საზოგადოება

მეც, უსაყვარლეს პაპასაც და ფარმაცევტსაც ღაპაღუპით მოგვდიოდა ცრემლი – რა მოხდა გორის აფთიაქში?

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, მაია ბოლაშვილი სოციალურ ქსელში გორის ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარი შემთხვევის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„წეღან აფთიაქში შევედი. ჩემს წინ ჯოხზე დაყრდნობილი, წელში მოხრილი და ძალიან ცუდად ჩაცმული მოხუცებული იდგა. ჩემს უკან ტატუებაჭრელებული, გრძელ, ხვეულთმიანი, ყურში გარჭობილ-ყურსასმენიანი ბიჭი.

რატომღაც და არ ვიცი, რატომ, მისმა შემხედვარემ ჩემთვის გავიფიქრე:

რა ინდიფერენტული გამოხედვა აქვს-მეთქი და კიდევ უფრო უარესიც, ფიქრს ფიქრი მივაყოლე:

დღევანდელი ახალი თაობის ტიპიური წარმომადგენელია-მეთქი.

მოხუცებულს რიგმა მოუწია და აკანკალებული ხელით ფარმაცევტს ბლომად წამლებგამოწერილი, ვრცელი რეცეპტი მიაწოდა, რომელმაც 204 ლარისააო მიუგო და მოხუცს მოთმინებით მიაშტერდა.

“არა,პაპა”, – ძალიან ტკბილად უთხრა მოხუცმა, “მაგდენს ვერ გადავიხდი, მანდედან ისეთები აარჩიე , ასე, 63 ლარი რასაც ეყოფა”.

სირცხვილისგან და დახმარების სურვილისგან ერთდროულად გავწითლდი და ამ დროს ზურგს უკან, იმ ” ინდიფერენტული” ბიჭის ხმა მესმის:

“ქალბატონო, ყველაფერი მიეცით, რაც უწერია, რაა, ანგარიშზე მაქვს და ბარათით გადავუხდი”

მეც, უსაყვარლეს პაპასაც და ფარმაცევტსაც, ერთდროულად, ღაპაღუპით მოგვდიოდა სიხარულის და სიამაყის ცრემლი.

ქართველია ის “ინდიფერენტული” ბიჭი და ამ ცრემლისთვის მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მისი.

ეს ჩემი სამშობლოა, ჩემი სათაყვანებელი და ერთადერთი საფიცარი, სამსალასავით მწარე, თუმცა დედაზე ათასჯერ ტკბილი“ – წერს მაია ბოლაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close