პოლიტიკა

მთავარი გზავნილი ჟენევიდან – ბირთვული ომი არასდროს უნდა მოხდეს

შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები ჟენევაში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ დედაქალაქებიდან გამოძახებულ ელჩებს სამუშაო ადგილებზე დააბრუნებენ. ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ასევე აცხადებენ მზადყოფნას, განახლდეს მოლაპარაკებები განიარაღების საკითხებზე.

“შეერთებულ შტატებს და რუსეთს დაძაბულობის დროსაც შეუძლიათ პროგრესის მიღწევა საერთო მიზნებისთვის, შეიარაღებული კონფლიქტების რისკისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებისთვის,” – ასეთი შინაარსის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ჟენევაში შეხვედრის შემდეგ.

ბაიდენი და პუტინი მიიჩნევენ, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი სტრატეგიული სტაბილურობის ორმხრივ დიალოგს დაიწყებენ.

უმაღლესი დონის შეხვედრა ერთობლივი სადილით არ დასრულებულა. საუბარს არც ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან არ მოჰყოლია ვაშინგტონში ან რუსეთში მიწვევა.

ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათი გრძელდებოდა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პუტინმა შეხვედრის შემდეგ ბაიდენს კონსტრუქციული, გამოცდილი პარტნიორი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მათ შორის მეგობრული არა, მაგრამ “პრაგმატული” დიალოგი გაიმართა. “ძნელი სათქმელია”, რამდენად გაუმჯობესდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, თქვა პუტინმა, თუმცა “იმედის ნაპერწკალი” არსებობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close