია, მინდა გავწმინდო და დავამუშავო. მიწაზე, რომელიც ეკალ-ბარდებითაა სავსე, მინდა მოსავალი მოვიყვანო და ეს მიწა მაჩუქეთ-მეთქი ხომ არ ვამბობ, ან ვიყიდითქო, იჯარით მინდა ავიღო და არც ერთი ინსტანცია, რომელსაც კი მივმართე ხელს არ მიწყობს. ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, ხელისუფლების არაფერი მინდა. 3 ჰექტარ მიწაზეა საუბარი, არც 13-ზე, არც 30 და არც 300-ზე, მხოლოდ 3 ჰექტარზე. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ერთ თვეზე მეტი იფიქრა და ერთ დოკუმენტს ვერ მოაწერა ხელი. 26-ჯერ დავრეკე ერთი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე, არ მიპასუხეს. მთავრობის ადმინისტრაციაში დავრეკე და მისამართი შეგეშალათ, ჩვენ არა გვაქვს რეგიონის ხელმძღვანელობასთან კონტაქტიო. როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?“

 არჩილ გეგეჭკორი 32 წლისაა. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო სამსახურში მუშაობას თავი დაანება და თბილისიდან სოფელში, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში გადავიდა, სადაც მამაპაპისეული კარმიდამო და მიწის ნაკვეთი აქვს. ორ წელზე მეტი მოანდომა არჩილმა ლურჯი მოცვის მოყვანის წესის სწავლას. მოიარა სრულიად საქართველო, სადაც კი პლანტაცია ეგულებოდა, ყველა კარი გააღო, გაიცნო და დაუმეგობრდა იმ ადამიანებს, ვისაც მოცვის მოყვანის დიდი პრაქტიკა გააჩნიათ და გადაწყვიტა, რომ მამაპაპისეული მიწის გარდა, დამატებით იჯარით აეღო მიწის ნაკვეთი. მან 2020 წლის 15 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს,  მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 41.09.38.554) იჯარის წესით გაცემასთან დაკავშირებით ელექტრონული აუქციონის მოსაწყობად. ის ვალდებულებას იღებდა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე გააშენებდა  ლურჯი მოცვის პლანტაციას.

“ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაახლოებით არის 3,1 ჰექტარი (მდებარეობს ჩემი ფაქტიური და იურიდული მისამართიდან დაახლოებით 500 მეტრში), რომელზეც 20 წელზე მეტია წინამდებარე კულტურა –  ჩაი არ დაკრეფილა. ამჟამად მთლიან ფართობზე ეკალ-ბარდებია. აღნიშნული ფართობის სახნავ-სათეს მდგომარეობამდე მიყვანას, დამუშავებას და შემოკავებას დაახლოებით 20-25 ათასი ლარი სჭირდება. ჩემი და თანადამფინანსებლის სახსრებით ვაპირებ საჭირო სამუშაოების ჩატარებას. ამასთანავე, ფართობამდე მისაყვანია გზა, ტექნიკის შესაყვანად და არსებული სამუშაოების ჩასატარებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით თანადგომა უკვე გამომიცხადა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა.  ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების მთლიანი ხარჯი 3 ჰექტარ მიწაზე დაახლოებით 150-160ათასი ლარია. პარალელურად, გავეცანი სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის ,,დანერგე მომავალის’’ პირობებს, რომელმაც საბოლოო ჯამში გადამაწყვეტინა აღნიშნული პლანტაციის გაშენება. პროექტი ითვალისწინებს ჰექტარზე მაქსიმუმ 15000 ლარს, რაც ამჟამად უკვე შეჩერებულია, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საქმის გაჭიანურებისა და გულგრილობის გამო. მოგეხენებათ, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი ამ ფართობზე ლურჯი მოცვის პლანტაციის გასაშენებლად, ამიტომ ვიპოვე ინვესტორი, ასევე  ,,დანერგე მომავლის’’ პროექტის დახმარებით შეგვიძლია ამ ფართობზე ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება“ – განაცხადა 20 წლის დაუმუშავებელი ნაკვეთი„პროგრესნიუსთან“ საუბრისას არჩილ გეგეჭკორმა.

მოკლედ, გეგეჭკორმა მიმართა შესაბამის სამსახურებს. აღნიშნული მიწის ფართობის საქმისწარმოება დაიწყო 2020 წლის 19 ოქტომბერს, რომლის გადაწყვეტილების გაგრძელების შესახებ წერილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან 12 ნოემბერს მიიღო: „სააგენტომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, საქმისთვის არსებითი ყველა გარემოებათა გამოკვლევისთვის, რომელიც ითვალისწინებს ვადის გაგრძელებას, არაუმეტეს 3 თვისა“.

“2021 წლის 15 იანვარს მობილურ ტელეფონზე მივიღე შეტყობინება საქმის წარმოების დასრულების შესახებ, მაგრამ ელფოსტაზე, იმავე დღით დათარიღებულ წერილში ეწერა რომ გრძელდებოდა ამ ფართობზე საქმისწარმოება. მესმის რომ 3 ჰექტარ მიწაზე ელექტრონული აუქციონის მოწყობა მარტივი პროცედურა არ არის, მაგრამ კანონით გათვალისწინებული 1 თვის გასვლის შემდეგ, რადგან სააგენტომ მოითხოვა ვადის გაგრძელება (რომლის უფლება კანონით ჰქონდა), კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე აღნიშნულ ფართობზე არავინ მოსულა და არავის ჩაუტარებია რაიმე გამოკვლევა. იმის თქმა მინდა, რომ ეს პროცედურა ვადის გაგრძელების შესახებ ფორმალურ ხასიათს შეიცავდა. მესმის, რა თქმა უნდა,  ყველაზე მთავარი და ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა, მაგრამ ჩემი აზრით აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა შეიძლებოდა ამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში, რადგან იჯარის წესით გადაცემასთან დაკავშირებით ყოფილა მიღებული არაერთი გადაწყვეტილბა ჩვენს რეგიონში პანდემიის პირობებში.  სააგენტომ უბრალოდ არაფერი გააკეთა ჩემი განცხადების განსახილველად. ამასთანავე დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსი და 15 იანვრის წერილში (მობილურზე და ელფოსტაზე)  ისეთი ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მომწერეს, რომ საერთოდ გაურკვეველია ვადა, თუ როდის აპირებენ ამ მიწის ფართობზე საკითხის გადაწყვეტას“ – აცხადებს არჩილ გეგეჭკორი, რომელმაც საქმის გაჭიანურების შესახებ განცხადებით ნათია თურნავას მიმართა.

“ქალბატონო ნათელა, მე მჯერა, რომ თქვენ და თქვენი სამინისტრო დაინტერესდება აღნიშნული საკითხით, რადგან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე ამ საკითხთან დაკავშირებით. ოპერატორების გარდა, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არავისთან გვაქვს წვდომა, რომ გავაკრვიო საკითხი. ოპერატორები კი მეუბნებიან რომ დაველოდო, მაგრამ არ იციან როდემდე. გასულ წელს ვეცნობოდი ლურჯი მოცვის ფასებს, ამერიკიდან ჯიშების საქართველოში შემოტანიდან, დღემდე. სწორედ ფასების ზრდის დინამიკამ (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ),  პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე მკვეთრმა ზრდამ, გადამაწყვეტინა პლანტაციის გაშენება, მაგრამ, გამოდის, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის სამსახური აფერხებს საკითხის გადაწყვეტას, გაურკვეველი მიეზეზების გამო. მსგავსი გულგრილი დამოკიდებულება ბენეფიციარისადმი, აფერხებს ბიზნესის განვითარებას რეგიონში, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე, ლურჯი მოცვის მოსაყვანად შესაბამის მჟავე ნიადაგზე სრულ მსხმოიარობისას დაახლოებით, 25-30 ტონა ლურჯი მოცვის მოსავალი იკრიფება სეზონზე, ამას ემატება ისიც, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივები დასაქმდებიან ამ პლანტაციაში“ – წერდა თავის განცხადებაში არჩილ გეგეჭკორი.

თურნავამ განცხადების ავტორს წერილი გამოუგზავნა და როგორც ჩანს, შესაბამის სამსახურებსაც შეატყობინა. მივიდნენ გეგეჭკორებთან, შეამოწმეს მიწის ფართობი და ამით დასრულდა „სიმღერა“.

„პროგრესნიუსი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარეს. გიორგი ბურჯანაძის თქმით:

_ გეგეჭკორი მარტო არ არის, ძალიან ბევრი მირეკავს ამ თემაზე და მეც,  დაახლოებით, იგივე პრობლემის წინაშე ვარ. ორი თვის წინ გავაკეთე განაცხადი წითელი ხიდის მომიჯნავე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შესყიდვის შესახებ. მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტრო თავად იყო ინიციატორი, რომ ხალხო, ჩვენ მიწებს გადმოგცემთ, დაამუშავეთ და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გრანტებს მოგცემთ და ა.შ. არანაირი გრანტები ხალხო, არაფერი არ კეთდება. სინამდვილეში, ეკონომიკის სამინისტრო მონიტორინგს ატარებს და ბაზას ქმნის, რომელ რაიონშია მოთხოვნა, სად შეიძლება მიწების გაყიდვა, სად არ შეიძლება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა უნდათ თუ სახნავ-სათესი და ა.შ. სტატისტიკურ კვლევას აწარემოებს ნაცვლად იმისა, რომ რაც თქვა, ის გააკეთოს.
_რატომ, მიზანი რა არის?
_ჩემი ინფორმაციით, შეიძლება ახლო მომავალში მოხდეს ამ მიწების გაძვირება მეტი სარგებელის მიღების მიზნით.  ამიტომ ვფიქრობ, ეკონომიკის სამინისტროს განაცხადი – მოდით და იყიდეთ, იყო სიტუაციაზე დაკვირვებისთვის გაკეთებული. ყველაზე მთავარი და საინტერესოა ის, რომ ადამიანები განაცხადს ავსებენ და ყველა არის დაპაუზებული. 100%-დან 95% გაჩერებულია. წერილი მისდის ბენეფიციარს, სადაც ეუბნებიან, რომ განხილვა რაღაც პერიოდით გადაიდო. არ გეუბნებიან, რომ ხარევეზია და იმიტომ გადავდე, არა, უბრალოდ გადაიდო.
_95% ნიშნავს, რომ ვიღაც მაინც ახერხებს შესყიდვას.
_ ეს 5%  სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები და მათთან დაახლოებული პირები არიან. იმათ უკეთებენ, მაგრამ რიგით მოქალაქეებს არა. ეს არის დროში გაწელილი და ფაქტობრივად, განუხორციელებელი  პროექტები, რომლებიც ეკონომიკის მინისტრმა გაახმოვანა და ხალხს ვითომ სტიმული მისცა. სინამდვილეში, რომ არაფერი კეთდება. სრულიად მესმის იმ ადამიანის, რომელიც ახლა ცდილობს, რომ მოცვის წარმოება განავითაროს, ქვეყანასაც არგოს და საკუთარ ოჯახსაც, მაგრამ არაფერი გამოსდის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს გრანტს, გრანტი რომ მიიღოს ბენეფიციარმა ან ვიღაცის ახლობელი უნდა იყოს ან ვიღაცა უნდა ნახოს და 28%-იან „წილში ჩაისვას“. სხვანაირად არაფერი გამოდის. არადა, არის შემთხვევები, როცა ხალხმა სასოფლო სამეურნეო კუთხით გრანტები მილიონები აიღო და ის ფული სხვადასხვა მიმართულებებით დახარჯა. ანუ ასეთი კორუმპირებული სისტემით ხდება თანხების მითვისება და კონტროლსაც არავინ ახორციელებს. გახსოვთ ალბათ, ჟურნალისტები რეჟისორ გოგა ხაინდრავას რომ მიადგნენ, რომელმაც სასოფლო სამეურნეო კუთხით გრანტები მიიღო და ფერმა უნდა აეშენებინა. სინამდვილეში, ჟურნალისტებს ფერმაში დახვდათ ერთი კაცი ორ ძროხასთან ერთად. გამოდის, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის ყველაფერია, სხვებისთვის კი არაფერი.  დიახ, ეკონომიკის სამინისტროს განცხადების მიუხედავად, დღეს სახელმწიფო ამ მიწების გაყიდვისთვის მზად არაა და ეს ყველაფერი ძალიან წააგავს აფიორას.
_ თუ საქართველოს მოქალაქეებს ასეთი დაბრკოლებები ექმნებათ, როგორ ახერხებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიწის მრავალწლიანი იჯარით აღებას?
_ იმ უცხო ქვეყნისმოქალაქეებს ზურგს უკან ისეთი ძალები და იმდენი ფული უდგას, რომ დაბრკოლებებს არ უქმნიან და უცებ უგვარებენ, მაგრამ რიგითი მოქალაქეების ინტერესები პრიორიტეტული არაა.
მოცვის გაშენების მსურველს მინდა ვურჩიო,რომ ცოტა ხანი კიდევ დაელოდის, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, ამ პროცესის ლოგიკური დასასრული დადგება.უნდა დადგეს..

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close