სამართალი

მთავრობის 200 ლარიანი დახმარების მითვისების ფაქტზე სუს-მა “ენმ”-ს ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამი პირი დააკავეს, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე – 34 წლის თამაზ შოშიტაშვილია.

სავარაუდოდ, საქმე კორუფციულ თემას ეხება. არსებული ინფორმაციით, შოშიტაშვილმა შპს დააფუძნა, სადაც ფიქტიურად აფორმებდა ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოსგან 200 ლარიან დახმარებას იღებდნენ.

ბრალდებულს თანხის ნაწილის აღებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის, ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდ. მეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას. აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10 200 ლარს.

ამასთან, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200 ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. „ატკატის“ სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს. დადგენილია, რომ აღნიშნული პირები რეალურად არ იყვნენ დასაქმებული ინდ. მეწარმესთან და შესაბამისად არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ დასახმარებელ პირთა წრეს.

გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი და მათ მიმართ ტარდება სათანადო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close